Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ჩარევაზე საიდუმლო დოკუმენტის გამჟღავნებისათვის აშშ-ში 25 წლის კონტრაქტორი დააპატიმრეს


აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მაღალი საიდუმლოების შემცველი დოკუმენტი, რომლის შინაარსიც ცნობილი გახდა მედიისთვის, რუსეთის სამხედრო დაზვერვის მხრიდან აშშ-ის შარშანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ჰაკერული ჩარევის რამდენიმე მცდელობაზე მეტყველებს. მას შემდეგ, რაც დოკუმენტი 5 ივნისს ინტერნეტის საშუალებით გავრცელდა, აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ დააპატიმრეს ეროვნული უსაფრთხოების კონტრაქტორი, რომელმაც საიდუმლოების შემცველი დოკუმენტი ონლაინ საინფორმაციო საშუალებებს მიაწოდა.

სკანდალურად ცნობილი საინტერნეტო გამოცემა „ინტერსეპტი“, რომელმაც სახელი გაითქვა სხვადასხვა საიდუმლო დოკუმენტების მოხელთებითა და გამოქვეყნებით, რუსეთის სამხედრო დაზვერვის, „გრუს“, ქოლგის ქვეშ მყოფი ჰაკერების ხელწერას ხედავს იმ საქმიანობის უკან, რომლის სამიზნეც იყო აშშ-ის საარჩევნო სისტემა - კერძოდ, ის კომპანიები, რომლებიც შარშანდელი საპრეზიდენტო არჩევნების დროს საარჩევნო კომისიებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ბიულეტენებითა და სხვადასხვა აღჭურვილობით ამარაგებდნენ.

ჰაკერების ძირგამომთხრელი მუშაობა მიმართული იყო, ასევე, აშშ-ის ინტეგრირებული საარჩევნო სისტემის წინააღმდეგ ე.წ. მავნე ჯაშუშური პროგრამებით, რომლებიც მოტყუების გზით 100 ადგილობრივი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის კომპიუტერებში უნდა მოხვედრილიყო. ჰაკერული ოპერაცია რამდენიმე თვე გაგრძელდა და დასრულდა 2016 წლის 8 ნოემბრის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. დოკუმენტში არ არის ნათქვამი, იქონია თუ არა ოპერაციამ გავლენა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე.

„ინტერსეპტის“ თანახმად, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს დოკუმენტი, რომელიც 2017 წლის 5 მაისითაა დათარიღებული, შეიცავს ყველაზე უფრო ახალ და საგნობრივ დისკუსიას, რაც კი დღემდე გამოქვეყნებულა პრესაში რუსეთის ძლიერი ზეგავლენის თაობაზე .

საინტერნეტო გამოცემა არაფერს ამბობს იმაზე, თუ როგორ მოიპოვა ასეთი მაღალი საიდუმლოების შემცველი დოკუმენტი, თუმცა მისი გამოქვეყნებიდან ძალიან მალევე აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაპატიმრებულია 25 წლის რეალიტი ლეი ვინერი, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს კონტრაქტორი, რომელიც ეჭვმიტანილია საიდუმლო დოკუმენტის გამჟღავნებაში. უწყების თანახმად, ვინერი, რომელიც ჯორჯიის შტატის ერთ-ერთ შესაბამის დაწესებულებაში მუშაობდა, 3 ივნისს დააპატიმრეს.

საინტერნეტო გამოცემა „ინტერსეპტი“ აცხადებს, რომ ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს დოკუმენტი ანონიმური წყაროსგან მიიღო და მისთვის წყაროს ვინაობა უცნობია. ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული უწყება თავდაპირველად ცდილობდა გადაეფიქრებინა მისთვის ამ დოკუმენტების გამოქვეყნება, შემდეგ კი გარკვეული რედაქტირება მოითხოვა. ამ მოთხოვნების ნაწილი „ინტერსეპტმა“ დააკმაყოფილა, ნათქვამია ინტერნეტგამოცემის წარმომადგენლის, ვივიან სიუს, განცხადებაში.

აღნიშნული საიდუმლო დოკუმენტის გამოქვეყნება კიდევ უფრო აძლიერებს ბრალდებას, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, პირადად გასცა განკარგულება, ჰაკერული გზითა და დეზინფორმაციით ჩარეულიყვნენ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში დონალდ ტრამპის სასარგებლოდ. დოკუმენტში ლაპარაკია იმაზეც, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, 2016 წლის სექტემბერში გააფრთხილა ვლადიმირ პუტინი, არ ჩარეულიყო საპრეზიდენტო არჩევნებში. მაგრამ, ამ გაფრთხილების მიუხედავად, ჰაკერები, რომლებიც რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო დაზვერვის, „გრუს“, წარმომადგენლები არიან, 2016 წლის ოქტომბრამდე განაგრძობდნენ ჰაკერულ თავდასხმებს აშშ-ის საარჩევნო სისტემაზე.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG