Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ომის დაწყებიდან ათი წელი გავიდა


20 მარტს 10 წელი გავიდა ერაყში სამხედრო ოპერაცია “ერაყის თავისუფლების“ დაწყებიდან. ძირითადად, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ძალებით დაწყებულ საავიაციო იერიშებს მალე ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაცია და სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობა მოჰყვა. ერაყის განთავისუფლების ოპერაცია ერაყის სტაბილურობის შენარჩუნების საერთაშორისო მრავალეროვნულ და მრავალწლიან ოპერაციაში გადაიზარდა, რომელიც 2011 წლის 18 დეკემბერს დასრულდა. ერაყში, მრავალეროვნული ძალების რიგებში, 5 წლის განმავლობაში ასრულებდნენ სამშვიდობო მისიას ქართველი ჯარისკაცები, რომელთა დიდი ნაწილი ამჟამად ავღანეთში იმყოფება.

მოკავშირეთა ავიაციის იერიშები ბაღდადში განლაგებული სამხედრო და სამოქალაქო დანიშნულების სტრატეგიულ ობიექტებზე ერაყის დროით 2003 წლის 20 მარტს, გამთენიისას, დაიწყო.

სამხედრო ოპერაციის დაწყებას წინ უძღოდა საინფორმაციო და დიპლომატიური კამპანია ერაყის დიქტატორის, სადამ ჰუსენის, რეჟიმის წინააღმდეგ. აშშ და მისი მთავარი მოკავშირე დიდი ბრიტანეთი სადამ ჰუსეინს ბრალს სდებდნენ მასობრივი განადგურების ბიოლოგიური იარაღის შექმნაში. მყარი მტკიცებულებების თაობაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა 2003 წლის 5 თებერვალს გაეროს უშიშროების საბჭოზე გამოსვლის დროს ისაუბრა:

„შეუძლებელია ეჭვის შეტანა იმაში, რომ სადამ ჰუსეინს აქვს ბიოლოგიური იარაღი და საშუალება, სწრაფად შეიმუშაოს უფრო მეტი და მეტი. მას აქვს შესაძლებლობა, ეს მომაკვდინებელი მომწამვლელი ნივთიერება და დაავადებები ისე გაავრცელოს, რომ მასობრივი სიკვდილი და ნგრევა გამოიწვიოს“.

კოლინ პაუელის ამ განცხადებას მოგვიანებით, 2003 წლის 16 მარტს, მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის, ულტიმატუმი სადამ ჰუსეინისადმი, რომ ერაყელ დიქტატორს და მის შვილებს 48 საათის განმავლობაში დაეტოვებინათ ერაყის ტერიტორია, - წინააღმდეგ შემთხვევაში, სამხედრო კონფლიქტი გარდაუვალი იქნებოდა. უარის შემდეგ, ჯორჯ ბუშმა 19 მარტს ტელევიზიით განაცხადა, რომ, მისი ბრძანებით, ერაყელი დიქტატორის განიარაღებისა და ერაყელი ხალხის განთავისუფლების ოპერაცია დაიწყო:

„ჩემი ბრძანების თანახმად, კოალიციურმა ძალებმა დაიწყეს შეტევა წინასწარ შერჩეულ სამხედრო დანიშნულების ობიექტებზე, რათა სადამ ჰუსეინს ხელიდან გამოვგლიჯოთ ომის წარმოების შესაძლებლობა. ეს არის ფართო და შეთანხმებული სამხედრო კომპანიის საწყისი ფაზა“.

საავიაციო იერიშები „შეთანხმებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის“ პირველი ეტაპი იყო. სტრატეგიული და სამხედრო ობიექტების განადგურებას მალევე მოჰყვა სახმელეთო ოპერაცია. საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან ერთი თვის თავზე, 2003 წლის 5 აპრილს, აშშ-ის არმიის ავანგარდის ნაწილები ერაყში დედაქალაქ ბაღდადში შევიდნენ. აი, როგორ აღწერდა ამ მოვლენას ჩვენი რადიოს თანამშრომელი რონ სინოვიცი, რომელიც საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში აშშ-ის ქვეითთა მესამე დივიზიას ახლდა:

"ათეულობით ამერიკულმა ტანკმა ბაღდადის ცენტრისკენ გაბედული სვლა განახორციელა, რათა შეემოწმებინა, იყო თუ არა ქალაქის შიგნით დაცვა, და, ავიაციის თანხლებით, შეუტია ერაყის არმიის ნაწილებს".

ერაყის განთავისუფლების ოპერაცია სულ მალე გაეროს მიერ ერაყის სტაბილურობის შენარჩუნების მრავალეროვნულ ოპერაციად გარდაიქმნა. ამ ოპერაციაში უკვე 2003 წლის აგვისტოში ჩაება საქართველოს ასეული, რომელიც, როგორც მაშინდელი საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე იხსენებს, გამნაღმველებისა და კოჯრის სპეცდანიშნულების ნაწილის - „კომანდოს“ - მებრძოლებით დაკომპლექტდა:

„ერაყის ოპერაციაში ჩვენი მონაწილეობა საკმაოდ მოკრძალებული იყო და სავსებით შეესაბამებოდა საქართველოს პოლიტიკურ ამოცანებს. ეს გახლდათ სპეცდანიშნულების ასეული, რასაც ჩემთვის მნიშვნელობა ჰქონდა, რათა საქმეში ჩაგვერთო კოჯრის სპეცდანიშნულების ბიჭები, და, მეორე მხრივ, ეს იყო საინჟინრო ოცეული, რომელმაც, სხვათა შორის, ძალიან გვასახელა ადგილზე“.

თავდაპირველი მოკრძალებული ქართული სამხედრო მისია ერაყში, ვარდების რევოლუციის გზით საქართველოში მოსული ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რამდენჯერმე გაიზარდა და 2008 წელს ერაყში საქართველო 2000 კაციანი ქართული ბრიგადით იყო წარმოდგენილი. ერაყში ყოფნის განმავლობაში საქართველოს არმიამ ხუთი ჯარისკაცი დაკარგა. ერაყიდან სამხედრო ქვედანაყოფის გაყვანის გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოში, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის აგრესიის შემდეგ, მიიღო. საერთაშორისო სამხედრო ოპერაცია კი ერაყში, რომელიც თითქმის 8 წელიწადი გრძელდებოდა, ოფიციალურად 2011 წლის დეკემბერში დასრულდა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG