Accessibility links

ოპოზიციას არ მოსწონს თბილისის ახალი ბიუჯეტი


თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის ბიუჯეტი დაამტკიცა. 16 დეკემბერს გამართულ სხდომაზე ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მიიღეს 31 ხმით 7-ის წინააღმდეგ. ქალაქის მერის გამოსვლას საკრებულოში ოპოზიციის კრიტიკა და შენიშვნები მოჰყვა, თუმცა დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ 2017 წლის ბიუჯეტი „მაქსიმალურად დახვეწილი დოკუმენტია, რომელიც პირდაპირ პასუხობს დედაქალაქის საჭიროებებს“.

თბილისის 2017 წლის ბიუჯეტი 801 მილიონ 302 ათასი ლარია. როგორც თავის გამოსვლაში მერმა დავით ნარმანიამ აღნიშნა, პრიორიტეტი იქნება ტრანსპორტის განვითარება, საგზაო ინფრასტრუქტურა, გამწვანება და განათლება.

ჯამში, 2017 წელს ადმინისტრაციული ხარჯები შემცირდება 22 მილიონ 300 ათასი ლარით. ჩვენ 2016 წელს ტრანსპორტზე, დაახლოებით, 120 მილიონ ლარამდე დავხარჯეთ. ეს დაფინანსება 2017 წელს 31 მილიონი ლარით გაიზრდება...
დავით ნარმანია

„და ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება ქალაქის ისტორიული ნაწილის განვითარება კულტურული მემკვიდრეობის წესების დაცვით“.

გარდა ამისა, როგორც დავით ნარმანია ამბობს, შემცირდება ადმინისტრაციული ხარჯები და გაიზრდება ტრანსპორტის სფეროს დაფინანსება:

„ჯამში, 2017 წელს ადმინისტრაციული ხარჯები შემცირდება 22 მილიონ 300 ათასი ლარით. ჩვენ 2016 წელს ტრანსპორტზე, დაახლოებით, 120 მილიონ ლარამდე დავხარჯეთ. ეს დაფინანსება 2017 წელს 31 მილიონი ლარით გაიზრდება“.

ოპოზიციონერ დეპუტატთა კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი საგანი სწორედ ბიუჯეტის ტრანსპორტის ნაწილია. საკრებულოს წევრი დავით ზურაბიშვილი დავით ნარმანიას ამ საკითხზე სხდომაზევე შეეკამათა. მისი თქმით, თბილისის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კომპანია „სითი პარკის“ მუშაობაა:

„აპირებს თუ არა მერია გადაჭრას „სითი პარკის“ პრობლემა, რომელიც რეალურად არსებობს? არის თუ არა ამის პოლიტიკური ნება?“

ამავე აზრზეა კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილიც. ის თბილისის 2017 წლის ბიუჯეტს უსუსურად მიიჩნევს და ამბობს, რომ ამიტომაც არ დაუჭირა მხარი დოკუმენტს:

ალეკო ელისაშვილი
ალეკო ელისაშვილი

„ქუჩაში პირდაპირ ყრია ქალაქის პრობლემები. ქალაქში გადაადგილებაა შეუძლებელი როგორც ტროტუარზე, ასევე მანქანის სავალ ნაწილზე და ამ დროს რაღაც „ფაჩუჩებიანი“, გაუგებარი ბიუჯეტი წარმოგვიდგინა ნარმანიამ“.

დავით ნარმანიას პასუხი ამ კრიტიკაზე ისაა, რომ მერიას არ უღირს კომპანია „სითი პარკისთვის“ კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ 25-მილიონ ლარიანი ჯარიმის გადახდა, ამიტომაც ხელშეკრულების ვადის ამოწურვას ელოდება.

დედაქალაქის ბიუჯეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა-შეკეთებისთვის 85 მილიონ 500 ათასი ლარია გამოყოფილი.

ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს თბილისის საკრებულოს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმაც, რის პასუხადაც დავით ნარმანიას კრიტიკა მიიღეს 2013-2014 წლებში გაცემული ხელფასებისა და პრემიების გამო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG