Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა მინსკის შეხვედრის შემდეგ


ვლადიმირ პუტინი, ალექსანდრ ლუკაშენკო, პეტრო პოროშენკო
ვლადიმირ პუტინი, ალექსანდრ ლუკაშენკო, პეტრო პოროშენკო

„ძალიან მძიმე და რთული“ - ასე შეაფასა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რუს კოლეგასთან, ვლადიმირ პუტინთან, პირისპირ შეხვედრა, რომელიც 26 აგვისტოს მინსკში გაიმართა. მთელი მსოფლიოს მედია მოიარა ინფორმაციამ, რომ ორი დაპირისპირებული ქვეყნის პრეზიდენტებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. ეს 26 აგვისტოს მოხდა. 27 აგვისტოს კი კიევმა მორიგი ბრალდება წაუყენა რუსეთს, აღმოსავლეთ უკრაინაში მისი ჯარისკაცების გადაადგილების გამო.

უკრაინის უშიშროების საბჭოს პრესმდივანი ანდრეი ლისეკნო აცხადებს, რომ რუსი ჯარისკაცები დაჯავშნილი მანქანებით გადავიდნენ უკრაინის ტერიტორიაზე და შეიჭრნენ ქალაქ ამბროსიივკაში, რომელიც დონეცკის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 60-მდე კილომეტრში მდებარეობს.

სამშვიდობო გეგმის საფუძველზე შემუშავდება საგზაო რუკა და შევეცდებით კონსულტაციების გამართვას სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის მეშვეობით, რათა რაც შეიძლება მალე გადავიდეთ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმზე...
პეტრო პოროშენკო

კიდევ ერთი ინფორმაციით, რომელსაც უკრაინის სამხედრო წარმომადგენლები ავრცელებენ, ტანკებისა და მძიმე შეიარაღების დიდი კოლონა მიემართება რუსეთიდან დონეცკის სამხრეთით, 80-მდე კილომეტრში მდებარე ტელმანოვეს მიმართულებით. ლისენკოს ხელთ არსებული მონაცემებით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა 200-მდე სეპარატისტი დახოცეს და ტანკები და სარაკეტო სისტემები გაანადგურეს სხვა ადგილას, ჩრდილოეთის მიმართულებით შეტაკებისას. ამავე წყაროს ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 13 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.

ეს ინფორმაცია ვრცელდება სულ ერთ დღეში მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ მინსკის შეხვედრაზე ყველა მხარე - გამონაკლისის გარეშე - მიემხრო კიევის სამშვიდობო ინიციატივას.

„სამშვიდობო გეგმის საფუძველზე შემუშავდება საგზაო რუკა და შევეცდებით კონსულტაციების გამართვას სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის მეშვეობით, რათა რაც შეიძლება მალე გადავიდეთ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმზე, რომელიც შემდეგ უზრუნველყოფილი იქნება ეუთოს სამეთვალყურეო მისიის მიერ. მისია შეძლებს მეთვალყურეობა გაუწიოს და შემოწმება ჩაუტაროს ზავის რეჟიმს, რომელიც ორმხრივი უნდა იყოს“, - განაცხადა პოროშენკომ 26 აგვისტოს მინსკში, რუსეთის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, რომელშიც მასთან ერთად მონაწილეობდა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, კეტრინ ეშტონი.

კეტრინ ეშტონი
კეტრინ ეშტონი

„ჩემი აზრით, დღეს გაიმართა მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომლის დროსაც შევძელით ფოკუსირება ორ კონკრეტულ სფეროზე. მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამ მხრივ უკიდურესად მნიშვნელოვანია გზების გამონახვა ბრძოლის შესაწყვეტად და საზღვრების დაცვის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ეშტონმა მინსკში, სადაც 26 აგვისტოს გაიმართა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა - პუტინის შეფასებით, პოზიტიური შეხვედრა.

პუტინმა საჭიროდ ჩათვალა იმის ხაზგასმა, რომ ზავის გეგმა არის მხოლოდ კიევსა და მეამბოხეებს შორის მოსაგვარებელი საკითხი და არანაირად არ ეხება რუსეთს. „ვისაუბრეთ სისხლისღვრის უსწრაფესად შეწყვეტის აუცილებლობაზე, აუცილებლობაზე, პოლიტიკურად მოგვარდეს ყველა პრობლემა, მთელი კომპლექსი პრობლემებისა, რომლებსაც უკრაინა შეეჯახა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში. რუსეთი, თავის მხრივ, ყველა ღონეს იხმარს ამ სამშვიდობო პროცესისათვის, თუ ის დაიწყება და, ჩვენი აზრით, ის რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს“, - განაცხადა პუტინმა.

ინფორმაციით, რომელიც ბოლო საათებში მყარდება ახალი, ძალიან ძლიერი მტკიცებულებებით, აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედებენ რუსეთის ჯარის შენაერთები...
დონალდ ტუსკი

პუტინის სამშვიდობო რიტორიკისა და დაპირებების რომ ბევრს აღარ სჯერა, ამაზე მიუთითებს განცხადება, რომელიც 27 აგვისტოს ვარშავაში გააკეთა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა.

„უკვე ვეღარავინ მოეკიდება სერიოზულად ინფორმაციას უკრაინაში სეპარატისტების შესახებ. ინფორმაციით, რომელიც ბოლო საათებში მყარდება ახალი, ძალიან ძლიერი მტკიცებულებებით, აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედებენ რუსეთის ჯარის შენაერთები. ეს ინფორმაცია, რომელსაც ნატო ავრცელებს და ჩვენი დაზვერვის სამსახურების მიერაც დასტურდება, უკვე ცალსახაა“, - აღნიშნა პოლონეთის პარლამენტში პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა. სხვათა შორის, ის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე ჰერმან ვან რუმპეს სავარაუდო შემცვლელთა შორის.

XS
SM
MD
LG