Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა სეპარატისტთა განიარაღებისა და საკუთარი შეიარაღების მოლოდინში


უკრაინა არ აპირებს გაიყვანოს კონფლიქტის ზონიდან მძიმე შეიარაღება, ვიდრე პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები არ შეასრულებენ მინსკის შეთანხებას და არ შეწყვეტენ საარტილერიო იერიშებს უკრაინის არმიის პოზიციებზე. კიევის ამ მიდგომის ფონია ევროპისა და აშშ-ის წარმომადგენელთა განცხადებები რუსეთის მიმართ სანქციათა გაფართოებისა და უკრაინისათვის სამხედრო დახმარების თაობაზე, თუ მოსკოვი და სეპარატისტები არ დაიცავენ მინსკის ბოლო შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.

გერმანიისა და საფრანგეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებით, 15 თებერვალს უკრაინის სამთავრობო ძალებსა და სეპარატისტებს უნდა შეეწყვიტათ ცეცხლი, ორი დღის შემდეგ უნდა დაწყებულიყო მძიმე შეიარაღების გატანა და შექმნილიყო, სულ მცირე, 70 კილომეტრის სიღრმის უსაფრთხოების ზონა. 23 თებერვალს უკრაინის სამხედრო უწყების წარმომადგენელმა ანატოლი სტელმახმა აღნიშნა, რომ სეპარატისტთასამხედრო ძალების მიერ ქალაქ დებალცევოს დაკავების შემდეგ, ძალადობა კვლავ გრძელდება, ხოლო განვლილი დღე-ღამის განმავლობაში მეამბოხეებმა ორჯერ გაუხსნეს ცეცხლი სამთავრობო ძალებს. უკრაინის უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ანატოლი ლისენკომ კი კვირას რუსეთის მხრიდან დონბასელი სეპარატისტებისათვის დამატებით სამხედრო ძალის გადაცემის ახალ ფაქტებზე ისაუბრა:

„მინსკის შეთანხმების საწინააღმდეგოდ, რუსეთი განაგრძობს სეპარატისტების შეიარაღებას დონბასში. ჩვენს ხელთ არსებული სადაზვერვო მონაცემებით, 21 თებერვალს რუსეთის ფედერაციიდან დონეცკის რაიონის დაბა ამბვროსიევკის რკინიგზის სადგურზე შევიდა სამხედრო ეშელონი ჯავშანტექნიკის 60 ერთეულით, მათ შორის, ტანკებითა და საბრძოლო ჯავშანმანქანებით “.

ლისენკოს ინფორმაციით, საბრძოლო იარაღითა და აღჭურვილობით სავსე 47 სატვირთო მანქანა აღმოაჩინეს იზვარიონის სასაზღვრო პუნქტზე, რომელიც რუსეთის კრასნოდონიდან ლუგანსკისაკენ მიემართებოდა. უკრაინის ხელისუფლების ამ ინფორმაციებს თან ერთვის ზოგიერთი უცხოელი და უკრაინელი ექსპერტის პროგნოზი, რომ დონეცკელი და ლუგანსკელი სეპარატისტები, რომლებმაც დებალცევოს დაკავების შემდეგ კარგი პლაცდარმი შექმნეს, უახლოეს ხანებში კიდევ ერთ სტრატეგიულ ქალაქზე, მარიუპოლზე, კონტროლის დამყარებასაც შეეცდებიან.

მათ ასეთ პროგნოზს იზიარებს აშშ-ის სენატის რესპუბლიკელი წარმომადგენელი ჯონ მაკკეინი, რომელმაც 22 თებერვალს ტელეკომპანია „სიბიესის“ ეთერში აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინის არმიისათვის თავდაცვითი შეიარაღების გადაცემისაკენ მოუწოდა:

„უპირველეს ყოვლისა, უკრაინას უნდა მივაწოდოთ იარაღი, რომლითაც ის თავის დაცვას შეძლებს. აღმოსავლეთ უკრაინაში მოძრაობენ რუსეთის ტანკები, რომელთა წინააღმდეგ საბრძოლველად კიევს იარაღი არ გააჩნია. იქ იმყოფებიან რუსეთის სპეცდანიშნულების საუკეთესო ძალები, რომლებიც მანამდე გააგრძელებენ აგრესიას, ვიდრე პასუხი არ მოეკითხებათ. და ეს არ შეეხება მხოლოდ სამხედრო მხარეს, უკრაინა ეკონომიკურადაც კოლაფსის პირას იმყოფება“.

სენატორმა მაკკეინმა ზემოხსენებულ ინტერვიუში გააკრიტიკა ევროკავშირიც, რომლის ლიდერთა არარელევანტურ ნაბიჯებს რუსეთის მიმართ დასავლეთის ალიანსის „ბნელი მხარე“ უწოდა:

„რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სურს, რომ უკრაინა არ გახდეს ევროპის წევრი და ამაში ის წარმატებას აღწევს. იგი უზარმაზარ ზეწოლას ახორციელებს ბალტიისპირეთის ქვეყნებზე, რომ აღარაფერი ვთქვათ მოლდავეთსა და საქართველოზე, რომლის ოკუპაცია გრძელდება. ეს ნამდვილად არის ჩვენი ალიანსის ისტორიის ბნელი მხარე“.

აშშ-ის პოლიტიკურ წრეებში და, მათ შორის, ადმინისტრაციაში უკრაინისათვის თავდაცვითი იარაღის მიწოდება რომ აქტიურად განიხილება, ამის თაობაზე ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმაც დაადასტურა:

„მოველი, რომ მომდევნო დღეებში პრეზიდენტი შეაფასებს თავის ხელთ არსებულ შესაძლებლობებს და ამის შემდეგ გადაწყვეტს, თუ რა ნაბიჯები გადაიდგას რუსეთის მიმართ შემდგომი სანქციების მიმართულებით,“ - განაცხადა 21 თებერვალს ჯონ კერიმ ლონდონში, პრესკონფერენციაზე.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG