Accessibility links

ტრამპი: აშშ პოლონეთთან ერთად მუშაობს რუსეთის ქმედებებზე საპასუხოდ


აშშ-ისა და პოლონეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა (მარცხნივ) და ანჯეი დუდას პრესკონფერენცია ვარშავაში. 2017 წ. 6 ივლისი.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვარშავაში ვიზიტისას განაცხადა, რომ აშშ ცენტრალურ ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების მტკიცე მხარდამჭერია და ნატოსთან და პოლონეთთან ვაშინგტონის „მტკიცე ალიანსს“ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კონფლიქტების შესაკავებლად.

ვარშავაში პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე, დონალდ ტრამპმა ახსენა რუსეთის ქმედებები, რომელთაც "დესტაბილიზაციის" გამომწვევი უწოდა. „ჩვენ ვმუშაობთ პოლონეთთან ერთად რუსეთის ნაბიჯებსა და დესტაბილიზაციისაკენ მიმართულ მოქმედებაზე საპასუხოდ. და მადლობელი ვართ მაგალითისათვის, რომელსაც პოლონეთი აძლევს ნატოს დანარჩენ წევრებს, როგორც ერთ-ერთი სულ რამდენიმე ქვეყნიდან, რომელიც ასრულებს თავის ფინანსურ ვალდებულებებს“, - განაცხადა ტრამპმა.

მოგვიანებით ასევე ვარშავაში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრისას, ტრამპი მათ დაჰპირდა აშშ-ის ძლიერ მოკავშირეობას და პარტნიორობას რუსეთიდან ენერგომომარაგებაზე დამოკიდებულების შესამცირებლად. ტრამპმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა, ისარგებლონ აშშ-დან თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის ახალი შესაძლებლობით. დღესვე ტრამპი გაემგზავრება ჰამბურგში, "დიდი ოცეულის" სამიტთან დაკავშირებით.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, ანტონი მაჩერევიჩის განცხადებით, შეერთებული შტატები თანახმაა, პოლონეთს მიჰყიდოს "პეტრიოტის" ტიპის თავდაცვითი სარაკეტო სისტემები. მინისტრის თქმით, კონტრაქტის შესახებ მემორანდუმი გაფორმებულ იქნა ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი ვარშავაში ჩაფრინდა. პოლონეთმა მარტში გამოაცხადა, რომ მოელის ამერიკული კომპანია "რეითონთან" 7,6 მილიარდი დოლარის კონტრაქტის გაფორმებას, წლის ბოლომდე "პეტრიოტის" ტიპის რვა სარაკეტო სისტემის შესაძენად. "პეტრიოტის" ტიპის თანამედროვე სისტემით შესაძლებელია თვითმფრინავებისა და ფრთოსანი რაკეტების განადგურება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG