Accessibility links

TBC ბანკი - მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში წავა?


მამუკა ხაზარაძე სახელმწიფო უწყებების მხრიდან ზეწოლასა და „TBC ბანკის“ ხელში ჩაგდების მცდელობას ადასტურებს წერილში, რომელიც ბანკის ათასობით თანამშრომელმა მისი სახელით მიიღო. ხოლო წერილის შინაარსი ადასტურებს იმ ვარაუდებს, რომლებიც „TBC ბანკთან“ დაკავშირებულ პროცესებში გამოვლინდა. პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების ნაწილი მოელის, რომ კიდევ ერთი „გაბრაზებული ბიზნესმენი“ მოვა პოლიტიკაში.

მამუკა ხაზარაძის ბრძოლა

წერილში, რომელიც „TBC ბანკის“ 7 000-მდე თანამშრომელმა მამუკა ხაზარაძის სახელით მიიღო, შექმნილი სიტუაცია შეფასებულია როგორც სახელმწიფო უწყებების მხრიდან „უპრეცედენტო შემოტევებისა და წნეხის ქვეშ“ ყოფნა. ტექსტში წერია:

  • „ეს არის ორკესტრირებული თავდასხმა, რომლის მიზანია, რომ მე და ბადრი (ჯაფარიძე) ჩამოგვაშორონ ჩვენს საკუთარ საქმეს“;
  • „(მიზანია, რომ) ჩვენ და ბანკს დაგვაბრალონ ყველაზე საშინელი დანაშაული, ფულის გათეთრება და შემდეგ დაეპატრონონ ბანკს“;
  • „ამას ვერ დავუშვებთ!“;
  • „ბრძოლა არ იქნება ხანმოკლე - სჭირდება გამძლეობა და სიმამაცე“;
  • „დღეს, როგორც არასდროს, ერთად დგომა არის გადარჩენის ერთადერთი შანსი“.

მამუკა ხაზარაძის მიერ თანამშრომლებისთვის გაგზავნილი ელექტრონული წერილის შესახებ ინფორმაცია 19 თებერვალს, თავდაპირველად „რუსთავი 2“-მა გაავრცელა.

წერილის მიღების ფაქტი ბანკის თანამშრომლებმა რადიო თავისუფლებასაც დაუდასტურეს.

ელექტრონულ წერილში ასახული მწვავე შეფასებები 18 თებერვლის პრესკონფერენციაზე საჯაროდ არ გაუხმაურებიათ მამუკა ხაზარაძესა და მის პარტნიორს, ბადრი ჯაფარიძეს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ამ ეტაპზე მათგან მეტის მოსმენის საჭიროებას ვერ ხედავს.

„ჯერჯერობით კითხვა-პასუხის რეჟიმი მიმდინარეობს ბანკის წარმომადგენლებსა და საგამოძიებო სტრუქტურებს შორის... როდესაც ეს პროცესი დასრულდება, თუ დარჩება ობიექტური კითხვები, რომლებიც უნდა დასვას პარლამენტმა, ამაზე ჩვენ შემდგომ გვექნება მსჯელობა" - ამ სიტყვებით გამოეხმაურა არჩილ თალაკვაძე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მხრიდან გამოხატულ მზაობას პარლამენტის კომიტეტში მისვლასთან დაკავშირებით.

„თიბისის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პარლამენტში მოწვევის ინიციატივა „ევროპულ საქართველოს“ ეკუთვნოდა.

"თავად დამფუძნებლებმაც დაადასტურეს ოფიციალურ ბრიფინგზე, რომ საფინანსო ინსტიტუტსა და მის საქმიანობას სახელმწიფოს მხრიდან აქვს ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა", - ეს განცხადებაც არჩილ თალაკვაძეს ეკუთვნის.

პირდაპირი ბრალდებები არ იყო, მაგრამ განცხადებები, რომლებიც მამუკა ხაზარაძემ 18 თებერვლის პრესკონფერენციაზე გააკეთა, საკმაოდ მწვავე აქცენტებს მოიცავს:

  • ბრალდებები აბსოლუტურად უსაფუძვლოა;
  • ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულმა დაუსაბუთებელმა ბრალდებებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ანაკლიის პორტის დაფინანსებას;
  • ნაჩქარევმა განცხადებებმა შექმნა ინვესტორების დაფრთხობის რეალური საფრთხე;
  • ერთი მხრივ, ხელისუფლება მხარს უჭერს ანაკლიის პორტს, ხოლო მეორე მხრივ სახელმწიფო სტრუქტურა დაუსაბუთებელ ბრალდებებს ახმაურებს.

ხელისუფლების წარმომადგენლები თავიანთ განცხადებებში ურჩევენ ყველას, რომ ერთმანეთთან ნუ გააიგივებენ, ერთი მხრივ, მამუკა ხაზარაძესა და "TBC ბანკს", ხოლო, მეორე მხრივ, "TBC ბანკსა" და ანაკლიის პორტს.

​მრავალი შეკითხვა ხელისუფლებას

ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ამჟამად ძირითადი შეკითხვები არა „TBC ბანკის“, არამედ ხელისუფლების მისამართით არსებობს, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.

მისთვის საყურადღებოა ის ფაქტი, რომ „TBC ბანკისთვის“ 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის გახსენებას წინ უსწრებდა ბიძინა ივანიშვილის მწვავე კრიტიკა სწორედ მამუკა ხაზარაძის მისამართით.

  • „გვჭირდება იმის განმარტება, თუ რატომ დაინტერესდა ხელისუფლება 11 წლის წინანდელი საქმით სწორედ ახლა? მთავარი შეკითხვა არის ეს";
  • „ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების მიზანი სულაც არ არის კანონდარღვევის რეალური გამოვლენა „TBC ბანკთან“ მიმართებით“;
  • „ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას სულ სხვა მიზანი ამოძრავებს“.

ბოლო დღეებში ხელისუფლების მისამართით არაერთი მწვავე შეკითხვა დასვეს და მწვავე შეფასებები გააკეთეს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა. პროცესი 19 თებერვალს, პარლამენტის სხდომაზეც გაგრძელდა.

პოლიტიკაში ჩართვის მოლოდინი

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ვახტანგ ძაბირაძე თითქმის დარწმუნებულია, რომ მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში ჩართვას გადაწყვეტს.

„ხელისუფლებაზე გაბრაზებული ბიზნესმენები პოლიტიკაში მიდიან და ეს არაერთხელ მოხდა საქართველოში - იგივე თავად ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაშიც“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ვახტანგ ძაბირაძე.

მისი აზრით, ხაზარაძეს ორი ლოგიკური გზა აქვს:

  • ის ჩამოაყალიბებს ახალ პოლიტიკურ ძალას და გახდება ლიდერი;
  • ის პოლიტიკური ძალის პარტნიორი გახდება და ფინანსურ მხარდაჭერას აღმოუჩენს.

ვახტანგ ძაბირაძის თქმით, სწორი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, მამუკა ხაზარაძეს შეუძლია ჰქონდეს წარმატებული პოლიტიკური მომავალი.

„თუკი ხაზარაძე პოლიტიკაში ჩართვას გადაწყვეტს, ეს დიდი საჩუქარი იქნება ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრისთვის და დიდი თავსატეხი - ბიძინა ივანიშვილისთვის“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია. მისი თქმით:

  • პოლიტიკაში ისეთი ადამიანის გამოჩენა, რომელსაც ვერ აკონტროლებს, დიდი გამოწვევა იქნება ბიძინა ივანიშვილისთვის;
  • მით უფრო, თუ ეს დამოუკიდებელი მოთამაშე ფინანსურად უზრუნველყოფილია;
  • ოპოზიციურ სპექტრს კი გამოუჩნდება ფიგურა, რომლის გარშემო ან რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იქნება გაერთიანება.

კორნელი კაკაჩიას თქმით, მამუკა ხაზარაძეს აქვს სოციალური კაპიტალი, რაც პოლიტიკაში მის წარმატებას შეუწყობს ხელს. თუმცა ეს არ გამოვა, თუკი ხალხმა არ დაიჯერა, რომ ხაზარაძე ამ საქმეში მართალია და თან ის იდევნება ხელისუფლების მიერ.

„ხალხის დაჯერება შეუძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუკი მამუკა ხაზარაძე პრობლემებზე ხმამაღლა არ ილაპარაკებს... თუმცა სხვა საკითხია, საბოლოოდ როგორ ჩამოყალიბდება საზოგადოების აზრი“,- ამბობს კორნელი კაკაჩია.

მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ აქტიურობას „ქართული ოცნების“ რიგებშიც მოელიან. როგორც დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, თუკი მამუკა ხაზარაძე პოლიტიკურ აქტიურობას გადაწყვეტს, მას აქვს საშუალება, რომ „საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალა" შექმნას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG