Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესეც ასე - TBILISI OPEN AIR 2013


"ესეც ასე" - ზუსტად ეს პოსტი დამხვდა ალტერვიზიის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე, როცა ღამის 3 საათზე დინამო არენიდან სახლში დავბრუნდი და პირველი, რაც გავაკეთე, რა თქმა უნდა, ფეისბუკი ჩავრთე და დავინტერესდი, როგორ აფასებდნენ 2013 წლის „თბილისი ოფენ ეარს“. ჰო, მართლა "ესეც ასე" - დამთავრდა ალტერვიჟენი და ახლა აღარავინ ამბობს, რა დროს ამათი ჩამოყვანაა ან აუ, ესენი ვინ გამოგყავთ სცენაზეო. უკვე ყველა პოსტი წარსულ დროში იწერებოდა და მარტო ერთ გვერდზე შეგეძლოთ ასობით განსხვავებული აზრი მოგესმინათ ფესტივალის შესახებ. ჰოდა, თუ არ დაიზარებთ, ახლა კიდევ ერთ აზრს მოისმენთ, ვინაიდან დღევანდელი ახალგაზრდული პროგრამა ზუსტად რამდენიმე დღის წინ თბილისში ჩატარებულ ფესტივალს შეეხება.

მართალია, ორგანიზატორები ამბობდნენ კონცერტის დაწყებას არ დავაგვიანებთო, მაგრამ მაინც დაიგვიანეს. არა ხუთი წუთით ან თუნდაც თხუთმეტით, თითქმის მთელი ორი საათით, რამაც დინამოზე მისულ მსმენელში უკმაყოფილება გამოიწვია. სიმართლე გითხრათ, ეს არც გამკვირვებია, ამიტომ დაგვიანებას დიდად არ გავუბრაზებივარ. უფრო მეტად იმან გამაბრაზა, რაც დაგვიანებამ გამოიწვია, თუმცა ამას კიდევ დავუბრუნდები.

ასე იყო თუ ისე, ფესტივალი გაიხსნა. პირველი სცენაზე ქართული ჯგუფი KID JESUS-ი გამოვიდა. სხვათა შორის, ნორმალური ჯგუფია და ფესტივალის ორგანიზატორების გადაწყვეტილებაც, რომ „ოფენ ეარი“ ქართულ ჯგუფს გაეხსნა, სწორად მეჩვენება. ვერ წარმომიდგენია სხვაგან სად მოახერხებდა ჯგუფი ამდენი ადამიანისთვის დაეკრა და ამდენი პოტენციური მსმენელისთვის მოეწონებინა თავი. თუმცა მსმენელმა თავი დიდად არ შეიწუხა და ადგილობრივი ჯგუფისთვის ყურადღება დიდად არ მიუქცევია. მთავარი ცოტა ხანში დაიწყო, როცა სცენაზე პირველი სტუმრები, THE BLACK STROBE, გამოჩნდნენ. ჯგუფი მეტ-ნაკლებად ცნობილი იყო ყველასთვის, ვისაც ერთხელ მაინც უნახავს გაი რიჩის ფილმი „როკენროლა“, რომლის ერთ-ერთ საუნდტრეკსაც, Im A Man-ს, სწორედ ეს ჯგუფი ასრულებს.



ამ სიმღერაზე შეკრებილი მსმენელი პირველად გააქტიურდა, მანამ ცოტა თავშეკავებით ასდევდნენ პარიზულ ელექტროქლეშს. საერთოდ, ამ ჯგუფის მუსიკაში ბევრი რამ ირევა - ბრიტანული გარაჟიდან დაწყებული, ტექნორითმებით დამთავრებული. ეს ყველაფერი მე დიდად არ მიზიდავს, მაგრამ სტადიონის გახურება თავიდან სწორედ ამ ჯგუფმა მოახერხა, განსაკუთრებით კი მათმა ყველასთვის კარგად ნაცნობმა სიმღერამ.

სხვათა შორის, კონცერტზე ერთი ბიჭი შევნიშნე, მაისური ეცვა, წარწერით:"I'm A Man - So Be My Rock'n'Roll Queen". ამ წარწერაში კი ბლექ სთროუბისა და მისი შემდეგი გამომსვლელის, საბვეიზის, ყველაზე ცნობილი სიმღერის სათაურებს აერთიანებდა. ალბათ, მან ძალიანაც ისიამოვნა კონცერტის პირველი ნაწილით. ეს ბიჭი არც კონცერტის ორგაზატორებს გამორჩენიათ და ოფიციალურ ფეისბუკზეც წერდნენ, ზუსტად ასეთი ბიჭებისთვის იყო ჩვენი ლაივიო. ჰო, ალბათ, ზუსტად მათთვის იყო.

"სთროუბის" შემდეგ სცენაზე "საბვეიზი" გამოვიდა, რომელმაც ნამდვილად მოახერხა ხალხის აყოლიება. ეს ჯგუფიც ბევრს ახსოვდა გაი რიჩის ფილმიდან. ნუ, ისეც ბევრს ექნებოდა მოსმენილი, თანაც ჯგუფის წევრები განსაკუთრებით ცდილობდნენ პუბლიკის აყოლიებას და ყოველი სიმღერის შემდეგ მოუწოდებდნენ ყველას ჭკუიდან გადასვლისკენ. საბოლოოდ ეს მოახერხეს კიდეც, თუმცა ყველაფერი არც ისე კარგად დაიწყო. საუნდის პირდაღებული პუბლიკა ქართულ ფესტივალებზე და ინსტრუმენტების გაუმართაობა - ეს რამდენჯერმე ჯგუფის ვოკალისტმაც აღნიშნა.

თუმცა ჯგუფმა თავისას მაინც მიაღწია. პუბლიკა განსაკუთრებით მაშინ აიყოლია, როცა სცენაზე ქართულად ლაპარაკი დაიწყო და ბოლოს თავისი ყველაზე ცნობილი სიმღერა ქართულ ენაზეც შეასრულა.

ლაივზე "საბვეიზმა" ერთი კარგი სიმღერა დაუკრა. ბილი ლანმა, ჯგუფის ვოკალისტმა, თქვა, რომ ეს სიმღერა დაწერა მეგობარზე, რომელსაც არასდროს ჰქონდა ფული, მაგრამ მაინც კარგ დროს ატარებდა.



ჰო, იქ, ადგილზე, სიმღერას ბევრი დაეთანხმა და ჯგუფსაც აჰყვა, თუმცა არა მგონია იგივე პოზიცია გაეზიარებინათ ადამიანებს, რომლებსაც მხოლოდ 40-ლარიანი ბილეთები შეხვდათ, ან მეტის შეძენა ვერ შეძლეს. უმეტესობა, ვინც 40-ლარიან სექტორში იჯდა, ამბობდა, რომ ხმა კარგად არ ისმოდა. ამასვე წერდა თავის ბლოგზე თაკო კერატიშვილი, რომელმაც „ოფენ ეარს“ პოსტი მიუძღვნა, სხვათა შორის, საინტერესო პოსტი. კარგი პოსტები იყო ასევე "ქილიფას ბლოგზე" და http://whatiseejustnow.wordpress.com-ზე.

კეთილი, მთავარს დავუბრუნდეთ. ამის შემდეგ დინამო არენაზე სრული სიგიჟე ხდებოდა. სცენაზე "დიპ პერპლი" გამოვიდა, რომლის მოსასმენადაც ყველაზე მეტი ადამიანი მოვიდა და ჯგუფმაც მათ იმედი ნამდვილად არ გაუცრუა. "დიპ პერპლი" დიდად არ მომწონს, არც ადრე მომწონდა და, ალბათ, არც მომავალში მომეწონება, თუმცა რამდენიმეწუთიანი გიტარის სოლოების მოსმენა ხალხს აშკარად სიამოვნებდა, მე ცოტა შემრცხვა კიდეც, საერთო აღფრთოვანებას რომ ვერ ვიზიარებდი და ცოტა ხნით დასასვენებლად გვერდით გავედი და ტრიბუნებზე ველოდი გამოსვლის დასრულებას.

"დიპ პერპლის" გამოსვლის დასრულების შემდეგ დინამო არენაზე ხალხის რაოდენობამ შემცირება დაიწყო. არენაზე მხოლოდ ისინი დარჩნენ, ვინც "ინფექთიდ მაშრუმის", თრიქის ან "მოუდსელეკტორის" მოსასმენად მივიდა ან კიდევ ისინი, ვისაც ალკოჰოლი საკმაოდ ჰქონდა მიღებული და "მაშრუმის" ენერგიულ მუსიკას მარტივად აჰყვა. მე კი ამ ჯგუფის გამოსვლას ნამდვილად არ გამოვტოვებდი და სწორედ მათ გამოსვლაზე პირველად შემეძლო დაბეჯითებით მეთქვა, რომ თბილისში ტარდებოდა კარგი მუსიკალური ფესტივალი. განსაკუთრებით მესიამოვნა ფუ ფაითერსის ქავერი, რომელიც ჯგუფმა თავიდანვე შეასრულა და ამ ტრეკის შემდეგ კი მსმენელის აყოლიება ნამდვილად არ გასჭირვებიათ.



მათ შემდეგ კი მოხდა ის, რისი გახსენებაც საერთოდ აღარ მინდა. არა, მთლად ასე დრამატულადაც არ ყოფილა საქმე, მაგრამ ფაქტია, რომ სტადიონი ნელ-ნელა განახევრდა, ცოტა ხანში კი ალტერვიჟენზე შეკრებილი ადამიანების რიცხვი ისე შემცირდა, ყველა ერთ სექტორში დაეტეოდა. ამიტომაც ყველა სცენისკენ დაიძრა, სადაც თრიქი უნდა გამოსულიყო. ვერ გეტყვით, პირველად ვინ გაავრცელა ეს ხმა, მაგრამ იმ დღეს სტადიონზე ყველა, ვინც მხვდებოდა, მეუბნებოდა, თრიქი ძალიან ცუდ ხასიათზეა დილიდანო. არადა, ყველა ჩემმა მეგობარმა იცოდა, რომ „ოფენ ეარზე“ ზუსტად თრიქის მოსასმენად მივედი და, საერთოდ, შარშან სტამბოლში ვაპირებდი თრიქის კონცერტზე წასვლას. თბილისში კი, რა თქმა უნდა, არც ერთ შემთხვევაში არ გამოვტოვებდი ტრიპ ჰოპ მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკოსის გამოსვლას, როგორ ხასიათზეც არ უნდა ყოფილიყო ის.

არადა, ლაივს ძალიანაც ეტყობოდა, რომ თრიქიმ ცუდ ხასიათზე გაიღვიძა, მარტო ერთ ტრეკს, ACE OF SPADE-ს, თითქმის 20 წუთის განმავლობაში უკრავდა, თან ხალხს მოუწოდებდა სცენაზე ასულიყვნენ.



თუმცა ლაივზე ისე ცოტა ადამიანი იყო დარჩენილი, რომ მას შემდეგ, რაც ხალხის ნაწილი თრიქის მოწოდებას აჰყვა და სცენაზე ავიდა, სცენის წინ შეკრებილები თითქმის განახევრდნენ. ისედაც ცუდ ხასიათზე გაღვიძებულ თრიქის არა მგონია, ეს მოსწონებოდა, ამიტომ მთელი ლაივის განმავლობაში სულ ორჯერ თუ სამჯერ ამოიღო ხმა, დანარჩენს კი ბექ ვოკალი აკეთებდა, ან მხოლოდ რითმები ისმოდა სცენიდან. მოკლედ, გამოსვლის ბოლოს მეც კი დავიღალე და ისევ ტრიბუნებისკენ გავემართე.

თრიქის შემდეგ, წესით, "მოუდსელეკტორი" უნდა გამოსულიყო. აი, ზუსტად აქ ვუბრუნდები სიუჟეტის დასაწყისში დაწყებულ საუბარს, რომ ფესტივალის დაგვიანებას ერთი დიდი უარყოფითი შედეგი ჰქონდა: მოუდსელეკტორი სცენაზე არ გამოსულა, მუსიკის მაგივრად მხოლოდ ორგანიზატორების ბოდიში დაგვრჩა და პირობა, რომ ჯგუფს მაინც ჩამოიყვანენ თბილისში.

საერთო ჯამში კი, ფესტივალი მაინც კარგი გამოვიდა. არა, კარგი კი არა, უკეთესი - უკეთესი, ვიდრე წინა და ვიდრე წინის წინა. ჰოდა, ჩვენც რაღა დაგვრჩენია, დაველოდოთ უკეთსს და კიდევ უკეთსს, მანამ, სანამ მართლა არ შეგვეძლება ვთქვათ, რომ თბილისში ჩატარდა ძალიან კარგი მუსიკალური ფესტივალი, დინამო არენა მთლიანად გაივსო და ხალხი 6-7 საათის განმავლობაში ერთობოდა ისე, რომ წასვლაზე არც უფიქრიათ და ა.შ. ეჰ, არადა, მართლა როგორ მინდოდა ამ პროგრამაში ზემოთ ჩამოთვლილი ფრაზებიდან ერთ-ერთი მაინც მეთქვა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG