Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად „ქათმისტვინაა“ ქათამი?


Photo: www.shutterstock.com
Photo: www.shutterstock.com
ამ დღეებში განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს კვერცხი, რომლის შეღებვა და გაფორმება სააღდგომო ტრადიციის ერთ-ერთი მყარი ნაწილია. საამისოდ ძირითადად ქათმის კვერცხი გამოიყენება. ამჯერად არ ვაპირებთ იმის გარკვევას, ჯერ კვერცხი იყო თუ ჯერ ქათამი, ვისაუბრებთ მხოლოდ ქათამზე.

მოგეხსენებათ, ქათამი მაინც და მაინც გონიერ არსებად არ მიიჩნევა. მაგალითად, როცა ვინმეს გონებრივ შეზღუდულობაზე საუბრობენ, ხშირად ხმარობენ ხოლმე ეპითეტ „ქათმისტვინას“. რამდენად იმსახურებს ეს ფრინველი ამ რეპუტაციას?

როგორც გერმანელი მეცნიერები ამბობენ, ეს რეპუტაცია სრულიად უსამართლოა. გერმანიის მეფრინველეობის კავშირის თანამშრომლის, ბიოლოგ ინგა ტიმანის თქმით, გამოკვლევები აჩვენებს, რომ ქათმებს კომპლექსური ქცევა ახასიათებთ და სწავლის განსაცვიფრებელი უნარი შესწევთ. ამავე დროს მათ ერთმანეთს შორის კომუნიკაციაც შეუძლიათ. როცა ქათამი საკვების უხვ წყაროს აღმოაჩენს, მან შეიძლება ეს კაკანით ამცნოს ჯგუფის სხვა წევრებს. თანაც ქათმები საკვების სახეობის მიხედვით სხვადასხვაგვარ ბგერებს გამოსცემენ. ქათამს ასამდე სახის დამახსოვრება შეუძლია და ის თავის ქცევას გამოცდილებას უსადაგებს. როგორც ტიმანი ამბობს, ქათმები ხშირად ავლენენ სრულიად მოულოდნელ კოგნიტიურ უნარებს.

კიდევ უფრო საინტერესო ისაა, რომ ეს ფრინველი ამას სრულიად ადრეული ასაკიდან ახერხებს. იტალიელი მეცნიერების მიერ ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ ახალგამოჩეკილ წიწილებს რეალისტური და არარეალისტური სურათების გარჩევა შეუძლიათ. მაგალითად, ისინი უფრო ხშირად უახლოვდებიან ისეთ სურათებს, რომლებზეც ესა თუ ის ობიექტი პერსპექტივის წესებითაა დახატული. მეცნიერთა აზრით, ქათმებს სივრცის თანდაყოლილი აღქმა აქვთ და სამგანზომილებიანი ამოცანების გადაჭრის უნარი შესწევთ.

არის თუ არა ქათამი სხვა ფრინველებზე უფრო უჭკუო? ტიმანი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ამბობს, რომ გონიერების თვალსაზრისით „ქათმები არაფრით ჩამოუვარდებიან ბატებს, იხვებს ან მტრედებს, რომლებსაც ასევე შეისწავლიან მეფრინველეობის კავშირის ფერმაში. მკვლევართა თანახმად, საერთოდ ფრინველების გონიერებას დიდი ხნის განმავლობაში არასათანადოდ აფასებდნენ. ტიმანის თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ ფრინველების თავის ტვინი უფრო მარტივი აგებულებისაა, ვიდრე ძუძუმწოვრებისა. მაგრამ გამოკვლევები აჩვენებს, რომ გონებრივი ფუნქციები ფრინველებს, მართალია, სხვაგვარად აქვთ სტრუქტურირებული, თუმცა უნარებით არ ჩამორჩებიან სხვა ცხოველებს.

ტიმანის აზრით, იმაზე, თუ რა აზრი შეიმუშავა ქათმის შესახებ ადამიანმა, გავლენას ახდენს ამ ფრინველის გარეგნობაც. გარდა ამისა, ქათმის სულელ ფრინველად მიჩნევისკენ გვიბიძგებს ერთი ეთიკური ასპექტიც: ბევრად ადვილია ჩვენს სინდისთან უფრო მართლებად წარმოვიდგინოთ თავი, როცა აუტანელ პირობებში ვამყოფებთ უტვინო შინაურ ცხოველს და არა გონიერსო, შენიშნავს გერმანელი ბიოლოგი.http://www.shutterstock.com
  • 16x9 Image

    ბიძინა რამიშვილი

    ჟურნალისტი და რედაქტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის, მედიის ენისა და სტანდარტების საკითხებზე. რადიო თავისუფლების თანამშრომელია 1991 წლიდან.

XS
SM
MD
LG