Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინისათვის იარაღის მიწოდება კვლავ დგას დასავლეთის დღის წესრიგში


კიევი აცხადებს, რომ ორდღიანი შედარებითი სიმშვიდის შემდეგ დონბასში კვლავ დაიღვარა უკრაინელი ჯარისკაცების სისხლი. უკრაინის სამხედრო უწყების ინფორმაციით, სამი ჯარისკაცი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა განვლილი დღე-ღამის განმავლობაში დონეცკის აეროპორტის მახლობლად მდებარე სოფლებში, სადაც ბრძოლები პარასკევსაც გაგრძელდა. უკრაინის ხელისუფლებასა და პრორუსულად განწყობილ სეპარატისტთა ლიდერებს შორის მინსკში ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, სეპარატისტების მხრიდან იერიშების განახლებას რეალური საფრთხე უწოდა ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ.

„მაშინაც, თუ მოვლენები დონბასში ყველაზე ოპტიმისტური სცენარით განვითარდა, მაშინაც, თუ დიდხანს გასტანა ზავმა, რაც სტაბილურ მშვიდობასა და პოლიტიკურ მოწესრიგებაში უნდა გადაიზარდოს, სამწუხაროდ, სამხედრო საფრთხე აღმოსავლეთში აქტუალური იქნება და ჩვენ მუდამ მოგვიწევს ზრუნვა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად“, განაცხადა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 27 თებერვალს, კიევში მდებარე ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის დროს.

უკრაინისათვის იარაღის მიწოდება კვლავ განიხილება, თუ ვითარება აღმოსავლეთ უკრაინაში უცვლელი დარჩებაო, - ამის თაობაზე 27 თებერვალს ფილიპ ჰამონდმა, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბუდაპეშტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რუსეთი ამ მომენტამდე არ ასრულებს მინსკის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. მართალია, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ღია კონფლიქტის სიმძაფრემ იკლო, რასაც ჩვენ მივესალმებით, მაგრამ ვხედავთ სეპარატისტთა გადაჯგუფებისა და მათ მიერ იარაღისა და აღჭურვილობის მარაგების შევსების ნიშნებსაც. ამ რაიონში მყოფი საბრძოლო დანაყოფების ქმედებაში ჯერ კიდევ არ შეინიშნება ბრძოლის ველიდან საბოლოო გასვლის გეგმა. ამიტომ მომავლში მზად უნდა ვიყოთ შესაძლო თავსხმებისათვის“, განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ ჰამონდმა.

უკრაინის ხელისუფლება დიპლომატიურ ძალისხმევას მიმართავს თანამედროვე თავდაცვითი შეიარაღების შესაძენად, რისთვისაც ვაშინგტონსა და კიევს შორის შუამავლის როლს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ასრულებს. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის პრეზიდენტის რეფორმების საბჭოს მრჩეველია, ვაშინგტონში მთელი კვირის განმავლობაში ხვდებოდა ამერიკის წამყვან პოლიტიკოსებს, რათა დაითანხმოს ისინი უკრაინისათვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებაზე. ამერიკელმა სენატორმა დემოკრატმა ბენჟამინ კარდინმა კი რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ვიზიტმა ნათლად დაადასტურა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას თავისი საზღვრების დაცვის შესაძლებლობა გააჩნდეს. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მიაწვდის თუ არა ვაშინგტონი უკრაინას თავდაცვით შეიარაღებას.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG