Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Wizz Air-ის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა - რა გაირკვა სასამართლოზე


მორიგი სხდომა 8 აპრილს, 12:00 საათზე დაინიშნა.
მორიგი სხდომა 8 აპრილს, 12:00 საათზე დაინიშნა.

თვითმფრინავის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობაზე ცრუ შეტყობინების ბრალდებით დაკავებული დავით ზარნაძე მესამე დღეა პატიმრობაშია.

მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ წადგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ დიდი ალბათობით სწორედ ზარნაძის სატელეფონო ზარმა დააბრუნა ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი Wizz Air-ის ​ბორტი.

აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 თებერვალს იმსჯელა.

პროკურატურის მოპოვებული მტკიცებულებების მიხედვით, 14 თებერვალს 28 წლის კაცმა არასრუწლოვანი ნათესავის ტელეფონით დარეკა ავიაკომპანიის ცხელ ხაზზე და თქვა, რომ ქუთაისი-ბარსელონის რეისზე იყო ასაფეთქებელი მოწყობილობები. საგამოძიებო უწყება ბავშვის გამოკითხვით გავიდა დავით ზარნაძის კვალზე.

17 თებერვალი, ბრალდებული დავით ზარნაძე სასამართლო სხდომაზე.
17 თებერვალი, ბრალდებული დავით ზარნაძე სასამართლო სხდომაზე.

კაცს ბრალი წაყენებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - ეს არის ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების გაკეთების დროს დამამძიმებელი გარემოება. იმის მიუხედავად, რომ პროკურატურას არ წარუდგენია მონაცემები, რა დაუჯდა Wizz Air-ს ბორტის აეროპორტში დაბრუნება და რეისის ხელახლა შესრულება, საგამოძიებო უწყება მიიჩნევს, რომ ცალსახაა "მნიშვნელოვანი ზიანი".

"მგზავრებით სავსე თვითმფრინავი აფრენიდან მალევე იძულებული გახდა ე.წ. ავარიული რეჟიმით დაბრუნებულიყო (არ ვისაუბროთ სახელმწიფოს დახარჯულ რესურსზე), რა საფრთხე შეიძლებოდა შეჰქმნოდათ, როცა პილოტებმა იცოდნენ, რომ სავარაუდოდ ბომბი იყო ბორტზე, მნიშვნელოვან ზიანს სცდება ეს ფაქტი", - უთხრა პროკურორმა მოსამართლეს და ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდება ითხოვა.

დავით ზარნაძის ადვოკატის თქმით, სასამართლოს ჰქონდა ბერკეტი, რითაც შეეძლო დაეზღვია პროკურატურის გამოთქმული ეჭვები ქვეყნის დატოვებასა და მოწმეებზე ზემოქმედებაზე.

"გამოყენებული იქნეს ნებისიერი ტიპის ღონისძიება: მათ შორის, ბრალდებულს დაევალოს ყოველდღიურად პოლიციის განყოფილებაში გამოცხადება და ხელმოწერა; ჩამოერთვას პასპორტი და ნებისმიერი სამგზავრო დოკუმენტი; დაუწესდეს ელექტრონული მონიტორინგი და აეკრძალოს საცხოვრებელი ადგილის დატოვება. და თუკი ეჭვი არის ნათესავებზე [ზემოქმედების], აეკრძალოს ამ კონკრეტულ ნათესავებთან ნებისმიერი ყოფით საკითხზე", - უთხრა ადვოკატმა მოსამართლეს და აღკვეთის ღონისძიებად 20 ათასი ლარის შეფარდება ითხოვა.

პროკურატურის ერთ-ერთი მტკიცებულება დავით ზარნაძის ტელეფონში აღმოჩენილი "სქრინებია" - ბრალდებულის ტელეფონში აღმოაჩინეს ქუთაისი-ბარსელონის რეისზე მყოფი ერთ-ერთი მგზავრის დაგეგმილი ბარსელონა-ბოგოტის ფრენის განრიგები. ბრალდებულის თქმით, მას სამი წელია აქვს კომპანია, რომელიც იაფ ფრენებს სთავაზობს ადამიანებს - ეს კონკრეტული მიმართულება კი მას არ შეუძენია.

მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიჩნია, რომ დავით ზარნაძის საპატიმროს გარეთ ყოფნა მომეტებული საფრთხის შემცველია საზოგადოებისთვის:

"დასაბუთებულობის სტანდარტით საქმეში წარმოდგენილია მასალების ერთობლიობა, რომ ავიაკომპანიის ნომერზე განხორციელებულია ზარი იმ საკომუნიკაციო საშუალებებით, რომელზეც ხელი მიუწვდებოდა ბრალდებულს. ასევე, წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ზარის განმახორციელებლის ხმა არის იდენტური ბრალდებულის ხმის... ეს ადასტურებს, რომ სავარაუდოდ, თქვენ მიერ არის ჩადენილი ბრალად წარდგენილი დანაშაული...

ქმედება საზოგადოებისთვის მომეტებული საფრთხის შემცველია, საზოგადოებრივად მძიმე შედეგის მომტანია, რადგან ხშირ შემთხვევაში მსგავს ქმედებებს მოჰყვება სახელმწიფო ორგანოების პარალიზება, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება..." - მიმართა მოსამართლემ ბრალდებულს.

მორიგი სხდომა 8 აპრილს, 12:00 საათზე დაინიშნა.

XS
SM
MD
LG