Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუტა რობაქიძის საქმიდან გიგი უგულავას ბრალდებამდე


გასულ კვირაში გავრცელდა ახალი ვიდეომასალა ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმის თაობაზე, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც საქმეში ბრალდებულების, ასევე გარდაცვლილი 19 წლის ახალგაზრდის ოჯახის წევრების მხრიდან. გასული კვირის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად იქცა ქალაქის მერისთვის სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლებით ბრალის წაყენებაც, რაც, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების განცხადებით, იმ მიტინგის ჩაშლას უკავშირდება, რომელიც მათ მიერ გასულ კვირაშია დაანონსებული და, მოძრაობის გენერალური მდივნის თქმით, 19 აპრილს არის დაგეგმილი.

ახალი ხელისუფლების 100-დღიანი მმართველობა არასამთავრობო სექტორმა გასულ კვირაში შეაჯამა. არა ერთი და ორი საათის განმავლობაში ისმენდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან კრიტიკულ შეფასებებს. ადგილობრივ თვითმმართველობებში განვითარებული მოვლენები, პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა ბედი, შერჩევითი სამართალი, საჯარო სამსახურებიდან ადამიანების გათავისუფლება, პოლიტპატიმრების სტატუსი თუ ამნისტიის შესახებ კანონი - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელთა მოსმენაც ახალ მთავრობას 18 თებერვალს მოუწია.

”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” ახალ მთავრობას კიდევ ერთხელ შეახსენა თავისი კრიტიკული აზრი პოლიტპატიმრების სტატუსის მინიჭების შესახებ. ასოციაციის ხელმძღვანელის კახა კოჟორიძის თქმით, “სამუშაო ფორმატი და შემჭიდროებული ვადები არ იძლეოდა ამ საქმეების სათითაოდ შესწავლის საშუალებას. ამის გარეშე კი, ჩვენ ვფიქრობთ, არასწორია პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მინიჭება”. რაც შეეხება ბოლო დროს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებას, კახა კოჟორიძემ თქვა, რომ ამ საქმეების საფუძვლიანად შესწავლის შემდეგ იქნება შესაძლებელი ვილაპარაკოთ, დააკავეს თუ არა ყოფილი მაღალჩინოსნები პოლიტიკური ნიშნით.

ორგანიზაცია ”სამართლიანი არჩევნების” კრიტიკის ობიექტი კი გახდა ადგილობრივ თვითმმართველობებში არჩევნების შემდგომ განვითარებული მოვლენები. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია პირდაპირ მიუთითებს პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირთა - გამგებლებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების - სამსახურიდან მასობრივად დათხოვნის ფაქტებზე. ეს პროცესი, მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ადგილობრივი აქტივისტების აქციების ფონზე ვითარდებოდა:
ნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია

”ჩვენი ინფორმაციით, თანამდებობა დატოვა 47-მა გამგებელმა და საკრებულოს 24-მა თავმჯდომარემ, უმრავლესობამ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. ჩვენ ასევე გვაქვს 24 შემთხვევა, როდესაც იქ მიმდინარე საპროტესტო აქციებმა მიიღო ძალადობრივი სახე, რაც შენობების ბლოკირებაში, შეჭრასა და საკრებულოს სხდომის ჩაშლაში გამოიხატა”.

ამ პროცესს კი, ნინო ლომჯარიას თქმით, მოჰყვა უფრო დაბალ რგოლებში დასაქმებული ადამიანების უსაფუძვლოდ გათავისუფლების მთელი სერია. საინტერესოა, რომ განცხადებას ყველა თავისით წერდა, რასაც წინ უსწრებდა თათბირი ხელმძღვანელობასთან. სხვათა შორის, საინტერესო იყო ამ თემაზე თავად პრემიერის კომენტარი. მან თქვა, რომ მისთვის გაუგებარია, სხვანაირად ხალხი როგორ უნდა დაითხოვონ სამსახურიდან:

”გაუგებარია, რომ ჩნდება შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, რატომ თავისუფლდებიან საჯარო სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე. აბა, როგორ უნდა გათავისუფლდნენ? ეს კითხვა დამრჩა”.

გასულ კვირაში არაერთი პოლიტიკური საკითხი გადაფარა ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ირაკლი ფირცხალავას მიერ გავრცელებულმა ვიდეოკადრებმა. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ფირცხალავას განმარტებით, მასალის გავრცლების ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო საზოგადოებას ენახა, რომ ავტომანქანაში მსხდომი ახალგაზრდები, რომლებიც 2004 წლის 24 ნოემბერს პოლიციამ გააჩერა, რასაც ბუტა რობაქიძის მკვლელობა მოჰყვა, შეიარაღებულნი იყვნენ. ყოფილი პოლიციელის მიერ გავრცლებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ პოულობენ სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე ერთ ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს და ერთ პისტოლეტს:

”ცრუობს პროკურატურის გამომძიებელი, ცრუობს აბსოლუტურად ყველა პატრულის თანამშრომელი. თქვენ ამას ნახავთ. მე გამოსავალი არ დამიტოვეს, ჩვენ წინააღმდეგ შეთითხნეს ბრალდება, ის 30 ცრუ მოწმე დაიყენეს. თქვენ თვითონ ნახავთ ამას ყველაფერს”.

ბუტა რობაქიძის ოჯახის წევრებმა გავრცელებულ მასალას ფალსიფიცირებული უწოდეს. ისინი კვლავაც იმეორებენ, ისევე როგორც ამბობდნენ უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში, რომ ბუტა რობაქიძეს და მის მეგობრებს იარაღი არ ჰქონიათ.

მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი აცხადებს, რომ ვიდეომასალა დეტალურად იქნება შესწავლილი, ასევე დეტალურად იქნება შესწავლილი კადრებში აღბეჭდილი ყველა პირი და მოვლენა და ამ ყველაფერს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა.
ეს ყველაფერი, ალბათ, კეთდება იმისათვის, რომ სააკაშვილს მთავრობის დასათხოვნად საფუძველი მიეცეს. ყველა ეს ნაბიჯი მოამწიფებს შთაბეჭდილებას იმისა, რომ პრეზიდენტს დათხოვნის მოტივი ჰქონდეს, რომ, აი, ხალხი უკმაყოფილოა...
რამაზ საყვარელიძე


ყოფილი პოლიციელის მიერ გავრცელებული ვიდეომასალის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დეტალს დაჭრილი ბუტა რობაქიძის კადრები წარმოადგენს. ვიდეომასალაში ჩანს, რომ ის კადრების გადაღების პროცესში ისევ ცოცხალი იყო. კადრების დეტალური შესწავლის შემდეგ, დამოუკიდებელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ, დროული და კვალიფიციური დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა ბუტა რობაქიძის გადარჩენა. დაჭრილის გარესისხლდენის სპეციფიკის შესწავლის შედეგად, დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის, ”ვექტორის”, დირექტორი და სასამართლო სამედიცინო ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე აცხადებს, რომ 19 წლის დაჭრილი ახალგაზრდა დიდხანს იმყოფებოდა დახმარების გარეშე:

”სახე მოსვრილი აქვს სისხლით. ეს შეუსაბამობაა შესავალი ხვრელის ლოკალიზაციასა და სახეზე არსებულ სისხლის ლაქებს შორის. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ასფალტზე სახით ყოფნის პერიოდი იყო გახანგრძლივებული. ანუ ის დროულად არ გადმოაბრუნეს და ამ დროის პერიოდში სისხლმა მოასწრო გარეთ გამოდენა და, შესაბამისად, დაუსვარა მას სახე”.

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმის თაობაზე საუბრისას უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ყოფილი პოლიციელები, რომლებიც გასული წლის ბოლოს პროკურატურამ მოწმის სტატუსით დაკითხა და რომლებმაც მაშინ განაცხადეს, რომ შემთხვევის ადგილზე მათ იარაღი არ უნახავთ, ამჯერად ჩვენებებს ცვლიან და აცხადებენ, რომ მათ ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცეს.

გასული კვირის ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ მოვლენად უნდა ჩაითვალოს საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის საკონსტიტუციო ცვლილებების ფორმატში დაწყებული მოლაპარაკების გაგრძელება, მოლაპარაკებისა, რომლის დასრულებასაც, როგორც გაირკვა, აფერხებს შეუთანხმებლობა ერთადერთ საკითხში. ეს საკითხი კი საჯარო მოხელეთა ამნისტირებას შეეხება. მართალია, დიალოგი გრძელდება, მაგრამ ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ათდღიანი ინტენსიური მოლაპარაკების შედეგი კომპრომისული ვერ გამოდგა.
დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

როგორც 20 თებერვალს საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, უმცირესობის მოთხოვნები ძირითადად დაკმაყოფილდა, თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მიღწეული შეთანხმების განხორციელების წინაპირობად ”ნაციონალურმა მოძრაობამ” საჯარო მოხელეების სრული ამნისტია მოითხოვა იმ დანაშაულზე, რომელიც მათ შესაძლოა 2012 წლის 1 ნოემბრამდე ჩაიდინეს, გარდა ძალადობრივი და კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებებისა. საჯარო პირთა წრე, ამ განმარტებით, მოიცავს მოხელეებს პრეზიდენტით დაწყებული, მუნიციპალიტეტის რიგითი თანამშრომლით დამთავრებული. დავით უსუფაშვილის განმარტებით, „ქართული ოცნება“ დათანხმდა განხორციელდეს უპირობო და სრული ამნისტია საშუალო და ქვედა რგოლის საჯარო მოხელეებისთვის 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ჩადენილი ყველა დანაშაულისთვის, გარდა ძალადობრივი, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული და სხვა მსგავსი მძიმე დანაშაულებებისა. ამას გარდა, ”ქართული ოცნება” თანახმა იყო მაღალი რანგის თანამდებობის პირთა ნაწილობრივ ამნისტიაზეც.

”ესაა უმაღლესი რანგის 1500-მდე საჯარო მოხელე: პრეზიდენტი, პარლამენტის წევრები, მთავრობის წევრები, მათი მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარეები და ასე შემდეგ. კერძოდ, თუ ისინი იქნებოდნენ ბრალდებულნი რაიმე დანაშაულში და აღიარებდნენ ამ დანაშაულის ჩადენას, მაშინ ისინი ყველა გათავისუფლდებოდა სისხლის სამართლებრივი სასჯელისგან და დაეკისრებოდათ ერთადერთი სასჯელი: საჯარო სამსახურში 5 წლამდე სამსახურის უფლების ჩამორთმევა”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

უმრავლესობასა და უმცირესობას შორის გამართული მოლაპარაკების პარალელურად კი ცნობილი ხდება, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 19 აპრილს რუსთაველის გამზირზე მიტინგს გეგმავს და მასზე ყველა პატრიოტს ეპატიჟება. განცხადება ამის შესახებ 21 თებერვალს „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. როგორც მან თქვა, მიტინგის მიზანია დღევანდელ მთავრობას დაანახვონ, რომ საქართველოს გზა მიდის ევროპისკენ და არა რუსეთისკენ:

ვანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი
”დღევანდელი ხელისუფლების ბუნდოვანი და არამკაფიო პოზიცია საქართველოს მომავალზე, საქართველოს ორიენტაციაზე, ჩვენ გვაძლევს საფუძველს, რომ კიდევ ერთხელ ქართველი ხალხი შევიკრიბოთ და მთავრობას ვუთხრათ, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპული გზა და ჩვენი მომავალი არ არის უკან, რუსეთთან დაბრუნება”.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ მიტინგს გამოეხმაურნენ მმართველი გუნდის წარმომადგენლებიც, რომელთაც, როგორც ირკვევა, საწინააღმდეგო არაფერი აქვთ და უსაფრთხოების გარანტიებსაც იძლევიან, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ფიქრობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მსგავსი მიტინგის დაგეგმვა კონფრონტაციის გაგრძელების მცდელობაა.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს მიაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მსგავსი ნაბიჯებით ნიადაგს ამზადებს მთავრობის დასათხოვნად, მით უფრო, რომ აპრილი სწორედ ის თვეა, როდესაც მოქმედი კონსტიტუციის ვადები იწურება:

”ეს ყველაფერი, ალბათ, კეთდება იმისათვის, რომ სააკაშვილს მთავრობის დასათხოვნად საფუძველი მიეცეს. ყველა ეს ნაბიჯი მოამწიფებს შთაბეჭდილებას იმისა, რომ პრეზიდენტს დათხოვნის მოტივი ჰქონდეს, რომ, აი, ხალხი უკმაყოფილოა”.

”ჯიპას” პროფესორი თორნიკე შარაშენიძე აპრილში ევროპული ორიენტაციის მხარდამჭერი მიტინგის გამართვას ვერც კონფრონტაციად აღიქვამს და ვერც რაიმე სახის კრიზისების მაპროვოცირებელ ქმედებად. ის ამბობს, რომ მსგავსი ლოზუნგით მიტინგის ჩატარება ”ქართულ ოცნებასაც” შეუძლია, რითაც დადასტურდებოდა კიდეც, რომ დასავლურ კურსზე „ნაციონალურ მოძრაობას“ მონოპოლია არა აქვს.

სწორედ 19 პრილს დაანონსებულ მიტინგს უკავშირებს ვანო მერაბიშვილი თბილისის მერის, გიგი უგულავასთვის ბრალის წაყენებას. 22 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა განცხადება თბილისის მერ გიგი უგულავასთვის დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალის წაყენების შესახებ. ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ გიგი უგულავასთვის ბრალის წაყენება 19 აპრილს დაგეგმილი აქციის ჩაშლის მცდელობაა.
რეალური მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ მათ სურთ თბილისის მმართველობიდან ჩემი ჩამოშორება. ეს არის კომბინაციაში საკრებულოს ”ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის გატეხასთან პარალელურად...
გიგი უგულავა


თბილისის მერი პარასკევს ღამითვე გამოეხმაურა მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას. ის არც ერთ ეპიზოდში არ ეთანხმება გამოძიებას. გამოძიების წამოწყებას კი, უგულავას შეფასებით, პოლიტიკური საფუძველი აქვს:

”რეალური მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ მათ სურთ თბილისის მმართველობიდან ჩემი ჩამოშორება. ეს არის კომბინაციაში საკრებულოს ”ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის გატეხასთან პარალელურად. ეს ნიშნავს იმას, რომ ვინმე ან შიხიაშვილის მსგავსი, ან მუსხელიშვილის მსგავსი, ან რაფავას მსგავსი, ან ნებისმიერი სხვა დაინიშნოს პირველ ვიცე-მერად და მათი ჯიბის ოცნებების აღსრულება დაიწყოს თბილისელების ხარჯზე”.

აქვე შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავამ გამოძიების მიერ წაყენებული ბრალდების საპასუხოდ ვიცე-მერად დანიშნა თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი სევდია უგრეხელიძე, ხოლო მოადგილეობა შესთავაზა ყოფილ პრემიერსა და შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს.

რაც შეეხება ბრალის ოფიციალურად წაყენებას, თბილისის მერს გიგი უგულავას ბრალი სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლებით წარედგინა, რის შესახებაც ჟურნალისტებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გიგი უგულავას დაკითხვის შემდეგ მისმა ადვოკატმა, გოგიტა გაბაიძემ, განუცხადა.
მისი თქმით, უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, აგრეთვე, 194 მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის წარედგინა. ადვოკატის განცხადებით, გიგი უგულავას ტელეკომპანია "იმედისა" და "თბილსერვისჯგუფის" ეპიზოდებზე წარედგინა ბრალი. სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას გულისხმობს და ის 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილს, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებას, ის 9-დან 12 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
XS
SM
MD
LG