Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისელობა - მერობის აუცილებელი პირობა?


პოლიტიკური პარტიები 2014 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის სამზადისში თბილისის მერობის კანდიდატებს ასახელებენ. კოალიცია „ქართული ოცნების“ სახელით, დედაქალაქის თავკაცობისათვის რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია იბრძოლებს. რაც შეეხება ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიას, „ნაციონალური მოძრაობა“ მერობის კანდიდატის გამოსავლენად პრაიმერის, ანუ პარტიის შიგნით არჩევნების, ჩატარებას აპირებს, თუმცა, როგორც ირკვევა, მმართველი კოალიციის რჩეულს მხოლოდ ოპოზიციასთან არ მოუწევს დაპირისპირება.

კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებულნი არიან, რომ 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ თბილისს ახალი მერი ეყოლება. ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ დედაქალაქის მერობის კანდიდატად დასახელებულ დავით ნარმანიას მხარი დაუჭირეს როგორც კოალიციაში შემავალი პარტიების ლიდერებმა, ასევე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა:

„არჩევნები დაინიშნება კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადაში, ხოლო რაც შეეხება პირადად დავით ნარმანიას, მე ვმუშაობდი მინისტრთა კაბინეტში რამდენიმე თვე. დავით ნარმანიასთან ერთად მუშაობა იყო უაღრესად სასიამოვნო, იმიტომ რომ ის არის ძალიან გაწონასწორებული და მშვიდი ადამიანი - ადამიანი, რომელიც ორიენტირებულია პროექტებსა და მათ შესრულებაზე“.

ამ ადამიანმა ერთი წლის განმავლობაში საერთოდ ვერაფერი გააკეთა, ყველა პროექტი გააჩერა, რადგანაც ვერ გაერკვა რისი მინისტრი იყო. შემდეგ მისი უშუალო მეცადინეობით და ხრიკებით მოხდა შემოვლითი რკინიგზის გაჩერება...
გიგი უგულავა
სხვაგვარად აფასებენ დავით ნარმანიას მუშაობას ოპონენტები. თბილისის მოქმედი მერის, გიგი უგულავას თქმით, დავით ნარმანიამ, როგორც რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, თავი მხოლოდ ნეგატიური კუთხით გამოიჩინა:

„ამ ადამიანმა ერთი წლის განმავლობაში საერთოდ ვერაფერი გააკეთა, ყველა პროექტი გააჩერა, რადგანაც ვერ გაერკვა რისი მინისტრი იყო. შემდეგ მისი უშუალო მეცადინეობით და ხრიკებით მოხდა შემოვლითი რკინიგზის გაჩერება“.

ბევრისთვის მოულოდნელად, გიგი უგულავამ ყოფილ პრემიერ-მინისტრს ნარმანიას წინ წამოწევისათვის მადლობაც გადაუხადა. თბილისის მერი მიიჩნევს, რომ დავით ნარმანიას დასახელება დედაქალაქის მერობის კანდიდატად ისეთივე ეგზოტიკური ნაბიჯია, როგორც გიორგი მარგველაშვილის გაპრეზიდენტება:

„ბატონმა ივანიშვილმა სტერეოტიპი დაანგრია, როცა პრეზიდენტად „კალიგულას ცხენი“ აარჩევინა საზოგადოებას. ასეთი იყო ყველაზე გავრცელებული მეტაფორა. ახლა თბილისის მერად გვთავაზობენ კალიგულას პონს. მოკლედ, სტერეოტიპები უნდა დაინგრეს. ბევრი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ბატონი ნარმანია თბილისელი არ არის და ა.შ. მე არ მიმაჩნია, რომ თბილისის მერი მაინცდამაინც ხოხობთან ერთად დაბადებული უნდა იყოს“.

თუმცა ბევრისთვის მერობის კანდიდატის არათბილისელობაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი აქტიური წევრის, დეპუტატ ზაზა პაპუაშვილისთვის მიუღებელია დავით ნარმანიას თბილისის მერობის კანდიდატად დასახელება:

„როგორც მინისტრმა, ბევრი რამ შესანიშნავად გააკეთა, მაგრამ თბილისი ცოტა სხვა თემა მგონია - სხვა მგრძნობიარებაა. ამ შემთხვევაში ბევრი რამის გათვალისწინება უნდა მოხდეს. თბილისი შეძლებს, თავად ჩამოყალიბდეს მერის კანდიდატურაზე და გამოინახება ღირსეული ადამიანი, გამოჩნდებიან მერობის კანდიდატები, რომელთაც ნარმანია მეტოქეობას ვერ გაუწევს", განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

გვახსოვს შემთხვევები, როცა არათბილისელი ყოფილა ძალზე წარმატებული ხელმძღვანელი ქალაქისა, მაგალითად, დიდი მურავი - გიორგი სააკაძე, რომელიც, როგორც ვიცით, იყო კასპელი და საერთოდ არ იყო თბილისელი. „მოურავიც“ მან დაამკვიდრა „ამირასა“ და „ტარუღას“ ნაცვლად...
ალექსანდრე ელისაშვილი
„საქართველოს დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე გია თორთლაძეც მიიჩნევს, რომ, სულ ცოტა, უცნაურია, როცა ერთ ქალაქში დაბადებული და გაზრდილი კაცი არა თავის მშობლიურ, არამედ სულ სხვა ქალაქში იყრი კენჭს:

„მაინცდამაინც იმას არ ვითხოვ, რომ ხოხობს მოყოლილი თბილისელი იყოს, მაგრამ ხომ უნდა იცოდეს ქალაქის ისტორია, ხომ უნდა იყოს დაბადებული და გაზრდილი ამ ქალაქში. რა თქმა უნდა, მენეჯერიც უნდა იყოს და, პარალელურად, არქეოლოგიაშიც უნდა ერკვეოდეს, იმიტომ რომ ახალ მშენებლობებთან გვაქვს საქმე... ერთი სიტყვით, ჩემთვის დავით ნარმანია ცოტა უცნაური კანდიდატურაა“.

თუმცა დავით ნარმანიას დასახელებაში უცნაურს ვერაფერს ხედავს ისტორიკოსი ალექსანდრე ელისაშვილი, რომლის თქმითაც, მნიშვნელოვანია კანდიდატის წესიერება და პროფესიონალიზმი და არა წარმომავლობა:

„გვახსოვს შემთხვევები, როცა არათბილისელი ყოფილა ძალზე წარმატებული ხელმძღვანელი ქალაქისა, მაგალითად, დიდი მურავი - გიორგი სააკაძე, რომელიც, როგორც ვიცით, იყო კასპელი და საერთოდ არ იყო თბილისელი. „მოურავიც“ მან დაამკვიდრა „ამირასა“ და „ტარუღას“ ნაცვლად. ამდენად, ჩემი აზრით, თბილისელებისთვის გაცილებით საინტერესო უნდა იყოს ამ ადამიანის ბიგრაფია, ხედვები, გამოცდილება, უნარები და არა ის, თბილისელია თუ - არა“, უთხრა ალექსანდრე ელისაშვილმა რადიო თავისუფლებას.

პარტია „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია კი აცხადებს, რომ, დავით ნარმანიას მინისტრის თანამდებობაზე დარჩენით, სხვა კანდიდატები არათანაბარ პირობებში აღმოჩნდებიან:

არანაირი ინტერესთა კონფლიქტი არ არის. სამინისტრო არ ახორციელებს არანაირ პროექტს თბილისის ტერიტორიაზე, ყველა პროექტი და პროგრამა რეგიონებში მიმდინარეობს...
დავით ნარმანია
„ქვეყნის ინფრასტრუქტურაში იდება ძალიან დიდი საბიუჯეტო სახსრები, გრანტები და კრედიტები, რომელიც დაკავშირებული არის ინფრასქტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან. შესაბამისად, არ შეიძლება რომელიმე პარტიის (არ აქვს მნიშვნელობა, რომლის) კანდიდატი ასოცირდებოდეს იმ საბიუჯეტო სახსრებთან, რომელიც ასეულობით მილიონია“.

ჯონდი ბაღათურიას პასუხად, დავით ნარმანია აცხადებს, რომ იმოქმედებს კანონის შესაბამისად და არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენებს არჩევნების დროს ადმინისტრაციულ რესურსს:

„არანაირი ინტერესთა კონფლიქტი არ არის. სამინისტრო არ ახორციელებს არანაირ პროექტს თბილისის ტერიტორიაზე, ყველა პროექტი და პროგრამა რეგიონებში მიმდინარეობს, ხოლო მას შემდეგ, რაც არჩევნები დაინიშნება და ჩემი კანდიდატად რეგისტრირება მოხდება, რა თქმა უნდა, მოვიხსნი უფლებამოსილებას“, განაცხადა დავით ნარმანიამ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG