Accessibility links

უვიზო რეჟიმის პრობლემების განხილვა ბრიუსელში


მზარდი მიგრაციისა და უვიზო მიმოსვლის გამოწვევები 8 მარტს ბრიუსელში, ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრების დონეზე განიხილებოდა. საგანგებოდ დგას საქართველოს საკითხი და გამართლდა მოლოდინი, რომ გერმანია საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების შემაშფოთებლად მზარდ ნაკადთან დაკავშირებით პარტნიორებთან აქტიურ მსჯელობას დაიწყებდა. ჯერჯერობით არ განიხილება საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების საკითხი და ამ ეტაპზე ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნები საქართველოს მთავრობის მიერ გადასადგმელ ქმედით ნაბიჯებს ელოდებიან, თუმცა თუკი ვითარება არ შეიცვლება, შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეებმა მართლაც დაკარგონ უვიზო მიმოსვლის უფლება. მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა საბჭოს შეხვედრა, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, შინაგან საქმეთა მინისტრები მიგრაციის გამოწვევებსაც განიხილავდნენ, დროში დაემთხვა საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტს ბრიუსელში.

Direct link
საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდა შეშფოთების საფუძველს იძლევა. საქართველოს მთავრობამ ეს იცის. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი კიდევ უფრო არ გაიზარდოს...
ტომაზ დე მაიზიერ

საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდასთან დაკავშირებით, რასაც ორგანიზებული დანაშაულის მომძლავრების საფრთხეც ახლავს, გერმანიამ განგაში უკვე კარგა ხანია გამოაცხადა. რადიო თავისუფლების ბრიუსელელი კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი წინასწარ იტყობინებოდა, რომ 8 მარტს ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გერმანია აუცილებლად დააყენებდა საკითხს უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დამრღვევი საქართველოს მოქალაქეების შესახებ. ბერლინის განზრახვაზე, თადარიგი დაიჭიროს იმ შემთხვევისთვის, თუკი ვითარება არ გამოსწორდა, ხუთშაბათს ილაპარაკა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზიერმა:

„საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდა შეშფოთების საფუძველს იძლევა. საქართველოს მთავრობამ ეს იცის. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი კიდევ უფრო არ გაიზარდოს. ჩვენ კმაკოფილი ვართ თანამშრომლობის მზადყოფნით საქართველოს მთავრობის მხრიდან, რათა საქართველოში უკან დააბრუნონ პირები, რომლებსაც უარი ეთქვათ თავშესაფრის მიღებაზე, მაგრამ ჩვენ აუცილებლად ვილაპარაკებთ სხვა ქვეყნებთან და ევროკომისიასთან იმის შესახებ, თუ რა ზომებს მივმართავთ, თუკი სიტუაცია უცვლელად დარჩება“.

საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ 6 მარტს გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2017 წლის მარტიდან, ანუ სავიზო ლიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, სამჯერ გაიზარდა საქართველოს იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებიც გერმანიაში ითხოვენ თავშესაფარს. იმავე წყაროს ცნობით, მხოლოდ იანვარში გერმანიაში თავშესაფარი მოითხოვა საქართველოს 700-ზე მეტმა მოქალაქემ და თითქმის ყველამ უარი მიიღო.

საქართველოს აქვს საფრთხე დაკარგოს უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან, თუკი არ იმოქმედებს თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის შემცირების მიმართულებით...
რიკარდ იოზვიაკი

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრანტთა დაბრუნების შტაბის ხელმძღვანელის, კრისტიან კლოსის თქმით, საქართველო დაცული ქვეყანაა, არ არსებობს გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნის არანაირი საფუძველი და, შესაბამისად, გარდაუვალია თავშესაფრის მომთხოვნელების დაბრუნება სამშობლოში. ეს განცხადება კრისტიან კლოსმა თბილისში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 6-7 მარტს თბილისში ის ლტოლვილთა და მიგრაციის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებულთან, ანეტ გიუნტერთან ერთად იმყოფებოდა.

თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა გერმანულ მხარეს გააცნეს პრობლემის მოსაგვარებლად დაგეგმილი საკანონმდებლო და პრაქტიკული ზომები. ჩამონათვალში შედის, მაგალითად: სახელებისა და გვარების შეცვლის პროცედურის გამკაცრება თუ სამშობლოში დაბრუნების ხარჯების თავშესაფრის მაძიებელების მიერ დაფარვის მექანიზმის ამუშავება. შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს თანამშრომლობის გააქტიურებას ევროპოლთან.

თუმცა საქართველოს ამ მხრივ პრობლემა მხოლოდ გერმანიასთან არა აქვს. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი იტყობინება ბრიუსელიდან, წელს საქართველოს 298-მა მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი შვედეთში და ეს ჯგუფი უდიდესია, სირიიდან მიგრირებულთა ჯგუფის შემდეგ. იოზვიაკის ინფორმაციით, „საქართველოს აქვს საფრთხე დაკარგოს უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან, თუკი არ იმოქმედებს თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის შემცირების მიმართულებით“.

გიორგი მარგველაშვილი და დონალდ ტუსკი
გიორგი მარგველაშვილი და დონალდ ტუსკი

თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების მიერ შექმნილი პრობლემების აქტიურ განხილვას დროში დაემთხვა საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში. სავიზო ლიბერალიზაციის საკითხზე კომენტარები გაკეთდა ერთობლივ პრესკონფერენციაზეც, რომელიც გიორგი მარგველაშვილისა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ 8 მარტს გაიმართა.

„ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები მტკიცეა და ჩვენ ბრწყინვალე პარტნიორობა გვაქვს“, - განაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა, თუმცა ის სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ გარკვეულ გამოწვევებზეც აკეთებს აქცენტს:

კონკრეტულად უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ დაიკავა ზედმიწევნით აქტიური და პასუხისმგებლიანი პოზიცია ჩვენი პარტნიორების მიერ წამოყენებულ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით...
გიორგი მარგველაშვილი

„რაც შეეხება უვიზო რეჟიმს, მივესალმები საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნას გააგრძელოს თანამშრომლობა ევროკავშირის ქვეყნებთან, რათა ამ რეჟიმმა იმუშაოს გამართულად. საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყანაა და ევროკავშირი ძალიან აფასებს საქართველოს კონსტრუქციულობასა და აქტიურ დახმარებას გასული წლის სამიტის წარმატებით გამართვაში. ამ კონტექსტში ჩვენ ასევე განვიხილეთ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის მომავალი, მათ შორის - საქართველოს მთავრობის პრაგმატული წინადადებები მზარდ მიგრაციასთან და ევროკავშირთან თანამშრომოლობასთან დაკავშირებით“.

სავიზო ლიბერალიზაციის გამოწვევას თავის გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც შეეხო. ხაზი გაესვა ვითარების გამოსასწორებლად საქართველოს ხელისუფლების მიერ მობილიზებულ ძალისხმევას:

„კონკრეტულად უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ დაიკავა ზედმიწევნით აქტიური და პასუხისმგებლიანი პოზიცია ჩვენი პარტნიორების მიერ წამოყენებულ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით და მზად ვართ ერთობლივი მუშაობით ყველაფერი გავაკეთოთ, რათა გვქონდეს ბევრად უფრო ეფექტიანი, ქმედითი და ხანგრძლივი თანამშრომლობა“.

საერთო სურათს თუ გადავხედავთ, ამ ეტაპზე არ განიხილება საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი, თუმცა თუკი საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას კონკრეტული შედეგი არ მოჰყვა, არის რეალური საფრთხე, რომ ამოქმედდეს შეჩერების მექანიზმი და დამრღვევებთან ერთად საქართველოს ყველა მოქალაქე დაზარალდეს.

თუ გადავხედავთ გასული წლის მონაცემებს, 2017 წელს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების 97 პროცენტს ეთქვა უარი, რადგანაც თავშესაფრის მოთხოვნა აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო...
გოგიტა ღვედაშვილი

თავშესაფრის მაძიებელთა პრობლემის დაძლევის კონტექსტში ექსპერტები გადაუდებელ საჭიროებად მიიჩნევენ საქართველოს მოქალაქეების მაქსიმალურ ინფორმირებას სავიზო ლიბერალიზაციის წესებსა და თავშესაფრის მინიჭების საფუძვლებთან მიმართებით. როგორც 8 მარტს რადიო თავისუფლების პროგრამა „დილის საუბრებში“ სტუმრობისას აღნიშნა საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის (GCSD) ევროკავშირის პროგრამების დირექტორმა გოგიტა ღვედაშვილმა, თუკი პოლიტიკური დევნის, დისკრიმინაციისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მყისიერი რისკები არ არსებობს, მაშინ არ კმაყოფილდება თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადი.

„თუ ჩვენ, მაგალითად, ვართ სოციალურად დაუცველი ან ეკონომიკური პრობლემები გვაქვს, ეს არ გახლავთ მოტივი იმისთვის, რომ თავშესაფარი მოვითხოვოთ. თუ გადავხედავთ გასული წლის მონაცემებს, 2017 წელს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების 97 პროცენტს ეთქვა უარი, რადგანაც თავშესაფრის მოთხოვნა აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო“, - განაცხადა გოგიტა ღვედაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG