Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ექს-პრემიერი მოსკოვში აცხადებს, რომ შეიქმნა „ხსნის კომიტეტი“


ნიკოლაი აზაროვი
ნიკოლაი აზაროვი

უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა გამოაცხადა, რომ შეიქმნა „უკრაინის ხსნის კომიტეტი“ და გამოვიდა ვადამდელი არჩევნებით „რეჟიმის ტოტალური შეცვლის“ მოწოდებით, საიმისოდ, რომ „ჩვენს ქვეყანაში წესრიგი აღდგესო“.

აზაროვმა, რომელიც პრემიერ-მინისტრი იყო ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის, მმართველობის პირობებში, - სანამ ამ რეჟიმს 2014 წლის „ევრომაიდნის“ საპროტესტო გამოსვლები დაამხობდა და ყოფილი მაღალჩინოსნები რუსეთში წავიდოდნენ, - ეს განცხადებები 3 აგვისტოს გააკეთა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე:

„უკრაინელ ხალხს ალტერნატივა უნდა შევთავაზოთ. მოქმედმა რეჟიმმა უკრაინაში შექმნა ტერორის ატმოსფერო. იკრძალება განსხვავებული აზრი, რეჟიმი უსწორდება რეალური ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს. ხალხი ალტერნატივას ვერ ხედავს“.

აზაროვმა „ევრომაიდანს“ „გადატრიალება“ უწოდა და განაცხადა, „ხსნის კომიტეტის“ აზრით, უკრაინაში წესრიგის აღდგენა შეუძლებელია პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლის გარეშეო.

ეს პირველი შემთხვევაა, რომ იანუკოვიჩის მოკავშირე ოფიციალურ განცხადებას აკეთებს ხელისუფლების დაბრუნების სურვილზე. თუმცა აზაროვი აცხადებს, რომ ინიციატივაში ჩართული არ არიან ყოფილი პრეზიდენტი და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები.

„სამწუხაროდ, „ხსნის კომიტეტი“ უკრაინის გარეთ იქმნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ დავბრუნდებითო“, განაცხადა აზაროვმა და დასძინა, კომიტეტი მზადაა იკისროს სრული პასუხისმგებლობა უკრაინაში არსებულ ვითარებაზეო:

„ჩვენი მთავარი ამოცანა რეჟიმის ტოტალური შეცვლაა, მისი განახლება. რა არის სრული განახლების მექანიზმი? ასეთი ერთია: საპრეზიდენტო და ხელისუფლების ყველა სხვა ორგანოს ვადამდელი არჩევნები და ახალი კონსტიტუციის მიღება“.

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო 2014 წლის მაისში აირჩიეს ხუთწლიანი ვადით. მისი არჩევნები გაიმართა სამ თვეში მას შემდეგ, რაც ქვეყანა იანუკოვიჩმა დატოვა, საპროტესტო გამოსვლების შედეგად. გამოსვლები მოჰყვა იანუკოვიჩის გადაწყვეტილებას უარი ეთქვა ევროკავშირთან საეტაპო მნიშვნელობის სავაჭრო და პოლიტიკური ხელშეკრულების გაფორმებაზე და ამის ნაცვლად რუსეთთან გაეღრმავებინა კავშირები.

აზაროვმა იანუკოვიჩის აწ უკვე გაუქმებული ორგანიზაციის, „რეგიონების პარტიის“, ყოფილი დეპუტატი ვლადიმირ ოლეინიკი დაასახელა ახლად შექმნილი „ხსნის კომიტეტის“ ხელმძღვანელად და თქვა, რომ პრეზიდენტის პოსტის კანდიდატიც ოლეინიკი იქნება.

აზაროვმა დასძინა, რომ ახლად შექმნილი ჯგუფის ყველა წევრის სახელებს ვერ აკონკრეტებს, რადგან ბევრი მათგანი უკრაინაში იმყოფება და ამით საფრთხე შეექმნებათ.

„უწინ, როცა ცენზურა გვქონდა, ვუსმენდით ამერიკის ხმას, რადიო თავისუფლებას. ახალგაზრდებს ეს შესაძლოა არ გახსოვდეთ, მაგრამ მე კარგად მახსოვს. ალტერნატიული თვალსაზრისი არ არსებობდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, მას მაინც მოისმენდით, როცა მიხვიდოდით მაღაზიაში ან სახელმწიფოს სხვადასხვა მომსახურებასთან გიწევდათ შეხება. ახლაც ასეა. არ უნდა ჩათვალოთ, რომ ის ყველაფერი, რასაც უკრაინის ოფიციალური მედია ან უკრაინის არსებული მედია გადასცემს, უკრაინელი ხალხის თვალსაზრისს ასახავს. გუშინ ჩემი ფეისბუქის გვერდი 150 ათასზე მეტმა პირმა მოინახულა. შესაძლოა არც ისე ბევრია, მაგრამ ცოტაც არ არის. ჩნდება სულ სხვა თვალსაზრისები - აბსულუტურად განსხვავებული“, - განაცხადა აზაროვმა პრესკონფერენციაზე.

67 წლის აზაროვი უკრაინის პრემიერ-მინისტრი იყო 2010-2014 წლებში, იანუკოვიჩის მმართველობის პირობებში. მასზეც და იანუკოვიჩზეც უკრაინის ხელისუფლებას ძებნა აქვს გამოცხადებული. მათი ბრალდებები მოიცავს გაფლანგვას და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. აზაროვის დაპატიმრებაზე საერთაშორისო ორდერი აქვს გაცემული ინტერპოლს.

აზაროვის განცხადებას, სავარაუდოდ, უკრაინაში აღიქვამენ ხელისუფლების დაბრუნების მცდელობად, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს.

თუმცა „უკრაინის ხსნის კომიტეტის“ შექმნის შესახებ ცნობის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რუსეთის მთავრობას „კავშირი არ აქვს ამ ინიციატივასთანო“.

იანუკოვიჩის მიერ ხელისუფლების დაკარგვა წარმოადგენდა მხოლოდ ერთ ფაქტს პროცესში, რომელმაც მნიშვნელოვნად გააუარესა რუსეთის ურთიერთობა უკრაინასა და დასავლეთთან. 2014 წლის მარტში რუსეთმა უკრაინისგან ყირიმის ანექსირება მოახდინა - იქ სამხედროების გაგზავნის და გამოყოფის შესახებ რეფერენდუმის გამართვის შემდეგ. კიევის ძალები კი უკრაინის აღმოსავლეთში ებრძვიან რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს. ამ კონფლიქტს 2014 წლის შემდეგ 6 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციას ოლეინიკიც ესწრებოდა. მან განაცხადა, უკრაინა ნეიტრალური ქვეყანა უნდა იყოსო, ანუ გაიმეორა მოთხოვნა, რომელსაც ხშირად აყენებს რუსეთი, უკრაინის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის წინააღმდეგ.

„ვაცხადებთ, რომ არავის აქვს უფლება ჩაერიოს ჩვენს საშინაო საქმეებში - არც ამერიკას, არც ევროპას და არც რუსეთს. თავად შეგვიძლია გადაწყვეტილებების მიღებაო", - ასეთი განცხადებით გამოვიდა ვლადიმირ ოლეინიკი მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG