Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომში დაღუპულთა ხსოვნისთვის


აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას მიაგეს პატივი თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა და ჯარისკაცთა ოჯახის წევრებმა, რომლებიც მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე შეიკრიბნენ. დღესვე გაიხსნა თავდაცვის სამინისტროს ეზოში მემორიალი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნის პატივსაცემად.

33 - სწორედ ამ რაოდენობის მემორიალურ დაფას ითვლის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცები არიან დაკრძალულნი. ამ სასაფლაოზეა დაკრძალული ერეკლე ყულოშვილიც. ერეკლე მეოთხე მექანიზებული ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის მეთაური იყო. 30 წლის იყო, როდესაც აგვისტოს ომში, დაზვერვაზე გასული, რუსულ ავიადარტყმას ემსხვერპლა. ორ თვეში მისი პირველი შვილი, ნიკოლოზი, დაიბადა. ერეკლეს მამა სამხედრო ექიმი იყო. ნინო ყულოშვილი, ერეკლეს და, ჰყვება, რომ ალბათ ესეც იყო ერთ-ერთი განმაპირობებელი იმისა, რომ ერეკლემ ჯარისკაცობა ბავშვობიდანვე გადაწყვიტა. გარდა ამისა, ერეკლეს ჯარისკაცობის მიზეზად ნინო თავიანთი ოჯახის წარმომავლობასაც ასახელებს.

„ჩვენ საინგილოდან ვართ და ბავშვობიდან ეროვნული სულისკვეთებით ვიზრდებოდითო“, ამბობს ნინო.

ერეკლემ თავი შესწირა ქვეყანას და ის არის საქართველოს გმირი. ნიკოლოზი უკვე რვა წლის არის. ის ერეკლეს გაგრძელება და აღდგომაა...
ნინო ყულოშვილი

ერეკლეს დაღუპვის შემდეგ ნინომ მისი თანამებრძოლები გაიცნო. სწორედ მათგან მოისმინა ერეკლეს გმირობის ამბები. სწორედ ამ ამბებმა და ერეკლეს შვილის დაბადებამ გადაატანინა ერეკლეს ოჯახს მისი სიკვდილით გამოწვეული ტკივილი:

„ისინი ძალიან საინტერესო ისტორიებს მიყვებიან და მეც, ბუნებრივია, ეჭვი არ მეპარებოდა მის წარმატებებში და ძალიან საამაყოა ხოლმე ჩემთვის და ერთგვარად ნუგეშიც არის ჭირისუფლისთვის, რომ ასეთ კარგ და სამაგალითო ისტორიებს ისმენ შენი ძმის შესახებ. ერეკლემ თავი შესწირა ქვეყანას და ის არის საქართველოს გმირი. ნიკოლოზი უკვე რვა წლის არის. ის ერეკლეს გაგრძელება და აღდგომაა“.

სულ ვამბობ ხოლმე და მინდა მუდმივად გვახსოვდეს, რომ ჩვენ ძალიან სახელოვანი ისტორია გვაქვს, მაგრამ არანაკლებ სახელოვანი აწყმო გვაქვს...
თინათინ ხიდაშელი

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისთვის პატივის მისაგებად 2 მაისს დილიდანვე შეიკრიბნენ მათი ოჯახის წევრები. ოჯახის წევრებთან ერთად, მემორიალი, ტრადიციულად, გვირგვინებით შეამკეს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, მათ შორის, მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა. მისი თქმით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მისვლა და დაღუპულ ჯარისკაცთა ოჯახის წევრებთან საუბარი, მათი შვილების, ძმებისა თუ ქმრების გმირობის ამბების მოსმენა, როგორც მისთვის, ისე საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის საინტერესო და, რაც მთავარია, მნიშვნელოვანია. ეს არის ამბები იმისა, თუ როგორ ყალიბდებოდნენ ჩვენი თანამედროვენი გმირებად, ამბობს თავდაცვის მინისტრი:

„სულ ვამბობ ხოლმე და მინდა მუდმივად გვახსოვდეს, რომ ჩვენ ძალიან სახელოვანი ისტორია გვაქვს, მაგრამ არანაკლებ სახელოვანი აწყმო გვაქვს და რეალობის აღქმისთვის, იმის დანახვისთვის, თუ რა პრობლემების წინაშეა დღეს ჩვენი ქვეყანა, რა ტიპის გამოწვევების წინაშე დგას, ეს გმირები, რომლებიც ჩვენს ქუჩებზე იზრდებოდნენ, ჩვენს სკოლებში სწავლობდნენ და შემდეგ ქვეყნის თავისუფლებას შეეწირნენ, სწორედ მათი ისტორიები არის ყველაზე საუკეთესო დასტური და საუკეთესო პასუხი ამ გამოწვევების მიმართ“.

თინათინ ხიდაშელი
თინათინ ხიდაშელი

ეროვნული გვარდიის სამხედრო სასულე ორკესტრის მიერ შესრულებული საქართველოს ჰიმნის თანხლებით გაიხსნა 2 მაისს თავდაცვის სამინისტროს ეზოში მემორიალი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნის პატივსაცემად. თინათინ ხიდაშელის სიტყვებით, მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის სამინისტროში, ისევე როგორც შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ბრიგადებში, იყოს იმ ადამიანების მემორიალი, რომელთა გმირობის ამბავი მუდამ უნდა ახსოვდეს ქვეყანას. თავდაცვის მინისტრი მემორიალის ორმაგ მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას:

„ერთი, როგორც მუდმივი ხსოვნა და შეხსენება მათი საგმირო ცხოვრების. მეორე მხრივ, გვინდა, რომ ყველა ჩვენი უცხოელი სტუმარი, რომელიც თავდაცვის სამინისტროში ხშირად გვყავს, მუდმივად მიაგებდეს პატივს ამ ბიჭების ხსოვნას და მათ გმირობას. ამიტომ, მათთვისაც და მთელი მსოფლიოსთვისაც სათქმელად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის სამინისტროს ჰქონდეს მემორიალი, რომელსაც ყოველდღიურად, მუდმივად გავუვლით და გაგვახსენდება, რომ აქ, ამ ტერიტორიაზე, ჩვენამდე დადიოდა ის ხალხი, რომლის დამსახურებაცაა ქვეყნის სიძლიერე და დამოუკიდებლობა“.

„მათ მაგალითზე სხვები იზრდებიან“, - ასე გამოეხმაურა ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე კობა კობალაძე თავდაცვის სამინისტროს ეზოში დაღუპული ჯარისკაცების მემორიალის გახსნას. მისი თქმით, ეს ჯარისკაცები წინაპრების საქმეების ღირსეული გამგრძელებლები არიან:

„გმირები არ კვდებიან. ისინი მარადისობაში გადადიან. ისინი რომ არ იყვნენ, ალბათ ჩვენც ვერ შევიგრძნობდით ასე საფუძვლიანად ჩვენი ქვეყნის სიძლიერესა და სამშობლოს მადლს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG