Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანო მერაბიშვილის გადადებული პროცესი


ვანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი
ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის წინასასამართლო პროცესი 19 ნოემბრისთვის გადაიდო. საქმე შეეხება 2011 წლის 26 მაისის მოვლენებში შინაგან საქმეთა იმჟამინდელი მინისტრის მონაწილეობის ეპიზოდს. მერაბიშვილს ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ვანო მერაბიშვილმა 15-წუთიანი სიტყვით გამოსვლა და დაცვის მხარემ ერთადერთი შუამდგომლობის - პროკურორთა აცილების - მოთხოვნა მოასწრო, რაც მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ არ გაითვალისწინა. სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ 26 მაისს გარდაცვლილი პოლიციელის ვლადიმერ მანსურაშვილის დედა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის სასამართლოს დარბაზში გამოჩენას ტაში მოჰყვა. სასამართლო პროცესზე ვანო მერაბიშვილმა ვრცლად ისაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული რეფორმის შესახებ. განაცხადა, რომ რეფორმა არ იყო იოლი, თუმცა მათ ედუარდ შევარდნაძისდროინდელი სამართალდამცავებიდან ერთი პირიც არ გაუსამართლებიათ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებისათვის, რადგან ისინი იყვნენ პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლნი, და ეს იყო მისი ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილი, რაც ანგარიშსწორებას არ ეფუძნებოდა. ვანო მერაბიშვილმა ბოდიში მოუხადა სასამართლო პროცესზე მისულ 2011 წლის 26 მაისს გარდაცვლილი პოლიციელის ვლადიმერ მანსურაშვილის დედას, ანა აზარაშვილს, და დასძინა, რომ ის ძალიან წუხს იმის გამო, რომ მისი მინისტრობის პერიოდში 40 პოლიციელი გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.
გამომდინარე იქიდან, რომ კანონი განსაკუთრებულ იმუნიტეტს ყოფილ თანამდებობის პირებს, ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ამ შემთხვევაში არ ანიჭებს, სასამართლომ სავსებით არგუმენტირებულად და სამართლიანად არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია...
ქეთევან ჯაჭვაძე

ვანო მერაბიშვილის სიტყვით გამოსვლის გარდა, დაცვის მხარემ მოასწრო პროცესზე დაეყენებინა პროკურორების აცილების შუამდგომლობა. ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილის განმარტებით, ყოფილ მინისტრს ბრალი უნდა წაუყენოს არა რიგითმა, არამედ მთავარმა პროკურორმა:

„ბრალდება ედავება, რომ ჩაიდინა დანაშაული უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში - მაშინ გახლდათ შინაგან საქმეთა მინისტრი - და ეს თუ ასეა, არსებობს კანონი პროკურატურის შესახებ, სადაც პირდაპირ არის ჩანაწერი, რომ მთავრობის წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა განახორციელოს მთავარმა პროკურორმა. ამ შემთხვევაში წარმოდგენილი არ ყოფილა არც მთავარი პროკურორი და არ ჰქონია მიცემული დელეგირება რიგითი პროკურორებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ ბრალდებას. შესაბამისად, გვქონდა შუამდგომლობა პროკურორების აცილებასთან დაკავშირებით, რაც, სამწუხაროდ, სასამართლომ არ დააკმაყოფილა. მაგრამ ჩვენ ამ ნაწილში აუცილებლად ვიდავებთ“.

მოსამართლის გადაწყვეტილება პროკურორ ქეთევან ჯაჭვაძეს სამართლიანად მიაჩნია:

„გამომდინარე იქიდან, რომ კანონი განსაკუთრებულ იმუნიტეტს ყოფილ თანამდებობის პირებს, ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ამ შემთხვევაში არ ანიჭებს, სასამართლომ სავსებით არგუმენტირებულად და სამართლიანად არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია“.

მიმდინარე წლის 28 მაისს მთავარმა პროკურატურამ დასრულებულად გამოაცხადა 2011 წლის 26 მაისის მოვლენებში მერაბიშვილის მონაწილეობის ეპიზოდის გამოძიება და ის ბრალდებულად ცნო დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის განცხადებით, ”გამოძიებისას მოპოვებული მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება, რომ 2011 წლის 26 მაისს შინაგან საქმეთა იმჟამინდელი მინისტრის, ივანე მერაბიშვილის უშუალო დავალებითა და ხელმძღვანელობით დაიგეგმა არა საპროტესტო აქციის დაშლის და მასში მონაწილე პირების პროპორციული ძალის გამოყენებით გაფანტვის ორგანიზებული, ლეგიტიმური ღონისძიება, არამედ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებზე ფართომასშტაბიანი და განურჩეველი თავდასხმა, რომლის გამოკვეთილი მიზანი იყო მათი მასობრივი დაკავება, დასჯა და ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედება”.

საწინააღმდეგოს ამტკიცებდა სასამართლო პროცესის დაწყებამდე ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი:

„ჩვენ გვაქვს მთელი რიგი მტკიცებულებები მოტანილი. შემიძლია განსაკუთრებით გამოვყო ორი ექსპერტიზის დასკვნა. ერთი გახლავთ „დენსუსის“ მიერ მომზადებული და მეორე გახლავთ დასკვნა, რომელიც ჩვენ ევროპაში გავაკეთეთ. ცალსახად არის ორივე დასკვნაში მითითებული, რომ მერაბიშვილმა გასცა აბსოლუტურად კანონიერი ბრძანება; ცალსახად არის მითითებული, რომ გეგმა, რომელიც იყო შედგენილი, იყო აბსოლუტურად კანონზომიერი. ორგანიზატორების ესკორტმა დატოვა ქაოსურად შემთხვევის ადგილი და მოხდა ერთი პოლიციელის გარდაცვალება და ერთი მომიტინგის გარდაცვალება. შესაბამისად, ამის შემდეგ წარმოიშვა რიგ შემთხვევებში პოლიციელების მიერ აგრესია, მაგრამ ეს არ იყო განპირობებული თავად მერაბიშვილის ბრძანებიდან“.

პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებდნენ ყოფილი სამთავრობო გუნდის წარმომადგენლები. დიმიტრი შაშკინის სიტყვებით, ვანო მერაბიშვილს ასამართლებენ იმისთვის, რომ სამოქალაქო დაპირისპირება არ დაუშვა:
დიმიტრი შაშკინი
დიმიტრი შაშკინი

„ახლა ასამართლებენ ვანო მერაბიშვილს იმისთვის, რომ არ დაუშვა რუსეთის სპეცსამსახურების გეგმა და არ დაუშვა სამოქალაქო ომი საქართველოში“.

პროცესის დაწყებამდე არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ წარმომადგნლებმა აქცია გამართეს სასამართლოს წინ - დადგეს წარმოდგენა, რომელშიც ერთმანეთსს შეადარეს ვანო მერაბიშვილისა და მისი წინამორბედი ხელისუფლებისდროინდელი სამართალდამცავები, რითაც პოლიციის წარმატებულ რეფორმას გაუსვეს ხაზი.

5 ნოემბერს მერაბიშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართა რამდენიმე ადგილას - ე.წ. მატროსოვის ციხის შენობასთან, რიყეზე და შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ. როგორც თაკო სალაყაიამ განმარტა, მისი მეუღლის, ვანო მერაბიშვილის მეგობრები ასე გამოხატავენ მხარდაჭერას:

„მისმა მეგობრებმა, მხარდამჭერებმა, თანამოაზრეებმა გადაწყვიტეს მოსულიყვნენ აქ, კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინათ მხარდაჭერა ვანოსადმი. ის ადამიანები, ვინც კრიმინალს ებრძოდა, ვინც ქურდულ სამყაროს ებრძოდა, ვინც პოლიცია ფეხზე დააყენა, ვინც ჯარი ფეხზე დააყენა, დღეს, აი, აქ არიან გამოკეტილები“.

მერაბიშვილის სასამართლო პროცესი 2011 წლის 26 მაისის ეპიზოდთან დაკავშირებით 19 ნოემბერს უნდა გაიმართოს. პროცესზე მხარეები მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხს განიხილავენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, სასამართლო პროცესის ამ ეტაპზე ძნელია საუბარი პროცესის პოლიტიკურად მოტივირებულობის შესახებ.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG