Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელ მართლმადიდებელთა ორმა ტალღამ კიევს მიაღწია


თარიღი, რომელსაც უკრაინაში აღნიშნავენ, საიუბილეო არ არის, მაგრამ შესაძლებლობას იძლევა კიდევ ერთხელ აშკარად დავინახოთ, რომ უკრაინა გახლეჩილია. მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ სადავო მსვლელობები მოაწყო უკრაინის დედაქალაქისკენ „კიევის რუსეთად“ წოდებული სამეფოს გაქრისტიანების 1028-ე წლისთავთან დაკავშირებით. გავრცელებული ცნობებით, ნაციონალისტები, კიევის საპატრიარქოს მიმდევრები, იმუქრებოდნენ, რომ წინ აღუდგებოდნენ მსვლელობას.

კიევში, ვლადიმირის ბორცვზე, კიევის მონათვლის სიმბოლურ ადგილზე, ცხრა ათას ხუთასი ადამიანი შეიკრიბა. მათ მშვიდობიან ვითარებაში სურდათ თავიანთი ქვეყნის შორეული წინაპარი სახელმწიფოს, ვარიაგი მმართველების, რიურიკოვიჩების დროინდელი სამეფოს ქრისტეს სჯულზე მოქცევის წლისთავი აღენიშნათ - უბრალოდ, ელოცათ. მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალისტები აპირებდნენ ეს მსვლელობა და შეკრება ჩაეშალათ, რადგან მას მოსკოვის მიერ პროვოცირებულად მიიჩნევდნენ, შეხვედრამ მშვიდობიანად ჩაიარა. თავიდან შინაგან საქმეთა მინისტრი, არსენ ავაკოვი, შეშფოთებული აცხადებდა, მსვლელობის მონაწილეებს კიევში არ შემოვუშვებთო.

გადმოწერა

სწორედ იმ გზაზე, რომლითაც ისინი ქალაქში უნდა შესულიყვნენ, ორი ყუმბარა და ყალბი ნაღმები ენახათ და ეს იყო, თურმე, მინისტრის ამ განცხადების მიზეზი. იმავე დღეს კიევში პრესკონფერენცია გამართეს საერთაშორისოდ არაღიარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ფილარეტმა, და უკრაინის კულტურის მინისტრმა, იევჰენ ნიშჩუკმა. ფილარეტმა თავის მიერ დასმულ შეკითხვას, რა უნდა იყოს ასეთი მსვლელობის მიზანიო, თავადვე უპასუხა: „ეკლესიის გამოყენება შუღლის გასაღვივებლად, უკრაინის საზოგადოების დესტაბილიზება და ერთი ეკლესიის, კიევის საპატრიარქოს, მეორის, მოსკოვის საპატრიარქოს, წინააღმდეგ წაქეზება, რათა ჩვენ უკრაინის შიგნით ერთმანეთს მტრებად მოვეკიდოთ, რუსმა აგრესორმა კი ამით იხეიროს. მაგრამ ჩვენ თავი შევიკავეთო“, თქვა ფილარეტმა და დაამატა: ისინიც ქრისტიანები არიან და ჩვენც, ისინიც იმავე ღმერთს ევედრებიან, რომელსაც ჩვენ, ისინიც მშვიდობისთვის ლოცულობენ და ჩვენც, ოღონდ ჩვენ სამართლიანი მშვიდობა გვინდაო. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მამამთავარმა განმარტა: სამართლიანი მშვიდობა იმას ნიშნავს, რომ აგრესორმა ჩვენი, უკრაინული, მიწა უნდა დატოვოს და წავიდეს, თავისი ჯარი გაიყვანოს და იარაღი გაიტანოს აქედანო. ჩვენ ასეთი მშვიდობა გვსურსო, თქვა ფილარეტმა. მათ რომ სურთ, ის მშვიდობა მშვიდობა არ არის, ის რუსეთისთვის უკრაინის დაქვემდებარებაა. ასეთი მშვიდობა არ გვინდა. ეს მშვიდობა კი არა, მონობააო, განაცხადა პრესკონფერენციაზე პატრიარქმა.

ათასზე მეტი ადამიანი, ორ კოლონად გაყოფილი, კვირების განმავლობაში მიემართებოდა კიევისკენ უკრაინის დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან და მათ პროცესიებს წინ მიუძღოდა მოსკოვის საპატრიარქოს ფილიალად მიჩნეული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია. ამ დღის აღნიშვნის ინიციატივა ეკუთვნის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მამამთავარ კირილეს, რომელმაც 27 ივლისი მართლმადიდებელთა ერთობის დღედ გამოაცხადა. უკრაინელი მართლმადიდებლობა სამად არის გახლეჩილი: ერთია უკვე ხსენებული მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, მერე მოდის კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია და არსებობს, ასევე, უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ და მისმა აქტიურმა ჩარევამ აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებსა და მთავრობის ჯარს შორის სამხედრო დაპირისპირებაში გაამწვავა ურთიერთობა ორ ქვეყანას - კიევსა და მოსკოვს - შორის. უკრაინის ზოგიერთი ოფიციალური პირი და, ასევე, აქტივისტები ფიქრობენ, რომ ეს მსვლელობები მოსკოვის მიერ ორგანიზებული იმ სცენარის ფასადია, რომელიც მიზნად ისახავს ისე წარმოაჩინოს ვითარება, თითქოს უკრაინაში რუსები და რუსულენოვანი მოსახლეობა, მოსკოვის ეკლესიის მიმდევრები, იჩაგრებიან.

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG