Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა მოხსნა FBI-ს დირექტორი ჯეიმს კომი


ჯეიმს კომი
ჯეიმს კომი

აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს აღარ ჰყავს უფროსი. FBI-ს დირექტორი, ჯეიმს კომი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, სამსახურიდან დაითხოვეს იმის გამო, რომ არასწორად გაუძღვა საპრეზიდენტო არჩევნების დროს დემოკრატიული პარტიის კანდიდატის, ჰილარი კლინტონის, ელექტრონული ფოსტის გარშემო გამოძიებას. FBI-ს დირექტორის, ჯეიმს კომის, უწყება იძიებდა ამჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, საარჩევნო კამპანიის დროს რუსეთთან სავარაუდო კავშირებსაც. ახლა, როცა კომის მისი განთავისუფლების თაობაზე წერილი მისწერა, ტრამპი მიზეზად ჰილარი კლინტონის ელექტრონული ფოსტის საქმეს ასახელებს. სწორედ ამ საქმის გამო მირჩია გენერალურმა პროკურორმა ჯეფ სეშენსმა და, ასევე, მისმა მოადგილემ, როდ როზენსტაინმა, ასე მოვიქცეო, წერს ტრამპი.

ტრამპმა მოხსნა FBI-ს დირექტორი, ჯეიმს კომი
please wait

No media source currently available

0:00 0:05:33 0:00
გადმოწერა

„მიუხედავად იმისა, რომ დიდად ვაფასებ ჩემთვის ინფორმაციის მოწოდებას სამ სხვადასხვა საქმეზე, რომ ჩემ მიმართ არ მიმდინარეობს გამოძიება, მაინც ვეთანხმები იუსტიციის მინისტრს იმაში, რომ თქვენ არ შეგწევთ უნარი ეფექტიანად გაუძღვეთ გამოძიების ფედერალურ ბიუროს“, წერს ტრამპი და დასძენს, ახლა მნიშვნელოვანია ისეთი ხელმძღვანელობა მოვუძებნოთ უწყებას, რომელიც შეძლებს მის მიმართ საზოგადოების ნდობა აღადგინოს და იმის რწმენა, რომ შეასრულებს თავის უმთავრეს ამოცანასო.

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები კომის აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ მან საპრეზიდენტო არჩევნების წინა დღეებში გაავრცელა ინფორმაცია ჰილარი კლინტონის ელექტრონული ფოსტის გამოძიების საქმეში ახალი მიგნების შესახებ. ამან, საფიქრებელია, პრეზიდენტობის კანდიდატის, კლინტონის, მიმართ უარყოფითად განაწყო ის ამომრჩეველი, რომელსაც გამოკვეთილი პოზიცია არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, კონგრესის წევრმა დემოკრატებმა დაგმეს ტრამპის გადაწყვეტილება კომის დათხოვნის შესახებ. ამ გადაწყვეტილებამ ბევრს მოჰგვარა შოკი ვაშინგტონში და გამოითქვა ბრალდებები, რომ თეთრი სახლი ცდილობს რუსეთის თაობაზე გამოძიებას ხელი შეეშალოს. სენატორმა ბენ კარდინმა, რომელიც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში თავისი პარტიიდან უმაღლესი რანგის კანონმდებელია, განაცხადა, კომის განთავისუფლება ყოველგვარ საზღვარს სცილდება თვით ტრამპისთვისო. სენატორ კარდინს ეს ამბავი განუმტკიცებს აზრს, რომ არჩევნებზე რუსეთის ზემოქმედების გამოსაძიებლად საჭიროა დამოუკიდებელი კომისიის შექმნა და ასევე საჭიროა საგანგებო პროკურორი, რათა მიმდინარე გამოძიება დასრულდეს მას მერე, რაც პრეზიდენტმა ხელი შეუშალა გამოძიებაში „ეფ-ბე-აის“ მონაწილეობას. იანვარში აშშ-ის დაზვერვის სამსახურმა გამოაქვეყნა კომუნიკე, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ადანაშაულებდნენ: მან გასცა განკარგულება, რომ აშშ-ში არჩევნებისთვის ხელი შეეშალათ და ჰილარი კლინტონისთვის სახელი გაეტეხათო. ამ დოკუმენტის ავტორთა აზრით, რუსეთი ტრამპს ანიჭებდა უპირატესობას. სენატის დემოკრატი ლიდერი, ჩარლზ შუმერი, ფიქრობს, რომ პრეზიდენტი შეცდა, როცა კომი გაათავისუფლა:

„პრეზიდენტმა ტრამპმა დამირეკა და მამცნო, რომ კორნის სამსახურიდან უშვებს. მე ვუთხარი პრეზიდენტს, ბატონო პრეზიდენტო, თქვენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ეს დიდი შეცდომაა-მეთქი”.

ჩარლზ შუმერი: რატომ გაათავისუფლეს ჯეიმს კომი ახლა?
please wait

No media source currently available

0:00 0:00:50 0:00

შუმერის აზრით, პირველი შეკითხვა, რმელსაც ადმინისტრაციამ უნდა უპასუხოს, არის ის, თუ რატომ მოხდა ეს სწორედ ახლა? თუ ადმინისტრაციას არ მოსწონდა, როგორ ხელმძღვანელობდა დირექტორი კომი ჰილარი კლინტონის თაობაზე მიმდინარე გამოძიებას, მაშინ თავისი უკმაყოფილება მაშინვე უნდა გამოეხატა, როგორც კი პრეზიდენტი უფლებამოსილების აღსრულებას შეუდგა. მაგრამ მაშინ კომი არ გაუთავისუფლებიათო, ამბობს შუმერი და შეკითხვას სვამს, რატომ მოხდა ეს ახლაო? იქნებ თავად პრეზიდენტს მიუახლოვდა მეტისმეტად ეს გამოძიებაო? შემაშფოთებელია, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის გათავისუფლებაში წამყვანი როლი ითამაშა გენერალურმა პროკურორმა სეშენსმა, რომელმაც საკუთარი თავის აცილება მოახდინა რუსეთთან კავშირებზე დაწყებული გამოძიების გამო. შუმერი ფიქრობს, რომ საჭიროა შეიქმნას საგანგებო პროკურორის თანამდებობა:

„საგანგებო პროკურორი უნდა დანიშნოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, როდ დოზენსტაინმა. ამ საქმის გამოძიება უნდა ჩამოართვან „ეფ-ბე-აი-ს“ და მაქსიმალურად მოაშორონ ამ ადმინისტრაციის ძლევამოსილ ხელს “.

ვიდეოამბები (10.05.17)
please wait

No media source currently available

0:00 0:03:31 0:00

დემოკრატი სენატორი რიჩარდ დურბინი ამბობს, რომ ტრამპის მხრიდან მცდელობა ხელი შეუშალოს რუსეთის თაობაზე ამ გამოძიებას, „საკონსტიტუციო ხასიათის შეკითხვებს აღძრავს“. დურბინმა თეთრ სახლს მიმართა წინადადებით, დაუყოვნებლივ განაცხადოს, აპირებს თუ არა „ეფ-ბე-აი-ს“ ახალი დირექტორის ხელში გაგრძელდეს რუსეთის თაობაზე გამოძიება. შუმერის მომხრე სენატორები იზიარებენ მის აზრს, რომ საჭიროა შეიქმნას საგანგებო პროკურორის თანამდებობა იმის გამოსაძიებლად, ჰქონდა თუ არა რუსეთს მცდელობა, ზეგავლენა მოეხდინა არჩევნებზე. მათთან ერთად, სულ მცირე, ერთი რესპუბლიკელი სენატორი, ჯონ მაკკეინი, თვლის, რომ საჭიროა „საგანგებო კომიტეტის“ შექმნა ამ საქმის გამოსაძლიებლად. სენატის სხვა რესპუბლიკელი სენატორები ემხრობიან კომის განთავისუფლებას და აპირებენ სწრაფად დაამტკიცონ მისი შემცვლელი. რაც შეეხება შემცვლელს, თეთრ სახლს ამ თანამდებობაზე ახალი კანდიდატურა არ დაუსახელებია. დემოკრატი სენატორის, ბობ კეისის აზრით, „ამ დათხოვნამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს „ეფ- ბე-აი-ს“ მომდევნო დირექტორზე - როცა იცი, რომ ადმინისტრაციას, რომელმაც დაგნიშნა, შეუძლია დაგითხოვოს იმის გამო, რომ არ მოსწონს, როგორ უძღვები გამოძიებას“.

FBI-ის დირექტორები ერთი ათწლიანი ვადით ინიშნებიან. 56 წლის კომი, რომელიც სააგენტოში პოპულარობით სარგებლობს, ამ პოსტზე ოთხი წლის წინ დანიშნა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.

XS
SM
MD
LG