Accessibility links

დღეიდან, 1 ივლისიდან, საქართველოში დაიწყო ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა. პროგრამით ისარგებლებს ნებისმიერი ასაკის სოციალურად დაუცველი პირი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 100 000-ის ჩათვლით. ეგრეთ წოდებული უფასო წამლების პროგრამა 4 ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებზე ვრცელდება. მათთვის უფასო წამლები სახელმწიფოს მზრუნველობის გამოხატულებაა, თუმცა სკეპტიკოსები ფიქრობენ, რომ არსებული სახით, მწირი ბიუჯეტის პირობებში, იგი დიდხანს ვერ გაგრძელდება.

საქართველოს შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილის, ზაზა სოფრომაძის, განმარტებით, ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი ის მოქალაქეები, რომელთაც აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები და შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპი.

“სტატისტიკის მიხედვით, დაავადებების მთლიან სტრუქტურაში ამ სახის დაავადებებს უჭირავთ 60-70 პროცენტი და ცხადია, რომ ამ დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის გახლავთ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი“, ამბობს ზაზა სოფრომაძე, რომლის განმარტებით, მედიკამენტების ყოველი გატანისას პროგრამის ბენეფიციარი აფთიაქში იხდის მედიკამენტების ღირებულების 10 პროცენტს, რაც 1 ლარს არ აღემატება, მაგრამ არანაკლებია 5 თეთრზე. ეგრეთ წოდებული უფასო წამლების პროგრამაში ჩართული ადამიანებისთვის ეს დიდი შეღავათია:

„ვარ ქრონიკულად ავადმყოფი, ასთმიანი. შემოსავალი რაც მაქვს, 80 პროცენტი წამალში მიდის. ცერეტიტი ისეთი ძვირიანი წამალია, რომ თითქმის ჩემი შემოსავალი იმაში მიდის. ჩემს საჭიროებებს ფარავს ეს პროგრამა“.

„გულის უკმარისობა მაქვს, ვარიკოზული დაავადება მაქვს, არითმია მაქვს, წნევები მაქვს. სისტემატიურად წამალს ვღებულობ 4-5 მედიკამენტს. ზოგი ღირს 5 ლარი, ზოგი - 7, ზოგი - 17, ზოგი - 18, ასე. რომ არ მოგატყუილოთ, სადღაც 60 მანეთი მაინც მიდის საშუალოდ. ეს ყველაზე ნაკლები“.

სამიზნე პოპულაცია, მთლიანობაში, 600 000 ადამიანია. მათგან ზოგადი გათვლებით, პროგრამით განსაზღვრული ქრონიკული დაავადება აქვს საშუალოდ 150- 200 000 პირს. პირველ ეტაპზე ეს ადამიანები psp- ს სააფთიაქო ქსელის შესაბამის აფთიაქში შეღავათიან ფასად 13 დასახელების მედიკამენტს მიიღებენ, მთლიანად კი წამლის სუბსიდირების პროგრამაში 24 მედიკამენტი შედის. მთლიანობაში, სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 3, 5 მილიონი ლარამდეა, რაც არასაკმარისად ეჩვენება ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ჭიაბერაშვილს:

“როგორ უნდა შეისყიდოს სახელმწიფომ ასეთ დაბალ ფასად ეს მედიკამენტები, როდესაც თუ იმ 24 მედიკამენტის საშუალო საბაზრო ფასს ავიღებთ, დაახლოებით, 25 ლარზე გავალთ. და კი მესმის, რომ ეს კონსოლიდირებული შესყიდვაა და შეიძლება ფასი დაწიოს მომწოდებელმა, მაგრამ არა იმდენად, რომ ასეთ დაბალ ფასად იყოს შესაძლებელი მოწოდება. კითხვას აჩენს, 150 000 ადამიანიც კი მიიღებს თუ არა სუბსიდირებულ წამალს. პრობლემა არის იმაში, რომ ამ 24 წამლიდან მხოლოდ 13-ზე ჩატარდა ტენდერი და 11-ზე ჩაიშალა“.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თანახმად, ტენდერების ჩაშლის მიზეზი გახდა ის, რომ მომწოდებლებმა არარეალურად მიიჩნიეს ის თანხები, რომლებიც სამინისტრომ მათ საწყის ფასად შესთავაზა. სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი ირინა გობეჯიშვილი კი ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთვის უპირატესი მედიკამენტების ხარისხია და ტენდერების ჩაშლის სავარაუდო მიზეზადაც ეს იქცა:

„ერთბაშად გამოცხადდა ყველა ტენდერი. სამწუხაროდ, ორჯერ მოხდა ამ ტენდერების ჩაშლა, არ შედგა. ამ ეტაპზე კვლავ მიმდინარეობს, 5-ში 4 ტენდერი იხსნება, 2 ტენდერი ამწუთას შემდგარია. უბრალოდ, მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცედურები. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, 2 მედიკამენტზე ვერ ჩავთვლით, რომ გამარჯვებული გამოვლენილია. უბრალოდ, არის დღეს 13 მედიკამენტის მიღების შესაძლებლობა. სავარაუდოდ, ვფიქრობთ, რომ ივლისის ბოლომდე ეს სრულად შეივსება და მიიღებენ ყველა მედიკამენტს ჯამურად“.

აქვე ირინა გობეჯიშვილი აზუსტებს, რომ იმ ბენეფიციარებს, რომელთა კუთვნილი მედიკამენტების ჩამონათვალში არის ის პრეპარატები, რომლებიც ჯერ ვერ გაიცემა, პროგრამით სარგებლობა მაინც შეუძლიათ:

„ბენეფიციარები, რომლებიც დარეგისტრირდებიან და, დავუშვათ, აქვთ ორი მედიკამენტი და მესამე მედიკამენტზე არიან მოლოდინის რეჟიმში, თავისუფლად შეუძლიათ მიიღონ ეს ორი მედიკამენტი და შემდგომში უკვე მოგვმართონ იმ ერთი მედიკამენტის მისაღებად“.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ვარაუდით, წამლის სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარები ორშაბათიდან, 3 ივლისიდან, უფრო მეტად გააქტიურდებიან.

საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის ეგრეთ წოდებული მესამე ეტაპი, რომელმაც სოციალურად დაუცველთა ნაწილისთვის წამლის სუბსიდირების პროგრამაც მოიცვა, მთლიანობაში, 1 მაისიდან შევიდა ძალაში. ხელისუფლების წარმომადგენელთა წინასწარი განცხადებებით, მედიკამენტების სიმბოლურ ფასად - 1 ლარამდე - შეძენის უფლება ასაკით პენსიონერებსაც უნდა მისცემოდათ, მაგრამ სახელმწიფომ ეს დაპირება ვერ შეასრულა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG