Accessibility links

ცვლილებები ქუთაისის თვითმმართველობაში


ქუთაისის ახლად არჩეული მერი და მერის მოადგილეები

ქუთაისის მერიის ცხრა სამსახურიდან ხუთის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გადადგომის განცხადება დაწერა ყველა სამსახურის უფროსმა, თუმცა მათგან მხოლოდ ხუთი დააკმაყოფილა ქალაქის ახლად არჩეულმა მერმა, გიორგი ჭიღვარიამ.

დაკავებული პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი ავალიანმა, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა ბაქარ ჭეიშვილმა, ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა პაატა კლდიაშვილმა, ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელმა მალხაზ ბასილაძემ და საბინაო ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამსახურის უფროსმა ვლადიმერ ნაკაშიძემ.

დროებითი ფუნქციები დაეკისრათ განყოფილებების უფროსებს ან მოადგილეებს, რომლებიც იმუშავებენ კონკურსის წესით სამსახურების ხელმძღვანელების შერჩევამდე...
ზვიად ჯავახია

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის, ზვიად ჯავახიას, განცხადებით, მასთან ერთად თანამდებობებზე რჩებიან სამხედრო, სოციალური საკითხებისა და კულტურის სამსახურების ხელმძღვანელები - ლერი ყენია, გია ჩიჯავაძე და ვაჟა ჯუღელი:

„დაკმაყოფლიდა მერიის ხუთი სამსახურის ხელმძღვანელის პირადი განცხადება გათავისუფლების შესახებ, ხოლო ოთხზე არ დაკმაყოფილდა. დროებითი ფუნქციები დაეკისრათ განყოფილებების უფროსებს ან მოადგილეებს, რომლებიც იმუშავებენ კონკურსის წესით სამსახურების ხელმძღვანელების შერჩევამდე“.

ქუთაისის მერიასა და საკრებულოს აპარატში რეორგანიზაციის გადაწყვეტილება ქალაქის საკრებულომ 29 ნოემბერს მიიღო. გასული კვრის ბოლოდან მუშაობა დაიწყო მერის პირველმა მოადგილემ, ანუ ვიცე-მერმა გიორგი იობაშვილმა, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვის განმავლობაში იყო ქალაქის წინა მერის, შოთა მურღულიას, მოადგილე. გიორგი იობაშვილის განმარტებით, ვიცე-მერის თანამდებობაზე გაიზრდება მისი საკურატორო სფეროს არეალი:

გიორგი იობაშვილი
გიორგი იობაშვილი

„აქტიურად გავაგრძელებ იგივე საქმის კეთებას, რაც ჩვენს ქალაქს და ქალაქელებს სასიკეთოდ წაადგება. რასაც ვკურირებდი, იგივე დამრჩება და დაემატება უფრო მნიშვნელოვანი სფეროები“.

მუშაობას შეუდგა ქუთაისის მერის ორი ახალი მოადგილეც, მათ შორის, ნინო თვალთვაძე, რომელიც ქალაქის მთავრობაში გადაწყვეტილების მიმღებ მაღალ თანამდებობაზე დანიშნული პირველი ქალია. ნინო თვალთვაძე ბოლო წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას „ევროპული ასოციაცია ადგილობრივი დემოკრატიისთვის“. მისი განცხადებით, ის აქტიურად გამოიყენებს სამოქალაქო და კერძო სექტორებში მუშაობისას შეძენილ ცოდნას და გამოცდილებას:

ნინო თვალთვაძე
ნინო თვალთვაძე

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ჩავდგე ჩემი ქალაქის სამსახურში. ვეცდები ჩემი რესურსი და გამოცდილება მოვახმარო ქალაქს იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს საერთაშორისო ურთიერთობები, რომელიც იქნება ჩემი კურატორობის ქვეშ; გაუმჯობესდეს ტურიზმის მიმართულოებით არსებული მდგომარეობა და არსებული სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები“.

ქუთაისის მერის კიდევ ერთ მოადგილეს, იუზა უგულავას ინფრასტრუქტურული პროექტების კურირება დაევალა. როგორც თავად ამბობს, გამოცდილება დაეხმარება პროექტების წარმატებით განხორციელებაში:

იუზა უგულავა
იუზა უგულავა

„ვმუშაობ დიდი ხანია, მსგავს სფეროებს ვკურირებდი როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში, ასევე ხონის მუნიციპალიტეტში, სადაც ვიყავი გამგებლის პირველი მოადგილე, და გამოცდილება ძალიან დიდი მაქვს. ქუთაისს შევთავაზებ გლობალურ პროექტებს, დასასრულებელია წყალმომარაგების პროექტი და დაიწყება წყალარინების და, გარდა ამისა, ქალაქში განხორციელდება პროექტები, რომლებსაც თვითმმართველობა დააფინანსებს“.

ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას, განცხადებით, მოადგილეები პროფესიონალიზმისა და სუფთა წარსულის ნიშნით შეარჩია და დარწმუნებულია, რომ ისინი ქალაქის განვითარებაზე იზრუნებენ. გიორგი ჭიღვარიას განმარტებით, მერიასა და საკრებულოს აპარატში გამოცხადებული რეორგანიზაცია თანამშრომელთა შემცირებას არ გულისხმობს და მხოლოდ სამსახურების სტრუქტურული ცვლილებაა დაგეგმილი:

განხორციელდება სამსახურების სტრუქტურული ცვლილებები, რათა მერიის სამსახურების მუშაობა უფრო მეტად მოქნილი იყოს და მოსახლეობაზე ორიენტირებული...
გიორგი ჭიღვარია

„რეორგანიზაციის პროცესი დაწყებულია. ეს არ იქნება მტკივნეული, რადგან არ ვაპირებთ თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას. განხორციელდება სამსახურების სტრუქტურული ცვლილებები, რათა მერიის სამსახურების მუშაობა უფრო მეტად მოქნილი იყოს და მოსახლეობაზე ორიენტირებული“.

ცვლილებებია ქუთაისის მერიას დაქვემდებარებულ დაწესებულელბებშიც. თანამდებობა უკვე დატოვა „სპეციალური სერვისების“ ხემძღვანელმა გელა გაგუამ, რომელიც ზვიად მანდარიამ შეცვალა. ქუთაისის მერის ინფორმაციით, მერიას დაქვემდებარებულ დაწესებულებებში ცვლილებები კვირის ბოლოსთვის დასრულდება. ქუთაისის მერიას 20–მდე დაწესებულება ექვემდებარება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG