Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარა – ტურისტული სეზონის მთავარი მოთამაშე


ბათუმი
ბათუმი

მაისიდან საქართველოში ზაფხულის ტურისტული სეზონი გახსნილად გამოცხადდა. ზაფხულის სეზონის მთავარი მოთამაშე, როგორც ცნობილია, აჭარის რეგიონია, სადაც საქართველოს ზღვისპირეთის ყველაზე მეტი კურორტი და ტურისტული ინფრასტრუქტურაა განთავსებული.

რამდენიმე წლის წინ აჭარაში ჩამომსვლელ ტურისტთა გეოგრაფია ძირითადად მეზობელი ქვეყნებით - სომხეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი - ამოიწურებოდა, თუმცა გეოგრაფიამ თანდათან გაფართოება დაიწყო და დღეს უკვე საქართველო პოლონეთის მთავარ ტურისტულ სამიზნე ქვეყნებს შორის მერვე ადგილზე გავიდა, წელს კი განსაკუთრებით შეინიშნება უკრაინელი და რუსი ტურისტების რაოდენობის ზრდა.

აჭარის ტურიზმის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგია ამ ბაზრების შემდგომ ათვისებას და მათ გაფართოებას გულისხმობს. კერძოდ, 2014 წელს აჭარის მთავრობის მარკეტინგული კამპანიის სამიზნე ქვეყნებია ყაზახეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსი, თურქეთი, ისრაელი, პოლონეთი, ლიტვა;

ასევე ტურიზმის განვითარების მთავარი სტრატეგია ხარისხიანი საწოლი ადგილების რაოდენობის გაზრდაა. დღეს არსებული სტატისტიკით, აჭარაში 252 სასტუმროა, სადაც 4 495 ოთახი და 10440 საწოლი ადგილია, რაც ნიშნავს, რომ აჭარის სასტუმროები ერთდროულად 10 440 სტუმარზე მეტს ვერ მასპინძლობენ. ცხადია, ცალკე თემაა არაოფიციალური სექტორი, სადაც დამსვენებელთა საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ისვენებს, თუმცა უცხოელ ტურისტზე ორიენტირებისთვის ხარისხიანი საწოლების რაოდენობის გაზრდა აუცილებელია.

აჭარის ტურიზმის სამსახურის სტრატეგია 2015-2016 წლებისთვის სასტუმრო ოთახების რაოდენობის 2 460–ით გაზრდას, ხოლო საწოლი ადგილების რაოდენობის 4 900–ით გაზრდას გულისხმობს, რაც ორ წელიწადში არსებული რაოდენობის 50 პროცენტით გაზრდას ნიშნავს.

ამისთვის კი, ცხადია, აუცილებელია ინვესტიციები ტურიზმის სექტორში. ბოლო წლების სტატისტიკა ამ ტიპის ინვესტიციების არათანმიმდევრულ ზრდაზე მიგვანიშნებს. ბოლო 5 წლის მანძილზე ყველაზე დიდი კერძო ინვესტიცია ტურიზმის სფეროში 2013 წელს არის განხორციელებული, ასევე საკმაოდ დიდი თანხები იყო ჩადებული ბიზნესში 2009 წელს. აჭარაში, მაგალითად, კერძო პირდაპირი ინვესტიციები ტურიზმის სექტორში წლების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

2009 წელს - 68 მილიონი აშშ დოლარი; 2010 წელს - 45 მილიონი აშშ დოლარი; 2011 წელს - 56 მილიონი აშშ დოლარი; 2012 წელს - 49 აშშ დოლარი; 2013 წელს - 78 მილიონი აშშ დოლარი.

ეს მოცულობა 2013 წელს რეგიონში მთლიანი ინვესტიციების 41 პროცენტს შეადგენს.

აქვე საინტერესოა ტურიზმის სფეროს ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი, კაზინოების ბიზნესი, რომელიც აჭარაში ტურისტების მოზიდვასა და ადგილობრივი ბიუჯეტის შევსებაში არცთუ მოკრძალებულ როლს თამაშობს:

ამჟამად აჭარაში 6 კაზინო ფუნქციონირებს და 2017 წლისათვის კიდევ 8 ახალი კაზინოს ამოქმედება იგეგმება. 2013 წლისათვის აჭარაში არსებულ კაზინოებში 230 000 ვიზიტორის სტუმრობა დაფიქსირდა.

2013 წელს, მხოლოდ სათამაშო აპარატების მოსაკრებლის სახით, ბათუმის ბიუჯეტში 3 მილიონ ლარზე მეტი შევიდა, სათამაშო მაგიდებიდან კი - 4 მილიონ ლარზე მეტი.

როგორც აჭარის ტურიზმის სამსახურის სტრატეგიაშია აღნიშნული, ზღვის გარდა, დღეისათვის კაზინოა სასტუმრო ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი კომპონენტი, ასევე ტურიზმის ინდუსტრიაში ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა.

XS
SM
MD
LG