Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენეციის კომისიამ ”საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტზე დასკვნა მოამზადა


ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო. 2013 წლის 30 იანვარი, თბილისი
ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო. 2013 წლის 30 იანვარი, თბილისი
8 მარტს ვენეციის კომისიამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ”საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტის თაობაზე ექსპერტების დასკვნა წარმოადგინა. იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე აცხადებს, რომ, მთლიანობაში, კანონპროექტი ვენეციის კომისიამ მოიწონა, თუმცა კომისიას საქართველოს მთავრობის მიმართ აქვს გარკვეული რეკომენდაციებიც, რომელთა გაზიარების შემდგომაც საქართველოს პარლამენტს მოუწევს საკმაოდ დაბალანსებულ კანონპროექტზე მსჯელობა.

“იმ წესისა და რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაშიც, რასაც ვენეციის კომისია გვთავაზობს, საბოლოო ჯამში, მივიღებთ იუსტიციის საბჭოს ისეთ შემადგენლობას, რომელსაც ექნება შესაძლებლობა ეფექტური სასამართლო რეფორმა განახორციელოს“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას ”საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს კანონის პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ. მისი განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნაში გაზიარებული და მოწონებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევასთან დაკავშირებით კანონპროექტით შემოთავაზებული ყველა ძირითადი პრინციპი. ალექსანდრე ბარამიძის თქმით, ვენეციის კომისიას აქვს გარკვეული რეკომენდაციებიც, მაგრამ ისინი არ არის კატეგორიული შინაარსის:

“იყო გარკვეული საკითხები, მაგალითად, რაც ეხებოდა საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას არ გამოუთქვამს ხისტი ან კატეგორიული მოსაზრებები. პირიქით, ვენეციის კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ შესაძლებელია გარდამავალ ეტაპზე დაინიშნოს არჩევნები საბჭოს იმ წევრების ადგილას, რომლებიც აირჩია არა მოსამართლეთა კონფერენციამ, არამედ მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულმა კომიტეტმა. თვითონ ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ საბჭოს წევრების არჩევის შესაძლებლობა კი, რომელიც მოქმედ კანონშია ჩადებული, ვენეციის კომისიის მიერ ძალზე კრიტიკულად არის შეფასებული”.

ალექსანდრე ბარამიძე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გაიზიარებს და სწორედ ამ სახით შესწორებულ კანონს განიხილავს პარლამენტი. რაც შეეხება საბჭოს წევრების გადახალისებას:
პოლიტიკურ ჯგუფს აქვს იუსტიციის საბჭოზე გავლენის მოხდენის სურვილი და, მთავარი, რომ დაუშვებელია ისეთი დამოუკიდებელი ინსტიტუტები, როგორიც არის სასამართლო, მიბმული იყოს პოლიტიკური ვითარების ცვლილებაზე...
აკაკი მინაშვილი

”ეს მოხდება საკმაოდ მალე - იმ წევრების ადგილას, რომლებიც ადმინისტრაციულმა კომიტეტმა აირჩია, დაინიშნება ახალი არჩევნები და ამ არჩევნებში საერთო საფუძველზე შეეძლებათ მონაწილოება მიიღონ იმ წევრებმაც, რომლებიც სწორედ ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ იქნენ არჩეული. შეზღუდვა ამ მხრივ არ იქნება, ასევე არ იქნება შეზღუდვა სასამართლოს თავმჯდომარეებთან დაკავშირებით, ყველას შეუძლია იყაროს კენჭი და იყოს არჩეული, იმ პირობით, რომ თუ არჩეული იქნება, სასამართლოს თავმჯდომარეობიდან და სხვა ადმინისტრაციული თანამდებობიდან ის უნდა გადადგეს”.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილი აცხადებს, რომ თუ ”ქართული ოცნება” არ გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი უკან, შორს ევროპისგან. თავად მინაშვილს იმედი არა აქვს, რომ ახალი მთავრობა სრულად გაითვალისწინებს კომისიის რეკომენდაციებს. მთავარი, მისი თქმით, რაზეც ექსპერტები მსჯელობენ, არის ის, შეიძლება თუ არა განხორციელდეს ცვლილებები მანამ, სანამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ამოეწურებათ უფლებამოსილების ვადა. ვენეციის კომისიამ, როგორც აკაკი მინაშვილი რადიო თავისუფლებას უცხადებს, არ მოიწონა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლის იდეა:

”ვენეციის კომისიის ექსპერტების განწყობა ასეთია, რომ ეს არის დაუშვებელი და მიუღებელი. მათი აზრით, ეს მიდგომა, გარკვეულწილად, შეიცავს იმის ნიშნებს, რომ პოლიტიკურ ჯგუფს აქვს იუსტიციის საბჭოზე გავლენის მოხდენის სურვილი და, მთავარი, რომ დაუშვებელია ისეთი დამოუკიდებელი ინსტიტუტები, როგორიც არის სასამართლო, მიბმული იყოს პოლიტიკური ვითარების ცვლილებაზე”.

საქართველოს უზენაესი სასამართლო
საქართველოს უზენაესი სასამართლო
ვენეციის კომისიის დასკვნაში, რომლიდან ამონარიდებიც აკაკი მინაშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, წერია, რომ ”იუსტიციის საბჭოს უმთავრესი ფუნქციაა დაიცვას მოსამართლეები პოლიტიკური ზეწოლისგან. სწორედ ამიტომ, შეუსაბამო იქნება საბჭოს სრული განახლება არჩევნების შემდგომ. ვენეციის კომისიის აზრით, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი ცვლილებების მიღებისგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრების არჩევის უწყვეტობას. საბჭოს
ყველა წევრისათვის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტა კი გააჩენს პრეცედენტს, რომ ყველა ახალი მთავრობა და პარლამენტი, რომლისთვისაც ეს საბჭო მიუღებელი იქნება, შეცვლის არსებულ საბჭოს ახლით”.

8 მარტს ოფიციალური განცხადება გაავრცელა იუსტიციის სამინისტრომაც. ამონარიდი განცხადებიდან:

”კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის პროექტში ნათქვამია, რომ ცვლილებების დიდი უმრავლესობა არის მისასალმებელი, პროგრესული და ემსახურება მოქმედი კანონის ნაკლოვანებების გამოსწორების მიზანს. მოქმედი კანონის ზოგიერთი დებულების მიმართ კი გამოთქმულია მოსაზრება, რომ იგი საეჭვოა მისი კონსტიტუციასთან შესაბამისობის თვალსაზრისით.
ექვსი არამოსამართლე პოლიტიკოსი წევრის ნაცვლად დაინიშნება ასევე ექვსი არამოსამართლე წევრი არასამთავრობო სექტორიდან, სამეცნიერო და ადვოკატების წრეებიდან, - ეს თავისთავად კარგია, მაგრამ მათი დანიშვნისას აუცილებელია შესაბამისი შეთანხმება მოხდეს უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის...
კოტე კუბლაშვილი

ვენეციის კომისია ეთანხმება და დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებულ პროექტს, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების ახალ წესს ითვალისწინებს.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, კანონის გარდამავალ დებულებებში გათვალისწინებული უნდა იყოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ მანამდე არჩეული იუსტიციის უმაღლესი სამჭოს წევრების მანდატის განახლების საკითხი. ამგვარი რეკომენდაცია ნიშნავს იმას, რომ არადემოკრატიული წესით არჩეული შემადგენლობა უნდა დაექვემდებაროს ახალ, დემოკრატიულ არჩევნებზე დაფუძნებულ წესებს”.
ვენეციის კომისიის დასკვნის შესახებ საკუთარ მოსაზრებას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის მიცემულ ინტერვიუში გამოთქვამს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილიც. კერძოდ, ის ყურადღებას ამახვილებს იუსტიციის საბჭოს წევრების დაკომპლექტების წესზე:

”ექვსი არამოსამართლე პოლიტიკოსი წევრის ნაცვლად დაინიშნება ასევე ექვსი არამოსამართლე წევრი არასამთავრობო სექტორიდან, სამეცნიერო და ადვოკატების წრეებიდან, - ეს თავისთავად კარგია, მაგრამ მათი დანიშვნისას აუცილებელია შესაბამისი შეთანხმება მოხდეს უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის და მხოლოდ უმრავლესობის ხმებით არ დაინიშნონ ისინი. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ არ უნდა აეკრძალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად გახდომა რამდენიმე თანამდებობის პირს, სასამართლოს თავმჯდომარეებს, მოადგილეებს და, რაც მთავარია, ის, რომ საბჭოს მოქმედ წევრებს ერთბაშად არ შეუწყდეთ უფლებამოსილება”.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG