Accessibility links

შეთანხმება ვეღარ შველის ესკალაციას აღმოსავლეთ უკრაინაში


უკრაინელი ჯარისკაცები დონეცკის რეგიონში.

უკიდურესად დაძაბულია სიტუაცია უკრაინის აღმოსავლეთში, სადაც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ხელყოფაში უკრაინის ხელისუფლება და პრორუსულად განწყობილი დონბასელი სეპარატისტების ლიდერები ერთმანეთს ადანაშაულებენ. გავრცელებული ინფორმაციით, დიდია მსხვერპლი როგორც უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებში, ისე სამოქალაქო პირებს შორის. ვითარების ესკალაციის გამო, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სასწრაფოდ შეწყვიტა ვიზიტი გერმანიაში.

აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საომარი დაპირისპირების გამო, რომლის ეპიცენტრშიც ქალაქი ავდეევკაა, 30 იანვარს უკრაინის პრეზიდენტმა სასწრაფოდ შეწყვიტა ვიზიტი გერმანიაში და უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. ინფორმაცია კი ესკალაციის გამომწვევ მიზეზებსა და დაღუპულებზე ყოველწუთიერად იცვლება.

წუხელ, 29 იანვარს, ხუთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და 12 დაიჭრა. დღეს დილით, 30 იანვარს, კიდევ ორმა ჯარისკაცმა შესწირა სიცოცხლე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ხუთი ჯარისკაცი კი დაიჭრა. ისინი დაიღუპნენ და დაიჭრნენ ცეცხლით, რომელიც რუსების უკანონო შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის კვარტალსა და იასინოვატაიაში დაყენებული საარტილერიო სისტემებიდან გახსნეს იმ იმედით, რომ უკრაინის არმია მათ ცეცხლითვე არ უპასუხებდა“​, - განაცხადა ბერლინში მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა, რომელიც 30 იანვარს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ზიგმარ გაბრიელს შეხვდა. მიუხედავად ესკალაციის მორიგი ტალღისა, ბერლინი მტკიცედ უჭერს მხარს კიევსა და დონბასელ სეპარატისტებს შორის მოლაპარაკების გაგრძელებას, როგორც მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევის გარანტიას.

„გვჯერა, რომ ნორმანდიის ფორმატი, რომელშიც ჩვენ საფრანგეთთან ერთად ვმონაწილეობთ, წინსვლის მართებული გზაა, მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა. ეს გზა რთულია, მაგრამ მშვიდობას უკრაინაში, ისევე როგორც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სტაბილურ პოლიტიკურ ვითარებას, მხოლოდ ამ პროცესის საშუალებით შეიძლება მივაღწიოთ“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა 30 იანვარს, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ,

თუმცა, დონეცკის ქალაქ ავდეევკასთან ბრძოლებისა და მორიგი ფართომასშტაბიანი ესკალაციის ფონზე, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის სამშვიდობო მოწესრიგების იმედი სულ უფრო ნაკლები რჩება. დაუზუსტებელი მონაცემებით, ორდღიანი შეტაკებების შედეგად ორივე მხრიდან რამდენიმე ათეული სამხედრო და სამოქალაქო პირია დაღუპული. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, ბრძოლაში მოკლულია 10 სეპარატისტი მებრძოლი. თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ 29-30 იანვარს უკრაინის არმიამ ბრძოლებში სულ მცირე 78 ჯარისკაცი დაკარგა. განსხვავებულად წარმოადგენენ მხარეები ასევე კონფლიქტის ესკალაციის მიზეზს. უკრაინული წყაროების ცნობით, 29 იანვარს ე. წ. „სიჩუმის რეჟიმი“ დონბასელმა სეპარატისტებმა დაარღვიეს და ინტენსიური საარტილერიო სროლების შემდეგ შეტევაზე გადავიდნენ. დონეცკელი სეპარატისტები კი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში უკრაინულ მხარეს და, კერძოდ, დამოუკიდებელ შეიარაღებულ ჯგუფებს ადანაშაულებენ. ამ ვერსიას კრემლი სარწმუნოდ მიიჩნევს.

„კრემლი უკიდურესად შეშფოთებულია კონფლიქტის ზოლში მიმდინარე მოვლენებით. არსებობს სარწმუნო მონაცემები, რომელთა თანახმად, გუშინ, არა საკუთრივ უკრაინის შეიარაღებული ძალები, არამედ დამოუკიდებული შეიარაღებული ჯგუფები შეეცადნენ თავდასხმას იმ ტერიტორიაზე, რომელსაც დონბასის რესპუბლიკები აკონტროლებენ. უკრაინის შეიარაღებული ძალების არტილერიის მხარდაჭერით, მათ გადალახეს შეხების ზოლი"​, - განაცხადა 31 იანვარს კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.

ამ ურთიერთბრალდებების ფონია მძიმე ვითარება ქალაქ ავდეევკაში. ქალაქის მოსახლეობა - დაახლოებით, რვა ათასი ადამიანი - დარჩენილია ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის გარეშე. დონეცკში, სეპარატისტების თანახმად, ჭურვებმა ზიანი მიაყენა მათ და ელექტროდენის მიწოდება შეუწყდა ზასიადკოს მაღაროს, სადაც 200-მდე მეშახტე იმყოფება.

უკრაინის ჯარებსა და სეპარატისტებს შორის 2014 წლის აპრილში დაწყებულმა ბრძოლამ, ბოლო მონაცემებით, 9 750-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG