Accessibility links

Vali.ge - რა ვიცით სესხების ჩამოწერის ვებსაიტის შესახებ


რა არის Vali.ge?

Vali.ge ვალების განულების ინიციატივის ფარგლებში შექმნილი ვებსაიტია, სადაც მოქალაქეს შეუძლია გადაამოწმოს ჩამოეწერება, თუ არა ვადაგადაცილებული სესხი. თავდაპირველად, მისი გაშვება 3 დეკემბერს იგეგმებოდა. ის 10 დეკემბრის 19.00 საათის შემდეგ ამოქმედდა და ამ დრომდე ხარვეზიანად მუშაობს. ვებსაიტის დომენის მფლობელი ფონდი "ქართუა".

როგორ გადავამოწმო საკუთარი თავი?

იმის გასაგებად, ჩამოგეწერათ თუ არა სესხი, საჭიროა ვებსაიტზე პირადი ნომრისა და დაბადების თარიღის შეყვანა.

ყველა ტიპის სესხის გადამოწმებაა შესაძლებელი?

არა. ამ დროისთვის (10 დეკემბრის საღამოსთვის) ვებსაიტზე შეყვანილია მხოლოდ ექვსი ბანკის მონაცემები:

  • საქართველოს ბანკი;
  • თიბისი ბანკი;
  • ლიბერთი ბანკი;
  • სილქ როუდ ბანკი;
  • ხალიკ ბანკი საქართველო;
  • იშბანკი საქართველო.

თუ ბანკში არ მაქვს სესხი?

ჭარბვალიანობის დაძლევის გარეშე სიღარიბის დაძლევა შეუძლებელია.
მამუკა ბახტაძე

სხვა საფინანსო ორგანიზაციების მონაცემები ვებსაიტს მომავალში დაემატება, თუმცა ზუსტი დრო ცნობილი არაა.

როდემდე შეიძლება საიტით სარგებლობა?

Vali.ge იფუნქციონირებს დაახლოებით ერთი წელი, 2019 წლის 31 დეკემბრამდე.

ვის ჩამოეწერება სესხი?

სესხის დაბრუნების ვალდებულება მოეხსნება ყველა მოქალაქეს, რომელმაც 2018 წლის პირველ იანვრამდე ისესხა 2 000 ლარი და სულ მცირე, ერთწლიანი გადაუხდელობის გამო მოხვდა შავ სიაში. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ვალების განულებაში არ მონაწილეობს 20-ზე მეტი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.

როგორ გაჩნდა სესხების ჩამოწერის, იგივე “განულების ინიციატივა” და ვინ გადაიხდის ფულს?

"ჭარბვალიანობის დაძლევის გარეშე სიღარიბის დაძლევა შეუძლებელია", - ამ სიტყვებით პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე, 600 ათასი ადამიანისთვის ჯამში 1,5 მილიარდი ლარის ვალის ჩამოწერა დააანონსა. მისი თქმით, მთავრობა ამ პრობლემაზე დიდ ხანა მუშაობდა და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, საფინანსო ორგანიზაციები ინიციატივას დასთანხმდნენ. პროექტის ფინანსური მხარდაჭერა, ბახტაძის თქმით, ფონდმა "ქართუმ" აიღო საკუთარ თავზე. ეს არ ნიშნავს, რომ "ქართუ" 1,5 მილიარდ ლარის ვალებს დაფარავს, თუმცა ზუსტად რა თანხა დაუჯდება ფონდს ვადაგადაცილებული სესხების გამოსყიდვა უცნობია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG