Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის პოტენციალმა კრაკოვში დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა


თბილისის სტენდი
თბილისის სტენდი

თბილისის დელეგაცია, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლების შემადგენლობით, მონაწილეობდა ევროპის ადგილობრივი მთავრობების კონგრესში, რომელიც 5-6 აპრილსპოლონეთის ქალაქ კრაკოვში გაიმართა. მეორე კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ევროპის ქვეყნების 1200-ზე მეტმა წარმომადგენელმა, რომლებმაც ორი დღის მანძილზე გონიერი ქალაქის, ცხოვრების ხარისხის, ტრანსპორტის, ტურიზმისა და ქალაქებისთვის აქტუალურ სხვა საკითხებზე იმსჯელეს.

პოლონეთში დაფუძნებული „აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტის“ ორგანიზებით, ქალაქ კრაკოვში ევროპის ადგილობრივი მთავრობების მეორე კონგრესი გაიმართა. მასზე თბილისის დელეგაცია წარმოდგენილი იყო საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის, საკრებულოს წევრებისა და მერიის ხელმძღვანელების შემადგენლობით. თბილისის დელეგაციის მონაწილეობას განსაკუთრებული დატვირთვა შესძინა კონგრესის შენობაში მოწყობილმა სტენდმა, რომელზეც, თბილისის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის ამსახველი ინფორმაციის გარდა, წამოდგენილი იყო ქართული ღვინო და ტკბილეული. თუ რატომ იქნა არჩეული ამგვარი ფორმა, თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ეკა ბურდილაძისგან შეიტყობთ:

„ევროპის ქალაქებს შორის ინფორმაცია უფრო მეტად რომ იყოს გავრცელებული საქართველოსა და თბილისის შესახებ. მიზანი სტენდის გაკეთებისა უფრო ეს იყო, წარმოგვეჩინა ქართული პროდუქტები, ღვინო თუ რამე ღირშესანიშნაობები გვაქვს. სტენდზე არის საკმაოდ დიდი დაინტერესება, სადაც დეტალურად ვუხსნით თბილისის შესაძლებლობებს, პოტენციალს ტურიზმის და საინვესტიციო მიმართულების“.

ეკა ბურდილაძე თბილისის სტენდთან
ეკა ბურდილაძე თბილისის სტენდთან

თბილისის პავილიონის ირგვლივ ხალხმრავლობა და ხმაური მართლაც შესამჩნევი იყო განსაკუთრებით ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების წარმომადგენელთა მხრიდან. მათ არც პოლონელი მასპინძლები ჩამორჩებოდნენ. ეკა ბურდილაძის განცხადებით, თბილისის მთავრობამ სტენდის დამთვალიერებლებისგან რამდენიმე შეთავაზებაც მიიღო.:

„თუ ვინმეს ოდესმე შეხება ჰქონია საქართველოსთან, ძალიან დიდი სითბოთი და სიყვარულით მოიხსენიებს. ვისაც ჯერ არ ჰქონია, ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ ინფორმაცია მიგვეწოდებინა ახალი პროგრამების, პროექტების, საინვესტიციო და ტურისტული მიმართულების შესახებ. ჩვენ უკვე მივიღეთ შემოთავაზებები ამ ორი დღის განმავლობაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, ასევე პოლონეთის რეგიონებიდან. პოლონეთის რეგიონებსა და სხვა ქვეყნებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ გადაწყვეტილებას მივიღებთ ადგილზე დაბრუნების შემდეგ“.

კრაკოვში გამართულ კონგრესზე თბილისის პავილიონის მოწყობა შესაძლებელი გახდა 2015 წელს პოლონეთის ქალაქ კრინიცაში ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მიღწეული შეთანხმების შედეგად, - ამბობს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი. მისი აზრით, კრაკოვის კონგრესი თბილისს საშუალებას აძლევს ევროპის ქალაქებს კიდევ უფრო დაუახლოვდეს:

გიორგი ალიბეგაშვილი კრაკოვის კონფერენციაზე
გიორგი ალიბეგაშვილი კრაკოვის კონფერენციაზე

„განსაკუთრებულად მასშტაბურ ასეთ ღონისძიებაზე, სადაც 1200 მონაწილეა სხვადასხვა ევროპული ქვეყნებიდან, ჩვენი მონაწილეობა გამოიწვევს იმას, რომ უფრო მიმზიდველი გახდება ჩვენი ქვეყანა და ქალაქი ინვესტორებისათვის და აგრეთვე ტურიზმის გასავითარებლად. მეტი ინტეგრაცია მოხდება როგორც პოსტსაბჭოურ ქვეყნებთან, ასევე ევროპულ ქვეყნებთან. ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობა და უნდა ვაჩვენოთ ევროპას, რომ ჩვენ არა მარტო ევროპისგან გვინდა გარკვეული საკითხების მოგვარება, არამედ ჩვენივე კულტურით და ეკონომიკით სიახლე უნდა შევიტანოთ ევროკავშირში“.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი სიტყვით გამოვიდა კონგრესის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე დაპარტნიორ რეგიონთა თანამშრომლობის კუთხით თვითმმართველობების როლზე ისაუბრა. მან კონგრესის მონაწილეებს გააცნო ის რეფორმები, რომლებიც თბილისის თვითმმართველობაში განხორციელდა. გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის საჭიროა პარტნიორი ქალაქების გამოცდილების გაზიარებაც:

„ჩვენი ამოცანა არის, თბილისის საკრებულოს მუნიციპალიტეტის და ზოგადად მუნიციპალიტეტის, გავიზიაროთ ჩვენი ევროპელი პარტნიორების გამოცდილება, ეს - ერთი მხარე. მეორე - რაც შეიძლება მეტად ჩავრთოთ ჩვენი თანამოქალაქეები ყოველდღიურ ცხოვრებაში. ასეთი შეხვედრები ამის საშუალებას გვაძლევს, რომ ინტეგრაცია მოვახდინოთ ჩვენს კოლეგებთან და, ასევე, მათი გამოცდილება გავიზიაროთ, ჩამოვიტანოთ და გავაცნოთ ჩვენს შესაბამის სამსახურებს“.

უნდა ვეცადოთ, რომ ცოდნით და სიბრძნით უნდა გაჩნდეს პოლიტიკური ნება, რომ დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემა იყოს ევროპული. ევროპეიზმი - ეს ხომ შენგენის ვიზა არ არის. ეს არის ცხოვრების სტილი, ეს არის ადამიანის და დიდი ქალაქის თანაარსებობა...
შალვა ოგბაიძე

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე სხვა ქალაქების გამოცდილების გაზიარებაზე საუბრობდა, რაც არა მხოლოდ თვითმართველობის დემოკრატიზაციას მოიცავს, არამედ მუნიციპალიტეტებისთვის უმწვავეს პრობლემებსაც აერთიანებს. მათ შორის მთავარია ტრანსპორტისა და ეკოლოგიის საკითხები. ამ სფეროში თბილისი ვერაფრით დაიკვეხნის. საქართველოს დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური პრობლემების თითქმის 90 პროცენტი ტრანსპორტის საკითხებს უკავშირდება. ამ საკითხების მოგვარება თბილისის საკრებულოს დეპუტატს შალვა ოგბაიძეს შესაძლებლად მიაჩნია უცხოეთის გამოცდილების გამოყენებით და სათანადო პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში:

„ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო ჩემი კოლეგების, განსაკუთრებით კრაკოვის, გერმანელი კოლეგების გამოსვლა, რომლებმაც თავიანთი გამოცდილება გაგვიზიარეს. მათმა გამოსვლამ ერთგვარად დამამშვიდა, რომ ის უბედურება, რაც ჩვენ ახლა გვჭირს, მათ ეს უკვე გაუვლიათ. ერთადერთი, უნდა ვეცადოთ, რომ ცოდნით და სიბრძნით უნდა გაჩნდეს პოლიტიკური ნება, რომ დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემა იყოს ევროპული. ევროპეიზმი - ეს ხომ შენგენის ვიზა არ არის. ეს არის ცხოვრების სტილი, ეს არის ადამიანის და დიდი ქალაქის თანაარსებობა“.

საკრებულოს დეპუტატის შალვა ოგბაიძის სურვილის მიუხედავად, ჯერჯერობით სატრანსპორტო და ეკოლოგიური საკითხები თბილისისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. დედაქალაქის მთავრობა ირწმუნება, რომ ევროპული ქალაქების გამოცდილების გაზიარებით თბილისის წინაშე არსებულ პრობლემებს ახლო მომავალში გაუმკლავდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG