Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დახურული სხდომა „ციანიდის საქმეზე“


თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო

5 მაისს ე.წ. ციანიდის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გაიმართა. მხარეებმა შუამდგომლობები და მტკიცებულებები წარმოადგინეს. საქართველოს პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალს სდებს ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადებაში. ის 2017 წლის თებერვალში დააკავეს. ბრალდებულის შუამდგომლობები მოსამართლე ბადრი შონიამ არ გაითვალისწინა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს. საქმის არსებითი განხილვა 19 მაისს არის ჩანიშნული.

დახურული სხდომა „ციანიდის საქმეზე“
please wait

No media source currently available

0:00 0:03:09 0:00
გადმოწერა

პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მომწამლავი ნივთიერების, ციანიდის, გამოყენებით ამზადებდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას. წინასასამართლო სხდომა, რომელიც 5 მაისს გაიმართა, პროკურატურის მოთხოვნით დაიხურა. სხდომის დახურვის აუცილებლობას ასაბუთებდნენ იმით, რომ ამ შემთხვევაში პროცესის მონაწილე პირები ჩვენებებს უფრო თამამად მისცემდნენ. პროკურორმა ვლადიმერ ვექილიანმა განაცხადა, რომ ერთ მოწმეზე, სავარაუდოდ, უკვე იყო ზეწოლა:

ჩემი სურვილია, რომ სასამართლო სხდომები იყოს საჯარო და ღია. მე დასამალი არაფერი მაქვს...
გიორგი მამალაძე

„გამოძიების მიმდინარეობისას მიღებულ იქნა სარწმუნო მონაცემები, რომ განსახილველ საქმესთან დაკავშირებით პროცესის მონაწილის ერთ-ერთი მოწმის მიმართ განხორციელდა, სავარაუდოდ, მუქარის შემცველი ზარი“.

სხდომის დახურვის მოთხოვნა არგუმენტირებული იყო იმითაც, რომ საქმეში არის ინფორმაცია დეკანოზ გიორგი მამალაძეზე და ეს ინფორმაცია მის მორალურ სახეს ეხება. მოსამართლე ბადრი შონიას განცხადებით:

„წარმოდგენილი მტკიცებულებები - მათ შორის, აუდიო-ვიდეოჩანაწერები - შეიცავს სხვადასხვა პირთა და პროცესის მონაწილეთა პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას. აღნიშნულ პირებს შორის არიან საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, რომელთა პირადი ცხოვრების დეტალები საინტერესოა საზოგადოებისთვის, მათი გამჟღავნება კი საქართველოს კონსტიტუცით გათვალისწინებული პირადი ცხოვრების უფლებისა და თავისუფლების ხელყოფა იქნება“.

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ კი განაცხადა, რომ სხდომის დახურვის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება:

„ჩემი სურვილია, რომ სასამართლო სხდომები იყოს საჯარო და ღია. მე დასამალი არაფერი მაქვს“.

სხდომას დახურვამდე ესწრებოდა საპატრიარქოს წარმომადგენელი, იურისტი ედიშერ ქარჩავა. საპატრიარქო ამ პროცესში მხარეს არ წარმოადგენს. სხდომის დაწყებამდე ქარჩავამ განაცხადა, რომ მისთვის, უბრალოდ, პროცესის მიმდინარეობაა საინტერესო:

„როგორც ბრალდების მხარეს აქვს დევნის განხორციელების საშუალება, ასევე დაცვის მხარეს - დაამტკიცოს მამა გიორგის (მამალაძე) უდანაშაულობა. ასე რომ, ჩვენ, უბრალოდ, მაყურებლის როლიდან შევაფასებთ, თუ რამდენად საფუძვლიანი და კანონიერია არგუმენტები“.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება სხდომის დახურვის შესახებ არასწორი იყო.

კვლავ გრძელდება გამოძიება გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით სავარაუდო თანამზრახველების გამოვლენის მიზნით...
ჯარჯი წიკლაური

წინასასამართლო სხდომა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სხდომაზე დაცვის მხარის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა დეკანოზ გიორგი მამალაძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება იყო. დაცვის მხარემ რამდენიმე მტკიცებულების დაუშვებლად ცნობა მოითხოვა. გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას მოითხოვდა ბრალდების მხარეც.

როგორც მთავარი პროკურორის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ, ჯარჯი წიკლაურმა, განაცხადა, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დადასტურდა, რომ ე.წ. ციანიდის ამოღება და დათვალიერება კანონის ფარგლებში მოხდა. რაც შეეხება ბრალდებულის შესაძლო თანამზრახველებს, მისი თქმით, „კვლავ გრძელდება გამოძიება გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით სავარაუდო თანამზრახველების გამოვლენის მიზნით“.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის, განცხადებით, დაცვის მხარემ ათი მტკიცებულება წარადგინა, რომლებიც ძირითადად შუამდგომლობათა დაუკმაყოფილებლობას ისახავდა მიზნად. მოსამართლემ არც ერთი მათგანი არ ცნო დასაშვებად.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG