Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ინტერვენციაზე სპეკულაციების დროს უკრაინაში სიმშვიდეა


საახალწლო განწყობილება კიევში.
საახალწლო განწყობილება კიევში.

ავტორი: მანსურ მიროვალევი

რუსეთის ათიათასობით ჯარისკაცმა და სამხედრო ტექნიკამ მოიყარა თავი უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან და ყირიმის ნახევარკუნძულზე, რომელიც მოსკოვმა 2014 წელს ჩაიგდო ხელში.

მაშინ, როცა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პროვოკაციულ კომენტარებს აკეთებს კიევის წინააღმდეგ და კრემლი მოითხოვს, რომ უკრაინას სამუდამოდ ეთქვას უარი ნატოში გაწევრიანებაზე, აშშ-ისა და უკრაინის სადაზვერვო სამსახურები აცხადებენ, რომ რუსეთი სავარაუდო სამხედრო ინტერვენციას ამზადებს მიმდინარე თვის ბოლოსთვის.

უბრალოდ აღარ ვფიქრობ ამაზე. უკვე თითქმის რვა წელია ვულკანის მახლობლად ვცხოვრობთ.

მაგრამ დღესასწაულებზე კიევში თითქმის არ იგრძნობა, რომ ინტერვენცია გარდაუვალია. ჯერ ერთი, უკრაინა უკვე რვა წელია ომში მონაწილეობს და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში 2014 წლიდან ებრძვის სეპარატისტებს, რომლებსაც რუსეთი უჭერს მხარს.

„უბრალოდ აღარ ვფიქრობ ამაზე. უკვე თითქმის რვალ წელია ვულკანის მახლობლად ვცხოვრობთ,“ უთხრა რადიო თავისუფლებას ორი შვილის დედამ, 33 წლის ვალენტინა ტარპიშჩევამ, რომელიც დონბასიდან ჩრდილო-დასავლეთით, 600 კილომეტრზე ცხოვრებს.

ტარპიშჩევას თქმით, მისი მთავარი საფიქრალია ყოველდღიური პრობლემები და ბავშვების აღზრდა.

"არ არის არავითარი ისტერია," ამბობს პროფესორი იჰორ კოზლოვსკი.
"არ არის არავითარი ისტერია," ამბობს პროფესორი იჰორ კოზლოვსკი.

როგორც სააგენტო Rating Group-ი იტყობინებოდა 9 დეკემბერს ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაზე დაყრდნობით, მოსახლეობას კომუნალური გადასახადები და ეკონომიკური სიდუხჭირე უფრო აფიქრებს, ვიდრე ომის პერსპექტივა.

გამოკითხულთა სამი მეოთხედის თქმით, მათი მთავარი საფიქრალია ბუნებრივი აირისა და ცენტრალური გათბობის ფასების ზრდა, ასევე უკრაინაში ეკონომიკური პრობლემების „ესკალაცია“.

ნამდვილად არ არის არავითარი ისტერია. მთლიანობაში, ვითარება გაწონასწორებული და მშვიდია.

რაც შეეხება ომს, გამოკითხულთა ნახევარზე ნაკლებმა თქვა, რომ, მათი აზრით, სამხედრო ესკალაცია შესაძლებელია. 23%-ის თქმით კი, მოვლენათა ასეთი განვითარება „არ არის სავარაუდო“, იტყობინება სააგენტო.

„ნამდვილად არ არის არავითარი ისტერია. მთლიანობაში, ვითარება გაწონასწორებული და მშვიდია,“ უთხრა რადიო თავისუფლებას უნივერსიტეტის პროფესორმა დონეცკიდან, იჰორ კოზლოვსკიმ, რომელიც კიევში გადავიდა ტყვეთა გაცვლის შედეგად, მას მერე, რაც თითქმის 700 დღე იმყოფებოდა სეპარატისტთა ტყვეობაში. მისი თქმით, იქ მას აწამებდნენ.

ზოგადი სიმშვიდის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ რუსეთის ახალი ფართო მასშტაბის იერიშის შესაძლებლობაზე უკრაინის ხელისუფლება მთლიანობაში უფრო ნაკლებად ტეხს განგაშს, ვიდრე მისი პარტნიორი ვაშინგტონში.

სეპარატისტი მებრძოლები ლუგანსკის რაიონში 24 სექტემბერს.
სეპარატისტი მებრძოლები ლუგანსკის რაიონში 24 სექტემბერს.

„სრულმასშტაბიანი იერიშისთვის მინიმუმ სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ უფრო მეტი [რუსეთის ჯარისკაცი] არის საჭირო, ვიდრე დღეს არის იქ,“ უთხრა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა Current Time-ს მიმდინარე კვირაში მიცემულ ინტერვიუში.

„არსებობს საფრთხე? რა თქმა უნდა, ჩვენ მუდმივი საფრთხის წინაშე ვართ. ამ საფრთხეში ვართ შვიდი წლის განმავლობაში,“ თქვა დანილოვმა.

ეს შეიძლება რუსეთის დასასრულის დასაწყისად იქცეს.

ზოგ უკრაინელს, რომელსაც ომი მოჰბეზრდა, ერთგვარი ფატალიზმი გაუჩნდა. მიმომხილველთა თქმით, ეს განწყობილება მოგვაგონებს იმას, რასაც ვხვდებით სხვა ქვეყნებშიც, სადაც სახეზეა ხანგრძლივი მოუგვარებელი კონფლიქტის საფრთხე.

„ომისადმი დამოკიდებულება ნელ-ნელა მოგვაგონებს [სამხრეთ] კორეასა და ტაივანს. ესაა ჯოჯოხეთური ძალა, რომელიც ადრე თუ გვიან შეგეხება, როგორც კონკრეტული ადამიანის სიკვდილი,“ ამბობს კიეველი ანალიტიკოსი ოლექსი კუშხი.

მაგრამ ამ მოსაზრებას ყველა არ იზიარებს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა მოსაზრებათა მრავალფეროვნებაზე მეტყველებს.

კიევის სოციოლოგიის ინსტიტუტის მიერ დეკემბრის შუა რიცხვებში ჩატარებული გამოკითხვა მეტყველებს, რომ ყოველი მესამე უკრაინელის თქმით, ის ჯარში წავა, თუკი რუსეთის არმია მის მშობლიურ ქალაქში ან სოფელში შევა.

მაგრამ ამ პოტენციური მოხალისეების თითქმის 40% ცხოვრობს დასავლეთ უკრაინაში, რუსეთის საზღვრებიდან და დონბასიდან მოშორებით. ხოლო ამ შეკითხვაზე გამოკითხულთა ერთმა მეოთხედმა უპასუხა აღმოსავლეთ უკრაინაში, ქვეყნის ძირითადად რუსულენოვანი მოსახლეობით დასახლებულ ნაწილებში.

გამოკითხულთა 19%-მა თქვა, რომ „არაფერს გააკეთებს“ ინტერვენციის შემთხვევაში, 25% კი ომისთვის თავის დაღწევას ემხრობა სხვა რეგიონში გადასვლით ან ქვეყნის დატოვებით.

"უკრაინის არმია მზადაა იერიშის მოსაგერიებლად," ამბობს დონბასის ომის ვეტერანი ვლადისლავ სობოლევსკი.
"უკრაინის არმია მზადაა იერიშის მოსაგერიებლად," ამბობს დონბასის ომის ვეტერანი ვლადისლავ სობოლევსკი.

ვლადისლავ სობოლევსკი არცერთ ამ ჯგუფს არ განეკუთვნება. დონბასში ბრძოლების ვეტერანი მზადაა, კვლავ იმსახუროს არმიაში. მისი თქმით, რუსეთის ინტერვენცია სავარაუდოდ დადებითად იმოქმედებს უკრაინაზე.

სპეკულაციებისას, გარისკავს თუ არა პუტინი ახალი დიდი იერიშის დაწყებას, საკვანძო საკითხია რისი მიღწევის იმედი აქვს და რა ფასად.

„რატომ დადებითად? უცნაურად ჟღერს, მაგრამ საკითხი ან ასე უნდა გადაწყდეს, ან ისე... და ახლა უკრაინის არმია მზადაა იერიშის მოგერიებისთვის,“ უთხრა სობოლევსკიმ რადიო თავისუფლებას.

ის და ათასობით სხვა მოხალისე უკრაინის არმიას დაეხმარა სეპარატისტების შეჩერებაში. მათ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს არმიის გარდაქმნაში უკეთ გაწვრთნილ და მეტად მოტივირებულ ძალად, რომელიც ამჟამად ფლობს რთულ საბრძოლო ტექნიკას, მაგალითად, აშშ-ში წარმოებულ Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს და თურქული წარმოების დრონებს - Bayraktar-ებს.

უკრაინის არმიის ჯარისკაცები აშშ-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა Javelin-ს ისვრიან სამხედრო სწავლებისას დონეცკის რეგიონში. 23 დეკემბერი.
უკრაინის არმიის ჯარისკაცები აშშ-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა Javelin-ს ისვრიან სამხედრო სწავლებისას დონეცკის რეგიონში. 23 დეკემბერი.

სობოლევსკის ოპტიმიზმს არ იზიარებს სამხედრო ანალიტიკოსთა უმრავლესობა. თუმცა მათი უდიდესი ნაწილი თანხმდება, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა სერიოზული ცვლილებები განიცადა 2014 წლის შემდეგ.

ასეა თუ ისე, სობოლევსკის სჯერა, რომ თუკი რუსეთი იერიშზე გადავა, დასავლეთის სანქციები დიდ დარტყმას მიაყენებს რუსეთის საბანკო სექტორს, გააქარწყლებს კრემლის იმედებს, რომ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ით მიაწვდის ევროპას ბუნებრივ აირს და პუტინს საერთაშორისო პარიად აქცევს.

„შესაძლოა ეს რუსეთის დასასრულის დასაწყისად იქცეს,“ ასკვნის ის.

უკრაინის არმიის ჯარისკაცი სამხედრო სწავლებისას ხარკოვის რაიონში. 20 დეკემბერი.
უკრაინის არმიის ჯარისკაცი სამხედრო სწავლებისას ხარკოვის რაიონში. 20 დეკემბერი.

აღმოსავლეთ უკრაინაში გაჩაღებული კონფლიქტისთვის უკრაინაში ბევრი სდებს ბრალს პროდასავლური ორიენტაციის ყოფილ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს. ხოლო ამჟამინდელ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, მათი აზრით, უნარი არ შესწევს, მოიგოს იმათი გულები, ვინც დონბასელი სეპარატისტების კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებზე ცხოვრობს.

გაუმჯობესებულ შეიარაღებული ძალებთან ერთად, სამოქალაქო მოსახლეობამ შეიძლება მტკიცე პარტიზანული წინააღმდეგობა გაწიოს, რაც ზოგიერთ რეგიონში ხანგრძლივ სისხლისღვრაში შეიძლება გადაიზარდოს.

სპეკულაციებისას, გარისკავს თუ არა პუტინი ახალი დიდი იერიშის დაწყებას, საკვანძო საკითხია რისი მიღწევის იმედი აქვს და რა ფასად.

ანალიტიკოსები და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ გაუმჯობესებულ შეიარაღებულ ძალებთან ერთად, სამოქალაქო მოსახლეობამ შეიძლება მტკიცე პარტიზანული წინააღმდეგობა გაწიოს, რაც ზოგიერთ რეგიონში ხანგრძლივ სისხლისღვრაში შეიძლება გადაიზარდოს.

მაგრამ ბრემენის უნივერსიტეტის მკვლევარი ნიკოლაი მიტროხინი ამბობს, რომ მოსკოვს შესაძლოა იმედი ჰქონდეს აღმოსავლეთსა და სამხრეთში მცხოვრები მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისა, რომლის სიმპათია მოსკოვისკენ იხრება და არა კიევისკენ. მისი თქმით, ამ ხალხს შეუძლია როგორც რეალური დახმარების გაწევა, ისე რუსეთის ტელევიზიაში „იმიჯის შექმნა“ ინტერვენციის შემთხვევაში.

„პუტინი გრძნობს სისუსტეს. ის იყენებს ამას. და... ჩვენ ვიცით და გვესმის, რომ ზოგმა ადამიანმა შეიძლება ასე იმოქმედოს,“ უთხრა რადიო თავისუფლებას უკრაინის შტაბის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა იჰორ რომანენკომ.

მისი თქმით, 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში ზოგი სამოქალაქო პირი უკრაინის არმიას ხელს უშლიდა გზების გადაკეტვით და ტყვია-წამლის ქურდობითაც კი.

„მაგრამ ასეთი აქციები ვერ შეგვაჩერებს, როცა საქმე ჩვენს თავდაცვამდე მივა,“ დასძინა რომანენკომ.

XS
SM
MD
LG