Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრანსგენდერთა ხსოვნის დღე - როცა ზიზი ისევ სიცოცხლისთვის იბრძვის


10 ნოემბერს საქართველოში ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის სახელით, ყველა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლი ადამიანის ხსოვნის დღეს აღნიშნავენ. 2014 წელს სწორედ ამ დღეს მოკლეს და შემდეგ დაწვეს საბი ბერიანი. 2015 წელს საკუთარ სახლში გაზით გაგუდული იპოვეს ტრანსგენდერი ქალი ბიანკა შიგუროვა, 2016 წელს კი ყელი გამოსჭრეს ტრანსგენდერ ქალ ზიზის, რომლის მდგომარეობაც დღემდე უკიდურესად მძიმეა.

ჯერ კიდევ არავინ იცის, გადარჩება თუ არა ზიზი - ტრანსგენდერი ქალი, რომელსაც 2016 წლის ოქტომბერში დანით ყელი გამოსჭრეს და ქვები დაუშინეს. ის დღემდე იბრძვის სიცოცხლისათვის. მკვდარია საბი ბერიანი და ბიანკა შიგუროვა - კიდევ ორი ტრანსგენდერი ქალი. ერთი ჯერ მოკლეს და მერე მის სახლს ცეცხლი წაუკიდეს, მეორე გაურკვეველ ვითარებაში გაზით გაგუდული იპოვეს 2015 წელს. ლგბტ აქტივისტებმა ტრანსგენდერთა ხსოვნის დღის აღნიშვნა სწორედ საბი ბერიანის მკვლელობის დღეს დააწესეს,10 ნოემბერს, - ათი დღით ადრე, ვიდრე ამ დღეს დანარჩენი მსოფლიოც აღნიშნავს. შეკრების ადგილი, სიმბოლურად, ისევ იუსტიციის სახლია. როგორც „ლგბტ საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან ბერიანიძე გვეუბნება, მათ კიდევ ერთხელ სურთ საზოგადოებას შეახსენონ, რომ საბი ბერიანის მკვლელი სათანადოდ არ დასჯილა, ხოლო ტრანსგენდერ ადამიანებს ისევ არ შეუძლიათ საკუთარ პირადობის მოწმობებსა თუ პასპორტებში სქესის ჩანაწერის შეცვლა, რაც მათ ცხოვრებას აუტანლად მძიმეს ხდის. ლევანი გვეუბნება, რომ ეს არის არა, უბრალოდ, ყველაზე დაუცველი ადამიანების ჯგუფი, არამედ ხალხი, ვინც მართლა თავის გადასარჩენად იბრძვის:

„უამრავი ტრანსგენდერი ადამიანი ცდილობს საკუთარ პირადობაში როგორმე შეიცვალოს სქესის ჩანაწერი, თუმცა ისინი ამას ვერ ახერხებენ. ეს არის ის ერთ-ერთი გარემოება, რატომაც ხდებიან ისინი უფრო ხილულნი და დაუცველნი სხვადასხვა სერვისის მიღებისას თუ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის დროს, იმიტომ რომ ადამიანი მიდის, მაგალითად, ბანკში და გამოიყურება როგორც კაცი, მაგრამ, სინამდვილეში, პასპორტში უწერია მდედრობითი სქესი ან პირიქით, რაც მომენტალურად იწვევს მათ დაცინვას, შურაცხყოფას და ა.შ.“.

ნინო ბოლქვაძე
ნინო ბოლქვაძე

ლევან ბერიანიძე ამბობს, რომ ტრანსგენდერ ადამიანებს თითქმის ყველა ადგილიდან, სადაც ისინი სამსახურის შოვნას ცდილობენ, უარით ისტუმრებენ. ამას ადასტურებს ლგბტ აქტივისტი ნიკოლო ღვინიაშვილიც, რომელიც ტრანსგენდერთა უმთავრეს პრობლემად პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტაციაში სქესის ჩანაწერის შეცვლას ასახელებს. ეს არის მთავარი მიზეზი, უთხრა ნიკოლომ რადიო თავისუფლებას, რატომაც ისინი ელემენტარულ სამსახურს ვერ შოულობენ და იძულებულნი არიან მხოლოდ სექსმუშაკებად იმუშაონ:

„ტრანსგენდერ ქალებს დასაქმების სხვა საშუალება არა აქვთ - ამიტომ მიდიან ისინი კომერციულ სექსინდუსტრიაში. სხვანაირად ვერ გადარჩებიან. დამსაქმებელს არ სურს სამსახურში აიყვანოს ასეთი ადამიანი, რაც შემდეგ იწვევს მათ სოციალურ პრობლემებს... დღეს კი იმიტომ აღვნიშნავთ ტრანსგენდერთა ხსოვნის დღეს, რომ სწორედ ამ დღეს მოკლეს საბი. ასე ხილულად და ტრაგიკულად სწორედ ამ დღეს შეეხო ტრანსგენდერ ადამიანებს ჰომოფობიის ხელი. ჩვენ კი გვინდა ვთქვათ, რომ აქ ვართ, ისევ ვარსებობთ, ისევე გვაწუხებს და გვტკივა ყველაფერი, როგორც სხვებს“.

10 ნოემბერს, ტრანსგენდერთა ხსოვნის ნაციონალურ დღეს, ლგბტ აქტივისტმა ნინო ბოლქვაძემ საკუთარი პროტესტის გამოხატვა მარტომ გადაწყვიტა. ის რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ დადგა პლაკატით ხელში და ამით თქვა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, საჯარო შეკრება საკუთარი უფლებების დასაცავად სწორედ იმ ადგილას გაიმართოს, სადაც ამ პროტესტს დაინახავენ და აღიქვამენ - სწორედ იმ ინსტიტუციასთან, რომელიც გჩაგრავს, და არა რომელიღაც მოფარებულ ბაღსა თუ ჩიხში. 10 ნოემბერს ნინომ თქვა:

„10 ნოემბერს მოკლეს ადამიანი იმის გამო, რომ მან არ დათმო თავისუფლება და ხილვადი გახდა, როგორც ტრანსგენდერი ქალი. ძალიან გაბედული ადამიანი იყო საბი ბერიანიც, ბიანკა შიგუროვაც, ზიზიც. მე დღეს ვამბობ, რომ თუნდაც ერთი ადამიანის ასეთი თავგანწირვა არის ძალიან მნიშვნელოვანი და დღეს მე ვარ მათი სოლიდარული. ეს ჩემი პროტესტიცაა და მოთხოვნაც ხელისუფლების მიმართ, რომ მუდმივად შეინარჩუნოს დემოკრატიული ღირებულებებისაკენ მიმართული კურსი, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში; მედიის მიმართ, რომ შეწყვიტონ ლგბტ ადამიანების დემონიზება, და ლგბტ თემის მიმართაც არის ჩემი მესიჯი, რომ უფრო მეტი გვმართებს, უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია“.

მსოფლიო უკვე მრავალი წელია 20 ნოემბერს აღნიშნავს ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს - ეს დღე 1999 წელს რიტა ჰესტერის ხსოვნის პატივსაცემად დაწესდა. ჰესტერი ტრანსგენდერი ქალი იყო, რომელიც 1998 წლის 28 ნოემბერს სასტიკად მოკლეს, მისი მკვლელობა კი გამოუძიებელი დარჩა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG