Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიქტორ იანუკოვიჩი: მე გაფრთხილებდით!


უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი არ უარყოფს თავის წილ პასუხისმგებლობას კიევში 2014 წლის თებერვალში მომხდარ სისხლისღვრაზე, რომელსაც მისი მმართველობის დამხობა მოჰყვა. თავის პასუხისმგებლობასა და ვლადიმირ პუტინთან ურთიერთობაზე, ყირიმის ანექსიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში ომზე იანუკოვიჩმა 22 ივნისს ისაუბრა ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC-თან ინტერვიუში.

BBC-თან საუბრისას - პირველ ინტერვიუში უკრაინაში შარშან სამოქალაქო დაპირისპირების დაწყების შემდეგ - ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი მართლაც არ უარყოფს საკუთარ პასუხისმგებლობას, დანაშაულზეც კი საუბრობს, მაგრამ ყოველ ჯერზე ხაზს უსვამს, რომ მასაც ეკისრება, ანუ სხვებთან ერთად ეკისრება, პასუხისმგებლობა, სხვებთან ერთად მიუძღვის ბრალი...

ვიქტორ იანუკოვიჩს უკრაინაში ბრალად სდებენ თანამონაწილეობას კიევში მაიდანზე მასობრივ მკვლელობაში. 2014 წლის თებერვალში იქ, ანტისამთავრობო აქციების დროს შეტაკებებისას, დაიღუპა 100-ზე მეტი დემონსტრანტი. უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ახლა რუსეთში ცხოვრობს. BBC-ს კორესპონდენტს ის მოსკოვთან, ფეშენებელურ საცხენოსნო კლუბში შეხვდა.

იანუკოვიჩი ირწმუნება, რომ არასოდეს გაუცია დემონსტრანტებისათვის ცეცხლის გახსნის ბრძანება და, მეტიც, რომ ის ძალის გამოყენების კატეგორიული წინააღმდეგი იყო.

„მე არავითარი ბრძანება არ გამიცია! ეს არ არის ჩემი უფლებამოსილება, ჯერ ერთი. მეორე: საჯაროდ ვამბობდი, რომ ძალის გამოყენების, მით უმეტეს, სროლის წინააღმდეგი ვარ“, - ამბობს იანუკოვიჩი. მაგრამ ბრიტანელი ჟურნალისტის შეკითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ როგორც პრეზიდენტს, მთავარსარდალს, პასუხისმგებლობა ეკისრება სისხლისღვრაზე, რომელიცკიევში, მაიდანზე დემონსტრაციებს მოჰყვა, ის უყოყმანოდ უპასუხებს, კი, რასაკვირველია, არ ვიხსნი პასუხისმგებლობასო.

მაიდანზე სისხლისღვრის მომდევნო დღეს იანუკოვიჩი კიევიდან გაიქცა, ხოლო მის ესკორტზე თავდასხმების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა სპეცდანიშნულების შენაერთი გაგზავნა უკრაინელი კოლეგის სამშვიდობოზე - მოცემულ შემთხვევაში, რუსეთში - ჩასაყვანად.

„ის, რომ ვლადიმირ პუტინმა მიიღო გადაწყვეტილება, თავისი სპეცსამსახურებისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ეს იყო მისი უფლება და მისი საქმე. მას ჩემთვის რჩევა არ უკითხავს. მე მისი, რასაკვირველია, მადლობელი ვარ იმისათვის, რომ ასეთი დავალება გასცა და ჩვენ, ჩემს დაცვას ხელი შეუწყეს ამ დავალების შესრულებაში, ჩემს გამოყვანაში და ჩემი სიცოცხლის გადარჩენაში“, - უთხრა BBC-ს უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა.

უკრაინიდან მისი გაქცევიდან რამდენიმე კვირაში რუსმა სამხედროებმა კონტროლი დაამყარეს უკრაინის სამხედრო ბაზებზე ყირიმში. მარტში ეს ნახევარკუნძული რუსეთის ტერიტორიად გამოცხადდა. აპრილში რუსეთის მომხრე მეამბოხეები შეიჭრნენ აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე დონბასის რეგიონის მთავრობის შენობებში. დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც დღემდე გრძელდება. შარშანდელი აპრილის შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში დაღუპულების რიცხვმა 6 400-ს გადააჭარბა. მილიონზე მეტ ადამიანს მოუხდა საკუთარი სახლ-კარის მიტოვება.

იანუკოვიჩი რეალობად ქცეულ „კოშმარს“ უწოდებს აღმოსავლეთ უკრაინაში ომს, ხოლო რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას - „ტრაგედიას“, რომელიც არ მოხდებოდა მისი, იანუკოვიჩის, მმართველობის პირობებში.

იანუკოვიჩი: „ის, რაც მოხდა ძალიან ცუდია. და საჭიროა დღეს, დღეს ვეძებოთ გზები ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად“.

BBC-ს შეკითხვა: „ყირიმი დაუბრუნდეს უკრაინას?“

იანუკოვიჩი: „როგორ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან... მომისმინეთ, რაც მოხდა, უკვე მოხდა“.

BBC-ს შეკითხვა: „ანუ ყირიმი რუსეთის ნაწილია?“

იანუკოვიჩი: „დღეს ეს არის უკვე ფაქტი, რომელიც მოხდა. მაგრამ ახლა ომი მიდის. დღეს იმაზე ლაპარაკი, რომ ყირიმს დავიბრუნებთ... როგორ, ომით? კიდევ ომია საჭირო?“

BBC-სთან საუბრისას ვიქტორ იანუკოვიჩს კორუფციის ბრალდებებზეც მოუწია საუბარი. უკრაინის ხელისუფლება მას მილიონობით დოლარის გაფლანგვაში ადანაშაულებს. ინტერპოლს წლევანდელი იანვრიდან ჰყავს შეყვანილი ძებნილთა სიაში.

იანუკოვიჩი ბრალდებებს, როგორც მოსალოდნელი იყო, უარყოფს და, თავის მხრივ, ბრალდებებს უყენებს ოპონენტებს კიევში. ის თავს წარმოსახავს უკრაინაში ულტრამემარჯვენეთა სახელმწიფო გადატრიალების მსხვერპლად. მე გაფრთხილებდითო, ეუბნება ის, შეიძლება ითქვას, მსოფლიოს.

„მე გაფრთხილებდით, რომ ისინი მაიდანზე არ შეჩერდებოდნენ, რომ უფრო შორს წავიდოდნენ. და უფრო შორს წავიდნენ კიდეც. ამ წლინახევრის განმავლობაში ომი მოხდა. ამ წლინახევრის განმავლობაში უკრაინამ დაკარგა ყირიმი და დონბასი და ათასობით ადამიანის სიცოცხლე. დაანგრიეს ქვეყანა. კონფლიქტში ჩაითრიეს მთელი მსოფლიო - ევროპა, რუსეთი, შეერთებული შტატები,“ - ამბობს იანუკოვიჩი.

გამოდის, ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში ყველა ძალის პასუხისმგებლობაზე საუბრობს და საკუთარ პასუხისმგებლობასაც კი აღიარებს, ოღონდრუსეთის უდნაშაულობა ამტკიცოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG