Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თელ-ავივის მეტროს ბაქანზე ძილი ირანული რაკეტებისგან თავის დასაცავად

აქ არ არის მატარებლები ან მგზავრები... აქ მხოლოდ უსაფრთხო ადგილას ღამის გასათევად იმყოფებიან.
აქ არ არის მატარებლები ან მგზავრები... აქ მხოლოდ უსაფრთხო ადგილას ღამის გასათევად იმყოფებიან.

ავიად აპირიონისთვის, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების სკოლის 40 წლის მასწავლებლისთვის, ირანთან ომი ნიშნავს ყოველღამე მეტროს სადგურში ძილს ირანის ბალისტიკური რაკეტებისგან მომდინარე საფრთხის თავის ასაცილებლად.

მის გარშემო ბევრი ადამიანია. თელ-ავივის გარეუბანში მდებარე ახალი, გაკაშკაშებული სადგურის პლატფორმა სავსეა ლეიბებით და ხალხით მრავალი ქვეყნიდან.

„ბავშვებისთვის აქ ბაზრობასავითაა. ჩემთვის საკმაოდ რთულია, მაგრამ მირჩევნია, ჩემი ბავშვები უსაფრთხო ადგილას იყვნენ, ამიტომაც ვარ აქ მათთან ერთად. სახლში მაქვს უსაფრთხო ოთახი, მაგრამ მთლად ვერ ვენდობი, რადგან ეს ბალისტიკური რაკეტებია. თავს უსაფრთხოდ ვერ ვგრძნობ,“ უთხრა აპირიონმა რადიო თავისუფლებას.

აპირიონს აქ ომის პირველი ღამიდან სძინავს თავის 7 და 9 წლის ორ შვილთან ერთად. ამ დროს ჩვენ გარშემო ირევიან სხვა ბავშვები, რომლებიც ჩვენს რეპორტიორებს შეკითხვებით ბომბავენ.

„აქ ყველანი დამეგობრდნენ“, ამბობს აპირიონი ხითხითით, რომელშიც არ მოისმის ომისთვის ჩვეული შფოთვა. ბავშვები ერთობიან ლიფტებში თამაშით და სადგურზე სირბილით ან ტელეფონებში აქვთ თავი ჩარგული.

„აქ ასევე არიან სხვადასხვა სარწმუნოების ადამიანები. ებრაელები, ქრისტიანები, მუსლიმები, ინდუსები, ბუდისტები“, თქვა აპირიონმა.

რაკეტების შესახებ შეტყობინებები ტელეფონში

ბაქანზე, რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, ინდოელი მამაკაცების ჯგუფი ჭადრაკის დაფას უზის. ზოგი მათგანი მომვლელად მუშაობს, ზოგი - მშენებლობაზე. სურია ნარაიანა რედიმ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ის ამ ქვეყანაში ერთი თვის წინ ჩავიდა და პოლიტიკური თავშესაფრის მიღების იმედი აქვს, თუმცა დეტალები არ უხსენებია.

„აქ გვძინავს, ბევრი ადგილია. ჩვენს ოთახთან ახლოს ვართ. ამიტომ მოვედით აქ“, - თქვა მან. ამ დროს ჩვენი ტელეფონების აპლიკაციებში რაკეტის შესახებ კიდევ ერთი განგაშის შეტყობინება მივიღეთ.

გართობა ძილის წინ
გართობა ძილის წინ

როგორც წესი, ეს იმის ნიშანია, რომ უნდა შევწყვიტოთ, რასაც ვაკეთებთ და თავშესაფრისკენ წავიდეთ. მაგრამ ჩვენ უკვე ვართ თავშესაფარში, ამიტომ საუბარი გრძელდება. ნარაიანა რედის თქმით, აქ ძილს ის დიდი უპირატესობა აქვს, რომ უწყვეტად შეიძლება ძილი.

„მშვიდად გვძინავს. ღამით ტელეფონებს ვთიშავთ“, თქვა მან.

ისრაელის კანონმდებლობის თანახმად, ყველა თანამედროვე საცხოვრებელ შენობას უნდა ჰქონდეს სპეციალურად აშენებული თავშესაფარი. თუმცა, თელ-ავივში ბევრი ძველი შენობაა. საზოგადოებრივი თავშესაფრები ხელმისაწვდომია, მაგრამ მათში გაცილებით ნაკლები ადგილია და ინტერიერიც უფრო მოუწყობელია, ხშირად არ მოიპოვება ინტერნეტი ან მობილური ტელეფონის სიგნალზე წვდომა.

ამის საპირისპიროდ, მეტროს ქსელი, რომელიც თელ-ავივის მსუბუქი რკინიგზის სახელითაა ცნობილი, 2023 წელს გაიხსნა და იდეალურ მდგომარეობაშია. მას შემდეგ, რაც ისრაელმა 28 თებერვალს ირანზე მასობრივი საჰაერო დარტყმები დაიწყო, ყველა მატარებელი გაჩერებულია, რათა ხალხს სადგურებში დაძინება შეეძლოს.

ქსელი ასევე გამოიყენებოდა ამ მიზნით 12-დღიანი ომის დროს, რომელიც ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა აწარმოვეს ირანის წინააღმდეგ 2025 წლის ივნისში.

მაგრამ ეს მაინც არ არის სახლი.

ბაქანზე ერთი სართულით ზევით, დარბაზში, სადაც ბილეთები იყიდება, მოლდაველების ჯგუფია დაბანაკებული. ქალი, რომელიც მხოლოდ ოლესიად გაგვეცნო, იქ იყო თავის პარტნიორთან და შინაურ თუთიყუშთან ერთად, რომელიც მის თავსა და მხარს შორის დახტოდა.


„ყველას გვაშფოთებს და გვაშინებს“

„არც ისე კარგად გვძინავს. ისე ვერა, როგორც სახლში. ცივა, იატაკი ბეტონისაა, ვავადმყოფობთ. ნორმალურ პირობებში ვერ ვიკვებებით. ვწუხვართ იმაზე, თუ რა ხდება გარეთ. ეს ყველას გვაშფოთებს და გვაშინებს,“ თქვა მან.

ოლესიას კარგად არ სძინავს.
ოლესიას კარგად არ სძინავს.

„28 თებერვლიდან აქ გვძინავს, რადგან ჩვენს სახლს თავშესაფარი არა აქვს, ამიტომ აქ უნდა ჩამოვიდეთ“, დასძინა მან.

შორიახლოს მყოფი კიდევ ერთი მამაკაცი იუსუფად გვეცნობა. 19 წლის კოტ-დ’ივუარელი ლტოლვილის თქმით, მან ცხოვრების უმეტესი ნაწილი ისრაელში გაატარა და მოქალაქეობას ელის.

„აქ არასდროს მძინავს. ჩემი ზოგიერთი მეგობარიც ასეა“, თქვა მან. „ხალხს აქ ომის გამო სძინავს. არ ვიცი, როდის დასრულდება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს მალე მოხდება.“

ამ განწყობას ბევრი ადამიანი იზიარებს.

„განვიცდი ჩემი საყვარელი ადამიანების გამო“, თქვა აპირიონმა, სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების მასწავლებელმა, როდესაც დავშორდით. „ეს ერთნაირი შიშია ყველასთვის, ყველა ადამიანისთვის. ჩვენ გვინდა დავიცვათ ჩვენი ოჯახი, ჩვენი სახლი, ჩვენი მეგობრები - ადამიანები, რომლებიც გვიყვარს.“

ისრაელში, რომელსაც აქვს უახლესი საჰაერო თავდაცვა, 9 მარტიდან მოყოლებული 14 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მათგან ცხრა დაიღუპა ირანის ბალისტიკური რაკეტის ერთჯერადი დარტყმის შედეგად ბეით-შემეშთან, იერუსალიმიდან დასავლეთით დაახლოებით 30 კილომეტრში, როცა რაკეტა პირდაპირ მოხვდა საცხოვრებელ კორპუსს.

დრონებსა და რაკეტებს ლიბანიდანაც ისვრის ჰეზბოლა, გასამხედროებული დაჯგუფება, რომელსაც ირანი უჭერს მხარს და რომელიც ისრაელსა და შეერთებულ შტატებში ტერორისტულ ორგანიზაციად ითვლება.

XS
SM
MD
LG