Accessibility links

9 წელი აგვისტოს ომიდან


საპროტესტო აქცია სოფელ ყარაფილასთან

აგვისტოს ხუთდღიანი ომიდან 9 წლის თავზე, 2017 წლის 8 აგვისტოს, მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართა ღონისძიებები, რომლითაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში პატივი მიაგეს დაღუპული გმირების ხსოვნას. უკვე ტრადიციულად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გვირგვინებით შეამკეს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალიც. სოფელ ყარაფილასთან კი, დეოკუპაციის მოთხოვნით, მოქალაქეებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.

please wait

No media source currently available

0:00 0:05:35 0:00
Direct link

9 წლის შემდეგ, 8 აგვისტოს, ისევ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ომში დაღუპული ძმის, შმაგი სოფრომაძის, საფლავთან დგას სოფო სოფრომაძე. სამხედრო ფორმა აცვია. სამხედრო სამსახურში ის სწორედ აგვისტოს ომის შემდეგაა:

„დღეს გაათასმაგებული პასუხისმგებლობა მაქვს, რომ სამხედრო ვარ და ჩემს ქვეყანას ვემსახურები. კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა, რომ შმაგი სოფრომაძის და ვარ. დღეს ეს არის ჩემი ყველაზე დიდი მოტივაცია ვემსახურო ჩემს სამშობლოს“.

ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავხარჯოთ ძალისხმევა, რათა ჩვენი ქვეყანა გავაერთიანოთ და გავაძლიეროთ. რა თქმა უნდა, მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ, პირველ რიგში, მშვიდობა შევინარჩუნოთ...
გიორგი კვირიკაშვილი

რუსეთ-საქართველოს შორის აგვისტოს ხუთდღიან ომში საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 14 პოლიციელი და 169 სამხედრო. 8 ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. დაიჭრა 1 747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე.

საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, თბილისსა და ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობებზე სახელმწიფო დროშები ერთდროულად დაეშვა, ომში დაღუპული გმირების საფლავებთან კი 8 აგვისტოს დილიდან შეიკრიბნენ მათი ახლობლები და ოჯახის წევრები. გმირთა მემორიალს, ტრადიციულად,პატივი მიაგეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა, აგვისტოს ომში მებრძოლთა ახლობლებმა. „8 აგვისტო საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი დღეა. მინდა ქედი მოვიხარო ყველა გმირის წინაშე, ვინც სიცოცხლე არ დაინანა საკუთარი სამშობლოსათვის. მთელ საქართველოს გულში უნთია მათი ხსოვნის სანთელი”, - განაცხადა მუხათრგვერდის სასაფლაოზე მისულმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, კვირიკაშვილმა:

„ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავხარჯოთ ძალისხმევა, რათა ჩვენი ქვეყანა გავაერთიანოთ და გავაძლიეროთ. რა თქმა უნდა, მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ, პირველ რიგში, მშვიდობა შევინარჩუნოთ. ერთიან, ეკონომიკურად ძლიერ, დემოკრატიულ, ნამდვილად ევროპულ საქართველოს ვაშენებთ იმისთვის, რომ ეს იყოს ერთიანი სახლი ქართველებისთვის, აფხაზებისთვის და ოსებისთვის. რა თქმა უნდა, ეს ომი იყო ყველას ტრაგედია, ამიტომ ჩვენ აუცილებლად თვალებში უნდა ჩავხედოთ ერთმანეთს, ყველაფერი სათქმელი უნდა ვუთხრათ და უნდა შევრიგდეთ, რადგან შერიგებასაც ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ერთიან საქართველოში ვიცხოვრებთ და აუცილებლად გავაერთიანებთ ქართველების, აფხაზების და ოსების გულებს. არც ქართველებს, არც აფხაზებს და არც ოსებს დასაკარგი შვილი აღარ გვყავს”, - განაცხადა პრემიერმა.

ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმაც. მისი განცხადებით, დაღუპულმა გმირებმა ქვეყნის მიმართ საკუთარი ვალი სისხლით გადაიხადეს:

ჩვენ ქედს ვიხრით ყველა ქართველი ჯარისკაცის წინაშე, რომელმაც გვიჩვენა, თუ როგორ უნდა დაიცვა ეროვნული ღირსება უთანასწორო ომში, გვიჩვენა გმირობა, თუ როგორ უნდა გაწირო სიცოცხლე საკუთარი ქვეყნისთვის...
ლევან იზორია

„9 წლის წინ რუსეთის ფედერაციის ჯარებმა გადმოკვეთეს სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყნის საზღვარი და მოახდინეს ჩვენი რეგიონების ოკუპაცია. რეალურად, ეს ოკუპაცია, ჰიბრიდული ომის სახით, 90-იანი წლების დასაწყისიდან დაიწყო, იმ მომენტიდან, როდესაც ქართველმა ერმა კაცობრიობის წინაშე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აქვს თავისი დამოუკიდებელი, თავისუფალი არჩევანი და დამოუკიდებელი განვითარების გზა. მაშინვე საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა გაეროში 1992 წელს იქნა აღიარებული. საქართველოს საზღვრების ურყეობა, მსოფლიო თანამეგობრობამ აღიარა. 2008 წლის უსამართლობის შედეგად რუსეთი ცდილობს ამ საზღვრების შეცვლას. რუსეთი ცდილობს, რომ ის ისტორიული უსამართლობა, რომელიც იყო საქართველოს ოკუპაციის სახით, გაამართლოს რაიმე სახის შეცდომით, თუ რაღაცით ახსნას ეს უსამართლობა. ამ მცდელობაში რუსეთი არის სრულიად მარტო“.

„ჩვენ ქედს ვიხრით ყველა ქართველი ჯარისკაცის წინაშე, რომელმაც გვიჩვენა, თუ როგორ უნდა დაიცვა ეროვნული ღირსება უთანასწორო ომში, გვიჩვენა გმირობა, თუ როგორ უნდა გაწირო სიცოცხლე საკუთარი ქვეყნისთვის“, - ამ სიტყვებით შეამკო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ:

„მათ სახელებს საქართველო არასდროს დაივიწყებს. ჩვენი და მომავალი თაობების ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის, ქვეყნის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარებისთვის, ანუ იმ მიზნისთვის, რასაც ჩვენი გმირები შეეწირნენ”, - განაცხადა ლევან იზორიამ.

მუხათგვერდში, გმირთა მემორიალთან და ძმათა სასაფლაოზე, დღის განმავლობაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც მივიდნენ. „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა აუცილებლად მშვიდობიანი გზით უნდა შევძლოთო“, - განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, შალვა შავგულიძემ.

„ჩვენ ვალდებული ვართ, ბოლომდე მივიყვანოთ ის საქმე, რისთვისაც მათ სიცოცხლე არ დაზოგეს - ეს არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვა, რაც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ დასაცავი გვაქვს, რუსეთის აგრესიული ქმედებებიდან გამომდინარე, და ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რაც აუცილებლად უნდა შევძლოთ მშვიდობიანი გზით".

8 აგვისტოს საქართველოს მოქალაქეების ერთმა ნაწილმა აქცია გამართა სოფელ ყარაფილასთან, სადაც მათ, დეოკუპაციის მოთხოვნით, ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. აქციის მონაწილის, ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქაცარავას განცხადებით, ეს აქცია არის კიდევ ერთი მცდელობა სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანებისა დეოკუპაციის მოთხოვნით:

„ყარაფილა-ხურვალეთის გზის მონაკვეთზე სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ, რომ ოკუპაცია გავაპროტესტოთ, რომელიც არ ჩერდება 2008 წლის აგვისტოს შემდეგ. გვინდა სამოქალაქო საზოგადოებაც გავაერთიანოთ და პროტესტის და ბრძოლის იმ ლიანდაგზე დავაყენოთ, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს საქართველოს დეოკუპაციამდე“.

საქართველოს მოქალაქეებმა რუსეთის ოკუპაციის გასაპროტესტებლად მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაგეგმეს ნიუ-იორკშიც, გაეროს შენობასთან. თბილისში კი, პარლამენტის ეზოში, გაიხსნა გამოფენა "ომი ჩვენს ობიექტივში", რომელიც აგვისტოს ომის 9 წლის თავს და ომში დაღუპულ კორესპონდენტებს ეძღვნება. გამოფენაზე ფოტორეპორტიორების - გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძის, ივანე შლამოვის, ნოდარ ცხვირაშვილის და გლებ გორანიჩის - 90 ფოტოსურათი გამოიფინა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG