Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ წავა ფრანკფურტში თუ მწერლები ბოიკოტს გამოაცხადებენ?


2017 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა
2017 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა

ფრანკფურტის 2018 წლის წიგნის ბაზრობამდე, სადაც საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყანაა, სულ ცხრა თვეა დარჩენილი. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მედეა მეტრეველი და მისი გუნდი კი, ვინც წლების განმავლობაში კურირებდა ამ პროექტს, შესაძლოა, პროექტიდან და სამსახურიდან წავიდეს. კულტურის სამინისტროსა და წიგნის ეროვნულ ცენტრს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც, მინისტრის გადაწყვეტილებით, “ფრანკფურტი 2018”-ის პროექტს ხელმძღვანელი შეეცვალა. მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები მიიჩნევენ, რომ ამ მოულოდნელმა ცვლილებამ და წიგნის ეროვნული ცენტრის გუნდის ჩანაცვლებამ, შესაძლოა, დააზიანოს ქვეყნის იმიჯი და ძალიან დიდი ზიანი მოუტანოს საქართველოს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. მათ უკვე მიმართეს ღია წერილით ქვეყნის პირველ პირებს და, საჭიროების შემთხვევაში, ბოიკოტზეც ფიქრობენ.

გადმოწერა

საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და კულტურის მინისტრის სახელზე დაწერილი ღია წერილის ხელმომწერი ავტორების, მთარგმნელებისა და გამომცემლების რიცხვი ყოველ საათში იზრდება. ხელმოწერები ამ დროისათვის უკვე გადასცდა 80-ს. ადრესატებს ისინი სწერენ, რომ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მედეა მეტრეველისა, და მისი გუნდის წასვლა პოსტებიდან 9 თვით ადრე „ფრანკფურტი 2018 წლის“ წიგნის ბაზრობამდე, სადაც საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყანაა, „უპირობოდ აფერხებს ამ პროექტის მზადების პროცესს“.

მიგვაჩნია, რომ საზოგადოებამ აღნიშნულ საკითხებზე განმარტებები მაქსიმალურად მოკლე ვადაში უნდა მიიღოს. დაინტერესებული ჯგუფი კი კულტურის მინისტრს შეგვახვედროთ საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად...
ამონარიდი ღია წერილიდან

წერილზე ხელმომწერები თანხმდებიან, რომ დღეს ყველა სახის რადიკალური გადაწყვეტილება გაუმართლებელია და „2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით ღირსეულად წარდგენას საფრთხე ემუქრება“. ისინი მოითხოვენ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელსა და თანამშრომლებს ხელი შეეწყოთ, რომ შეუფერხებლად იმუშაონ:

„მიგვაჩნია, რომ საზოგადოებამ აღნიშნულ საკითხებზე განმარტებები მაქსიმალურად მოკლე ვადაში უნდა მიიღოს. დაინტერესებული ჯგუფი კი კულტურის მინისტრს შეგვახვედროთ საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად”.

ეს წერილი წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ გაავრცელა და, როგორც ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე გვანცა ჯობავა აცხადებს, მალევე გამოჩნდა მწერლების ერთსულოვნებაც. მწერლებისთვის აბსოლუტურად გაუგებარია კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება, პროცესის ფინალურ ეტაპზე პროექტს ჩამოაშოროს ის ადამიანი, ვინც ამავე პროექტის წარმატებისათვის პირველივე დღეებიდან შრომობდა თავის გუნდთან ერთად:

„როგორ შეიძლება, რომ თითქმის ფინალურ ეტაპზე ჩნდებოდეს რაღაც მიზეზი და პროექტის მენეჯერის შეცვლაზე დაიწყოს ლაპარაკი - იმ ადამიანის, ვინც თავის გუნდთან ერთად თავისი მხრებით მოიტანა ეს პროექტი აქამდე? საიდან მოვიდა ეს გადაწყვეტილება, რამ გამოიწვია? ეს კითხვა ისმის იმიტომ, რომ წლევანდელ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ჩვენი პროექტის პრეზენტაციას არნახული გამოხმაურება ჰქონდა. გერმანული გამოცემები წერდნენ, რომ მომავალ წელს საქართველოსგან საოცარ ღონისძიებებს ველითო“.

გვანცა ჯობავა დარწმუნებულია, რომ წიგნის ცენტრის ხელმძღვანელისა და მისი გუნდის წასვლის შემთხვევაში პროექტი თუ არ ჩაიშლება, ჩატარდება ძალიან დაბალ დონეზე, რადგან დღეს ამ სფეროში არ არსებობს მომზადებული გუნდი, ვინც საქმეს გადაიბარებს და შეუფერხებლად განაგრძობს ფრანკფურტისთვის მზადებას.

არ შეიძლება რაღაც ამბავს საყრდენი გამოაცალო და სხვა რამ დააშენო, თუ საფუძველი აღარ არსებობს. თუ ლიტერატურა არ იქნება საჭირო დონეზე წარდგენილი, დანარჩენ კომპონენტებს საერთოდ დაეკარგება აზრი. დღეს ამ საკითხზე მწერლების პოზიციაა ყველაზე მთავარი და კულტურის სამინისტრომაც და მთლიანად ხელისუფლებამ უნდა მოუსმინოს მწერლებს...
შოთა იათაშვილი

წერილს, სხვა ავტორებთან ერთად, ხელს აწერს პოეტი შოთა იათაშვილიც. ის ამბობს, რომ კარგად უნდა გავიაზროთ, თუ რა მნიშვნელობის მოვლენაა, საერთოდ, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა და, მით უმეტეს, რა მნიშვნელობა აქვს მას 2018 წელს საქართველოსთვის. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მთავარი არსი და ამბავი და მთავარი გმირიც არის ლიტერატურა და ყველაფერი ლიტერატურის შესახებ. დანარჩენი კულტურული კომპონენტები მხოლოდ მისი შემავსებელი ნაწილებია:

„არ შეიძლება რაღაც ამბავს საყრდენი გამოაცალო და სხვა რამ დააშენო, თუ საფუძველი აღარ არსებობს. თუ ლიტერატურა არ იქნება საჭირო დონეზე წარდგენილი, დანარჩენ კომპონენტებს საერთოდ დაეკარგება აზრი. დღეს ამ საკითხზე მწერლების პოზიციაა ყველაზე მთავარი და კულტურის სამინისტრომაც და მთლიანად ხელისუფლებამ უნდა მოუსმინოს მწერლებს“.

მთარგმნელი ხათუნა ცხადაძე კი ჩვენთან საუბარში ხაზს უსვამს იმ ფაქტორს, რომ წიგნის ცენტრის გუნდს აქვს ამ ამბის პროტაგონისტების - მწერლების, გამომცემლების, მთარგმნელების - სრული ნდობა.

„ჩემი აზრით, ეს პროცესი პრიორიტეტების გადაჩოჩებას ჰგავს, ვიღაცისთვის მეორე ადგილზე ჩაჩოჩებას. ეს არის პრიორიტეტების უგულებელყოფა, ამ ამბის მთავარი პროტაგონისტის, მწერლების, აზრის გაუთვალისწინებლობა.კულტურის სამინისტროს უნდა ესმოდეს, რომ თუ ფრანკფურტში საქართველო კარგად წარმოჩნდება, ამის მთავარი გმირი, შინაარსი, არსი ზუსტად ეს თემი იქნება, მწერლების თემი“.

მედეა მეტრეველი
მედეა მეტრეველი

თავად წიგნის ცენტრის ხელმძღვანელმა მედეა მეტრეველმა საკუთარი პოზიცია ფეისბუკის პირად გვერდზე გამოხატა და თქვა, რომ პროექტის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე სამუშაო ჯგუფის მენეჯმენტში ცვლილება მოხდა - შეიცვალა პროექტის ხელმძღვანელი, რის გამოც ცენტრს აღარ გააჩნია გადაწყვეტილებების მიღების უფლება მთლიანი პროექტის ადმინისტრირებაზე, ხარისხიან და დროულ შესრულებაზე, თუმცა რჩება პასუხისმგებლობა. კულტურის მინისტრის სახელზე მიწერილ წერილში მედეა მეტრეველმა მოითხოვა, „პროექტის ფარგლებში ცენტრმა უზრუნველყოს უშუალოდ ქართული ლიტერატურული და საგამომცემლო პროგრამის განხორციელება და ლიტერატურული თარგმანების მომზადება. რაც შეეხება მთლიანი პროექტის სხვა საკვანძო საორგანიზაციო მიმართულებებს, რომლებიც დიდი თანხების მართვასთან არის დაკავშირებული (პავილიონი, პიარ კამპანია გერმანიაში, სრული პროექტის ლოჯისტიკა, კულინარიული პროგრამა და სხვა), გადავიდეს იმ უწყების მართვაში, რომელიც, როგორც გადაწყვეტილების მიმღები, უშუალოდ იქნება პასუხისმგებელი როგორც შინაარსობრივ, ასევე ფინანსურ მართვაზე და შესრულებაზე“.

წინააღმდეგ შემთხვევაში,მედეა მეტრეველი ტოვებს პროექტს და წიგნის ცენტრის ხელმძღვანელობასაც. როგორც უკვე ირკვევა, მას წიგნის ცენტრის მთელი გუნდი უცხადებს სოლიდარობას და ისინიც ტოვებენ სამსახურს. ეს ის გუნდია, რომელიც წლებია ჩართულია „ფრანკფურტი 2018“-ის მომზადების პროცესში.

ჩვენი გუნდი აბსოლუტურად ერთსულოვანია და იზიარებს ხელმძღვანელის პოზიციას. შესაბამისად, თუ გადაწყვეტილება იქნება მისი წასვლა თანამდებობიდან, გუნდის ძალიან დიდი ნაწილი მასთან ერთად დატოვებს სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიცით, ამ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, დააზიანოს პროექტი...
მაიკო დანელია

მაიკო დანელია, მედეა მეტრეველის მოადგილე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში თავისი კოლეგების სახელით აცხადებს, რომ წიგნის ცენტრის შემადგენლობის დამსახურებაა 30 ენაზე ნათარგმნი 200 წიგნი და სწორედ 2018-ში დაგეგმილი ასი თარგმანის გამოცემა. იგეგმებოდა მასშტაბური ლიტერატურული პროგრამა, რაც გულისხმობს 30-მდე გერმანულენოვან ქალაქში, დაახლოებით, 500-მდე ლიტერატურული ღონისძიების ორგანიზებას. ამ აწყობილი სისტემიდან ერთი რგოლის ამოვარდნაც კი პროცესს უარყოფით შედეგებამდე მიიყვანს, გვითხრა მაიკო დანელიამ.

„ჩვენი გუნდი აბსოლუტურად ერთსულოვანია და იზიარებს ხელმძღვანელის პოზიციას. შესაბამისად, თუ გადაწყვეტილება იქნება მისი წასვლა თანამდებობიდან, გუნდის ძალიან დიდი ნაწილი მასთან ერთად დატოვებს სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიცით, ამ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, დააზიანოს პროექტი“.

მწერლებმა დაიწყეს საუბარი ბოიკოტზეც. ითქვა, რომ მხოლოდ ასეთი პრინციპული გადაწყვეტილებით შეიძლება ებრძოლო რადიკალურ გადაწყვეტილებებს, თუმცა ეს პროტესტის უკიდურესი ზომაა. ახსენეს საპროტესტო აქციაც. ბოიკოტი უკიდურესი ზომაა, გვითხრა შოთა იათაშვილმა, მაგრამ თუ სხვა გზა არ რჩება, ის ამ ვითარებაში, შესაძლოა, ერთადერთი გამოსავალი იყოს. მთარგმნელმა ხათუნა ცხადაძემ კი რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სწორედ ბოიკოტი გამოავლენს, თუ ვინ რჩება პრინციპების ერთგული:

ხათუნა ცხადაძე
ხათუნა ცხადაძე

„გამოვაცხადოთ ბოიკოტი და ვნახოთ, ვინ მოაწერს ხელს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივხვდეთ, რას ნიშნავს ნამდვილი ბოიკოტი. ვერანაირი ხაჭაპურებით და ხინკლებით იქ ვერ წავა ვერავინ, თუ ლიტერატორთა თემი ისეთ ბოიკოტს გამოაცხადებს, როგორიც საჭიროა“.

იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და რა გადაწყვეტილებას მიიღებს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მწერლებმა, შესაძლოა, პროტესტი აქციითაც გამოხატონ. ამ დრომდე ცნობილია კულტურის მინისტრის პოზიცია, რომ თუ წიგნის ცენტრის ხელმძღვანელი გადაწყვეტილებას არ შეცვლის, მინისტრი იძულებული იქნება დააკმაყოფილოს მისი განცხადება თანამდებობიდან წასვლის თაობაზე. ამ შემთხვევაში მედეა მეტრეველს და, სავარაუდოდ, მის გუნდს მოუწევს დაწყებული საქმეების გადაბარება პროექტის ახალი ხელმძღვანელისათვის, რომლის ვინაობაც კულტურის მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერშიც დაასახელა. და ეს ახალი ხელმძღვანელი მისივე მოადგილე მანანა ბერიკაშვილი იქნება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG