Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დუნია მიატოვიჩი: უსაფრთხოება სიტყვის თავისუფლების გარეშე არსად არსებობს


დუნია მიატოვიჩი
დუნია მიატოვიჩი
უსაფრთხოება სიტყვის თავისუფლების გარეშე არსად არსებობს, უთხრა რადიო თავისუფლებას მედიის თავისუფლების სფეროში ეუთოს წარმომადგენელმა დუნია მიატოვიჩმა. ჩვენმა კოლეგამ, ჩარლზ რეკნაგელმა, ეუთოს წარმომადგენელთან საუბარში რესპონდენტს გააცნო არაერთი ავტორიტარული ქვეყნის ხელისუფალთა მოსაზრება, რომ სიტყვის ზედმეტი თავისუფლება ვნებს უსაფრთხოებას და სტაბილურობას, რომ საჭიროა მედიის კონტროლი, რათა ის არ იქცეს უმართავ გამანადგურებელ ძალად. რით უპასუხებთ ამ თვალსაზრისს?

„კითხვის ნიშნის ქვეშ არ დავაყენებდი არც ერთი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების აუცილებლობას. არც იმაზე ვიდავებ, რომ მთავრობებს აქვთ კანონიერი უფლება, უზრუნველყონ საზოგადოების უსაფრთხოება და დაცულობა. ვერც ტერორიზმთან, ადამიანის ტრეფიკინგთან, ბავშვებზე ძალადობასა და ჩვენი საზოგადოებებისთვის არსებულ სხვა საფრთხეებთან ბრძოლის უფლებას წავართმევთ ვერავის. მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს საზოგადოების განვითარებისა და მისი უსაფრთხოების მიზნით სიტყვის თავისუფლების ჩახშობის, კრიტიკული, პროვოკაციული, სატირული ხმების ჩაჩუმების გზით“, ამბობს დუნია მიატოვიჩი, რომელიც იქვე განმარტავს, რომ საზოგადოება არ შეიძლება იყოს უსაფრთხო, თუ არ შეუძლია საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვა

„არ არსებობს უსაფრთხოება არც ერთ საზოგადოებაში , თუ ხალხს არ აქვს აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება და ხელი არ მიუწვდება ინფორმაციის ნაკადზე. ამავე დროს, ვფიქრობ, ვერ გამოვხატავთ აზრს თავისუფლად და ვერ დავიცავთ ადამიანის უფლებებს, თუ არ ვცხოვრობთ უსაფრთხო და დაცულ საზოგადოებაში“.
არ არსებობს უსაფრთხოება არც ერთ საზოგადოებაში , თუ ხალხს არ აქვს აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება და ხელი არ მიუწვდება ინფორმაციის ნაკადზე...

მიატოვიჩის აზრით, სანამ ამ ორ ფაქტორს ერთმანეთთან ჰარმონიაში არ მოვიყვანთ, წარმატებას ვერ მივაღწევთ. ის აღიარებს, რომ ერთობ რთულია გავავლოთ საზღვარი, რომელიც გაყოფდა ერთმანეთისგან სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენებას და მართლა თავისუფლების აკრძალვას. ის ახსენებს სიძულვილის ენასაც, რასაც, ცხადია, ლაგამი უნდა ამოედოს, მაგრამ იმასაც აღნიშნავს, რომ სამხრეთის ქვეყნებში ხშირად ადამიანები რეაგირებენ სიტყვებზე, რომელთაც სკანდინავიის რეგიონში არავინ მიაქცევდა ყურადღებას. ხელოვნების სფეროზე საუბრისას ჩვენმა კორესპონდენტმა ახსენა აზერბაიჯანი, სადაც ამას წინათ აქრამ აილისლის წიგნები დაწვეს. ის ავტორია რომანისა „ქვის სიზმრები“, რომელშიც დადებითად არიან გამოყვანილი სომეხი მოქალაქეები. შეკითხვა ასე ჟღერდა: აქვს მთავრობას უფლება, როცა საქმე შემოქმედებას ეხება, დაიცვას ეროვნული ინტერესები? მიატოვიჩმა თქვა, რომ წიგნი არ წაუკითხავს, არ შეუძლია ის შეაფასოს, მაგრამ:

„რაც გავაკეთე, ის იყო, რომ მოვთხოვე აზერბაიჯანის მთავრობას უზრუნველყოს მწერლისა და მისი ოჯახის სრული უსაფრთხოება, რადგან ვფიქრობ, არასოდეს შეიძლება იყოს ძალადობა და მუქარა პასუხი, როგორი მიუღებელი, აგრესიული, კრიტიკული და პროვოკაციულიც უნდა იყოს გამოთქმული აზრი“.
XS
SM
MD
LG