Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამი დუეტი ედუარდ შევარდნაძესთან


დღეს კვირაა და, მგონი, უკვე ის დროა, ყველა რომ შვებულებიდან დაბრუნდა და ყოველდღიურობასთან თავიდან ცდილობს შეგუებას. მოკლედ, დღევანდელი ჩემი ახალგაზრდული პროგრამის მიზანი იქნება განტვირთვაში დაგეხმაროთ. თან შევეცდები დაგარწმუნოთ, რომ მაშინ, როცა სახლში კომპიუტერი გაქვთ და ინტერნეტი, შეგიძლიათ ნებისმიერ ახირებას შეასხათ ფრთები.

ქართულ ინტერნეტში ბევრი საინტერესო რამ შეგიძლიათ იპოვოთ, თუკი კარგად მოძებნით. მაგალითად, ერთ ჩვეულებრივ დღეს, როცა საუნდქლაუდზე, უბრალოდ, რაღაც ახლის პოვნას ვცდილობდი, ერთ არხს გადავაწყდი - „Interviewz”. არხზე უამრავ რამეს იპოვით, შეიძლება ჩენელმა მისთვის განკუთვნილი უფასო სივრცე უკვე ამოწურა კიდეც (საუნდქლაუდზე უფასოდ მხოლოდ 2 საათის ატვირთვა შეგიძლიათ) და არც არასდროს განახლდეს, თუმცა მე ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა ვახსენო ამ ჩენელის ერთი პროდუქტი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სახალისო საუნდია მთელ ქართულ ნეტში.

დღევანდელ ახალგაზრდულ პროგრამაში თქვენ მოისმენთ სამ სიმღერას ედუარდ შევარდნაძის მონაწილეობით. ჰო, ედუარდ შევარდნაძის. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, შეიძლება ითქვას, ქართული პოპ-არტის (თუკი ასეთი რამ არსებობს) ერთ-ერთი მთავარი ინსპირაციაა. მოკლედ, ჩვენს დროში, მას შემდეგ, რაც შევარდნაძე 10 წელია აღარ არის პრეზიდენტი, ის შეიძლება იხილოთ უორჰოლის ცნობილ ნახატში, მერლინ მონროს მაგივრად, ან მოისმინოთ რომელიმე ცნობილი ჯგუფის სიმღერაში. არ ვიცი, რა არის ამის მიზეზი, თუმცა შემიძლია ვივარაუდო, რომ ჩემთვის და ჩემი თანატოლებისთვის შევარდნაძე ბავშვობაში ლამის მითოლოგიურ პერსონაჟად იქცა, რომლისთვისაც ყველას შეეძლო ყველაფერი დაებრალებინა. ამიტომ, როცა უკვე გავიზარდეთ, შევარდნაძე ჩვენს ცნობიერებაში მაინც დარჩა და ახალმა თაობამაც ყოფილი პრეზიდენტის რეპროდუქცია დაიწყო.
მაგალითად, ეს სიმღერა - ედუარდ შევარდნაძე და ბლარი, თავისი 90-იანი წლების ჰიტით Song2. ამ ტრეკში შევარდნაძეს გამოსვლასთან ერთად ჩნდება ქართველი ინტერნეტმიმი, რომელიც შეკითხვაზე, მოსწონს თუ არა თოვლი, შევარდნაძის ლანძღვას იწყებს.

კარგით, ეს გასახურებლად. ისე კი დანარჩენი ორი ტრეკი, რომელიც უნდა მოგასმენინოთ, გაცილებით უკეთ არის დამუშავებული. ამ ყველაფრის გაკეთება თქვენც თავისუფლად შეგიძლიათ. მაგალითად, ინტერნეტში მარტივად იპოვით თქვენთვის სასურველი მუსიკის მინუსს, რომლის დასამუშავებლადაც უამრავი სხვადახვა პროგრამის გამოყენება შეგიძლიათ, მაგალითად, ფრუტი ლუპსის ან, თუნდაც, ადობი აუდიშენის. მინუსს დაადებთ თქვენთვის სასურველი გმირის სიტყვას და ტრეკიც მზადაა. თუკი რამეს სწორად ვერ გააკეთებთ, გახსოვდეთ, რომ გუგლი თქვენი საუკეთესო მასწავლებელია და, თუნდაც, ფრუტი ლუპსის ან ადობი აუდიშენის უამრავი ტუტორიალის მოძიება ნამდვილად არ გაგიჭირდებათ.

კარგით, შემდეგ ტრეკზე გადავალ. შემდეგ დუეტს, რომელიც მინდა წარმოგიდგინოთ, ედუარდ შევარდნაძე ნირვანასთან ერთად ასრულებს. ტრეკს პირობითად ჰქვია „შემზარა“ და გამოყენებულია ედუარდ შევარდნაძის სიტყვა, როცა მან საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვა.


რა თქმა უნდა, ეს ტრეკიც ვერ ჩაივლიდა შევარდნაძის მოწინააღდეგეთა გამოსვლების გარეშე და, ბოლოს, შეგვიძლია მოვისმინოთ ერთ-ერთი ინგლისურენოვანი მომიტინგის ინტერვიუ იმავე მელოდიის ფონზე. ჰო, უნდა ვაღიაროთ, რომ მომიტინგემ არც ისე კარგად იცის უცხო ენა, რომელზე საუბარსაც ცდილობს.

ბოლო ტრეკი, რომლითაც დაგემშვიდობებით და ალბათ საბოლოოდ დაგარწმუნებთ, რომ კომპიუტერის დახმარებით ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ, ედუარდ შევარდნაძისა და რედიოჰედის კოლაბორაციას წარმოადგენს. ეს ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი სიმღერაა, რაც კი ოდესმე მომისმენია. ედუარდ შევარდნაძე - Creep.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG