Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არის თუ არა ტყვეების მარში სამხედრო დანაშაული?


უკრაინელი ტყვეების მარში
უკრაინელი ტყვეების მარში

ავტორი: კარლ შჩერკი

პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მიერ 24 აგვისტოს დონეცკის ქუჩებში მოწყობილმა უკრაინელი ტყვეების მარშმა აღაშფოთა ბევრი ადამიანი და, მათ შორის, უფლებადამცველი აქტივისტები, რომლებმაც ეს დამამცირებელი პროცესია შეაფასეს როგორც ჟენევის კონვენციის აშკარა დარღვევა. თუმცა ამ აზრს არ იზიარებს რუსეთის ხელისუფლება, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „ტყვეთა აღლუმში“ მან ვერაფერი დამამცირებელი ვერ დაინახა. არის თუ არა ტყვეების მსვლელობა საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა?

კვირას, 24 აგვისტოს, პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები შტიკწამოცმული შაშხანებითა და ნაგაზებით მიჰყვებოდნენ უკრაინელ ტყვეებს, დონეცკის ცენტრში „სირცხვილის დერეფანში“ მყოფი ბრბო ტყვეებს უსტვენდა, დამამცირებელ სახელებს უძახდა და ნაგავს ესროდა. ამ კადრებმა ბევრი ადამიანი შეაძრწუნა, უფლებადამცველებმა კი ამ მსვლელობაში სამხედრო ტყვეებისადმი მოპყრობის მარეგულირებელი ჟენევის კონვენციის დარღვევა დაინახეს.

თუმცა ძნელია გადაჭრით იმის თქმა, არის თუ არა დონეცკში 24 აგვისტოს გამართული ტყვეების მსვლელობა სამხედრო დანაშაული, ვიდრე თავად უკრაინაში მიმდინარე ომის ზუსტი კვალიფიკაცია არ მომხდარაო, - უთხრა ჩვენს რადიოს ლოს ანჟელესის ლოიოლას სამართლის სკოლის საერთაშორისო სამართლის ექსპერტმა დევიდ გლაზიერმა:

„თუ ეს საერთაშორისო სამხედრო კონფლიქტია, მაშინ, მართლაც, ჟენევის კონვენციის ნორმის აშკარა დარღვევასთან გვაქვს საქმე. პრობლემა ისაა, რომ თუ ეს არ არის საერთაშორისო სამხედრო კონფლიქტი, მაშინ უფრო რთულია შესაბამისი ნორმის დადგენა და შეიძლება იმით შემოვიფარგლოთ, რომ საქმე გვაქვს „პიროვნების ღირსების ფეხქვეშ გათელვასთან“.

საერთაშორისო „წითელი ჯვარი“, რომელიც ჟენევის კონვენციის გუშაგია, უკრაინაში მიმდინარე დაპირისპირებას „არასაერთაშორისო სამხედრო კონფლიქტად“ მიიჩნევს, კიევი და დასავლეთის სახელმწიფოები კი რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედი მეამბოხეების მხარდაჭერასა და შეიარაღებაში სდებენ ბრალს. მოსკოვი უარყოფს ამ ბრალდებას. მეტიც, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 25 აგვისტოს განაცხადა, რომ დონეცკში ტყვეების აღლუმში მან ვერაფერი დამამცირებელი ვერ დაინახა:

„რაც შეეხება, როგორც თქვენ უწოდეთ, დამამცირებელ დამოკიდებულებას სამხედრო ტყვეებისადმი, ამაში, მოდი, იურისტები გაერკვნენ. მე იქ ვერ დავინახე ვერაფერი ისეთი, რაც მიახლოებითაც კი გაგვახსენებდა დამცირებას“.

თუმცა საერთაშორისო სამართლის ექსპერტები ამბობენ, რომ სამხედრო ტყვეების მიმართ ადამიანური მოპყრობა, რაც ჟენევის კონვენციით არის განსაზღვრული, აუცილებლად გულისხმობს იმასაც, რომ ტყვეობაში მყოფ ადამიანს არ უნდა გადაუღო სურათი, ჩაატარო ქუჩებში და აქციო ისინი „საჯარო სანახაობად“, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ომის საკითხების ექსპერტმა მაიკლ შერფმა, კეიზის დასავლეთის რეზერვების უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა, რომელმაც, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, ამ მხრივ არსებულ ნაკლოვანებებზეც გაამახვილა ყურადღება:

„ეს არ არის ჟენევის კონვენციის დებულებით განსაზღვრული ერთადერთი სერიოზული დარღვევა. შესაბამისად, არც ყველა სამხედრო დანაშაულია თანაბარი. არსებობს განსაკუთრებით შემზარავი სამხედრო დანაშაულებები, რომლებიც ფორმულირებულია როგორც დებულების სერიოზული დარღვევა, და მათზე ვრცელდება აკრძალვა. მაგრამ არ მახსენდება ისეთი სასამართლო გამოძიება, სადაც ვინმე სამხედრო ტყვეების „საჯარო სანახაობად“ ქცევისათვის გასამართლებულიყოს. და მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი, მართლაც, არის შეშფოთების საგანი, არა მგონია, რომ ტყვეების საჯაო ჩვენება იყოს ის, რაზეც მთელი საქმის აგება და, სიტყვაზე, რუსეთის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოზე დაბარება შეიძლებოდეს“.

როგორც ირკვევა, არც რუსეთს, არც უკრაინას და არც აშშ-ს არ აქვთ ხელი მოწერილი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტზე, რაც კიევს საშუალებას მისცემდა დონეცკში გამართული ტყვეების „სირცხვილის დერეფანში“ გატარების საქმე სასამართლოსათვის გადაეცა.

რაც შეეხება სამართლებრივ პრეცედენტს, 1946 წელს აშშ-ის სამხედრო ტრიბუნალმა დამნაშავედ ცნო გერმანელი ოფიცერი, გენერალ-ლეიტენანტი კურტ მეცლერი, რომელმაც ასობით ამერიკელ და ბრიტანელ სამხედრო ტყვეს რომის ქუჩებში მწყობრად გავლა უბრძანა.

თუმცა, როგორც ზემოთ ითქვა, საერთაშორისო საზოგადოება არ არის შეთანხმებული იმაზე, არის თუ არა აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი ომი რუსეთსა და უკრაინას შორის. გაურკვეველი რჩება საერთაშორისო დონეზე ისიც, არიან თუ არა 24 აგვისტოს დონეცკის ქუჩებში საჯარო სანახაობისათვის გაყვანილი ადამიანები სამხედრო ტყვეები.

XS
SM
MD
LG