Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური ნების მიღმა დარჩენილი უფლებრივი მდგომარეობა და რეფორმები


დისკუსიის მონაწილეები
დისკუსიის მონაწილეები

„აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრისა“ და ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ორგანიზებით, ქუთაისში იმსჯელეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა და იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც საქართველო დგას. ევროკავშირთან 2014 წელს გაფორმებული ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით სისტემური რეფორმების გატარებას. სამოქმედო გეგმების შესრულებას აქტიურად აკვირდებიან საზოგადოებრივი ორგანიზაციები. ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს რამდენიმე მიმართულება, მათ შორის: შრომისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მდგომარეობა,საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკა და ადმინისტრაციული რეფორმა.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელ ლელა გვიშიანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე სამოქალაქო საზოგადოება აქტიურად მუშაობს და არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პროფკავშირებმა არაერთი რეკომენდაცია მოამზადეს, საპარლამენტო კომიტეტების მიერ გასულ კვირაში მეორე მოსმენით მოწონებული კანონპროექტი დასაქმებულთა საჭიროებებს არ ასახავს. ლელა გვიშიანისავე განცხადებით, კანონპროექტში შრომის ინსპექციის ვალდებულებები არასაკმარისადაა მოცემული და კანონის მიღების შემდეგ ინსპექცია შრომის უსაფრთხოებას შეამოწმებს მხოლოდ მომეტებული საფრთხის მქონე მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოებისას. ლელა გვიშიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის არ არსებობს ჩამონათვალიც, თუ რა არის მიჩნეული მომეტებული საფრთხის მქონე, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოდ. ლელა გვიშიანმა ისაუბრა შრომის ინსპექციის იმ მახასიათებლებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ დასაქმების სხვადასხვა ადგილზე - მათ შორის მშენებლობებზე - შრომის უსაფრთხოებას:

ქუთაისი
ქუთაისი

„შრომის ინსპექციას უნდა ჰქონდეს სამი ძირითადი მახასიათებელი: პირველი ეს არის უპირობო დაშვების მექანიზმი, რაც ნიშნავს ინსპექციის უფლებას, ყველანაირი წინასწარი შეთანხმების გარეშე შეამოწმოს საწარმო თუ კომპანია, მეორე – შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია ამბობს, - და ჩვენ ვიზიარებთ, - რომ ინსპექციამ უნდა შეამოწმოს არა მხოლოდ უსაფრთხოება, არამედ შრომითი პირობებიც და მესამე – დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ინსპექცია უნდა ფლობდეს ადეკვატური რეაგირების მექანიზმს. შრომის ინსპექციას არა მხოლოდ რეპრესიული რეაგირება ევალება, არამედ პრევენციული ფუნქციაც აქვს, რათა შემდგომში აღარ მოხდეს იგივე დარღვევები. შრომის ინსპექციის შექმნის საკითხი არის მთლიანად პოლიტიკური, რომლის ნებაც არა და არ მომწიფდა სახელმწიფო სტრუქტურებში“.

ლელა გვიშიანისავე განცხადებით, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი ამ დრომდე მიიჩნევს, რომ შრომის ინსპექტირება არ უნდა შეეხოს დასაქმების ყველა სფეროს და ინსპექციის მოქმედების არეალი უნდა იყოს ლიმიტირებული, რაც არ პასუხობს ასოცირების დღის წესრიგს და ქვეყანაში არსებულ ვითარებას, მაშინ როდესაც სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა რაოდენობა მზარდია.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ყურადღება გამახვილდა, ბავშვთა უფლებებია.არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორის ანა არგანაშვილის განცხადებით, მოსახლეობის ბოლო საყოველთაო აღწერის მიხედვით, საქართველოში სულ 800 ათასი ბავშვი ცხოვრობს და მათ შორის 10 ათასია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, რაც არაზუსტი სტატისტიკაა, რადგან, მსოფლიო გამოცდილებით, შშმ ბავშვთა რიცხვი საერთო რაოდენობის 15 %-მდე მერყეობს. უფლებადამცველისავე განცხადებით, ქვეყანაში ასევე არ არსებობს მონაცემები ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების შესახებ და მკვლევრები მხოლოდ გაეროს ბავშვთა ფონდის 2008 წლის მონაცემებს ეყრდნობიან, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში 1 200 ბავშვი ცხოვრობდა და მუშაობდა ქუჩაში. ანა არგანაშვილის განცხადებით, რეალობასა და სახელმწიფო აღიარებას შორის დიდი დისონანსია:

ანა არგანაშვილი
ანა არგანაშვილი

„მთავრობა არ ატარებს არც ერთ კვლევას, არ დებს არც ერთ სტატისტიკას. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ადვოკატირებას ვიწყებთ, უნდა გვქონდეს მონაცემი, რა იყო თავდაპირველად და როგორ გაუმჯობესდა. ასეთი შედარების საშუალება ჩვენ არ გვაქვს. ეს არის დიდი ხარვეზი და მისი აღმოფხვრა აუცილებელია“.

ანა არგანაშვილის აზრით, 2014-2016 წლის სამოქმედო გეგმაში ბავშვთა უფლებების გაუმჯობესებისთვის ჩანაწერები იყო ზოგადი ხასიათის და მათი მეშვეობით რაიმე შედეგის მიღწევა შეუძლებელი გახდა.2017-2020 წლების სამოქმედო გეგმაში კი ვალდებულებები შეიცვალა და დაკონკრეტდა, რაც შშმ, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვთა საჭიროებების განსაზღვრისა და პრობლემების მოგვარების შესაძლებლობას იძლევა.

ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე საუბარი იყო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საქართველოში უკვე განხორციელებულ სისტემურ რეფორმებზეც. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსის, ლაშა სენაშვილის, განმარტებით, ანტიკორუფციული რეფორმების დღის წერიგის ფარგლებში, დაიწყო საჯარო სამსახურის რეფორმა და ამოქმედდა ახალი კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, ამოქმედდა ასევე დეკლარაციების მონიტორინგი, მაგრამ ამ დრომდე არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ აღმოიფხვრას მაღალი დონის კორუფცია:

ქუთაისი
ქუთაისი

„ჩვენ ვერ გავიხსენებთ პრაქტიკულად ვერც ერთ შემთხვევას, როდესაც რეალურად მოხდა ამა თუ იმ საქმის გამოძიება, რაზეც საუბრობდნენ, რომ იყო მაღალი დონის კორუფცია ან, შესაძლოა, ყოფილიყო. მთავარი პრობლემა არის პოლიტიკური ნება, რომლისგანაც გამომდინარეობს სხვა ყველა მანკიერი მხარე, რის გამოც ვერ ხერხდება მაღალი დონის კორუფციასთან ეფექტური ბრძოლა. ეფექტური იქნებოდა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული მექანიზმის ან ორგანიზაციის შექმნა, რომელიც იქნებოდა თავისუფალი პოლიტიკური ჩარევისგან და დამოუკიდებელი თავის ქმედებებსა და გადაწყვეტილებებში. ასეთი ორგანოს შექმნის პერსპექტივაც არ ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ვითხოვთ ჩვენ და ყველა მოითხოვს, ვინც თვლის, რომ ქვეყანაში კორუფცია პრობლემაა“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსის, ლაშა სენაშვილისავე განცხადებით, საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით სისტემური რეფორმების ფარგლებში არაერთი დაპირების მიუხედავად, ამ დრომდე არ არის მიღებული ახალი კანონი “საჯარო ინფორმაციის შესახებ”, რომელიც არსებულზე მეტად უზრუნველყოფდა საჯარო სექტორის გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეებისთვის ინფორმაციას მეტად ხელმისაწვდომს გახდიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG