Accessibility links

ჟენევის 43-ე რაუნდი: ძალის არგამოყენების განცხადების ტექსტი ვერ შეთანხმდა


გაეროს შტაბ-ბინა ჟენევაში

საერთაშორისო მოლაპარაკებების 43-ე რაუნდზე, რომელსაც ჟენევა 27-28 მარტს მასპინძლობდა, ვერ შედგა შეთანხმება ძალის არგამოყენების ერთობლივ ზეპირ განცხადებასთან დაკავშირებით. ეს არის საკითხი, რომელიც საგანგებო ყურადღებას იპყრობს საქართველოს ოპოზიციური ფლანგის მიერ გამოთქმული იმ შეშფოთების ფონზე, რომ ერთობლივი დეკლარაცია დაამიწებს საქართველოს მოთხოვნებს და რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს. თუმცა საქართველოს ხელისუფლება ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით ერთობლივი ზეპირი განცხადების მიღებას საქართველოს ინტერესების წინ წაწევის წინაპირობად განიხილავს. რატომ ვერ შედგა შეთანხმება და რატომ ვერ დამტკიცდა განცხადება ჟენევის პროცესის 43-ე რაუნდზე?

  • ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ დაწესდა.
  • საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლების მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკებებს ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლები თანათავმჯდომარეობენ.
  • ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა 44-ე რაუნდი ივნისში გაიმართება.

28 მარტს, დღის მეორე ნახევარში, ქართული მხარისთვის უკვე ნათელი იყო, რომ ვერ მოხერხდებოდა შეთანხმება ძალის არგამოყენების ერთობლივი ზეპირი განცხადების გარშემო. 43-ე რაუნდზე გამოცხადებული შესვენების დროს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთი და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები პროცესის დესტრუქციული ხერხებით ჩაშლას ცდილობდნენ:

„რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა შეთანხმებულად გააკეთეს ისეთი პროვოკაციული განცხადებები, რაც აშკარად მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი არ არიან მზად წამოვიდნენ კონსტრუქციულ დიალოგზე და შეგნებულად აპირებენ ამ მოლაპარაკებების არასწორი მიმართულებებით წაყვანას და საბოლოოდ ჩაშლას... ის რეპლიკები და რემარკები, რაც ჩვენ მოვისმინეთ, მიმართულია იქით, რომ ეს მოლაპარაკებები არ წავიდეს კონსტრუქციული მიმართულებით“.

რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებზე არაფერი უთქვამს, მაგრამ განცხადების მიღების მცდელობა უშედეგოდ რომ დასრულდა, ეს ინფორმაცია ოთხშაბათს ჟურნალისტებს ერთ-ერთმა პირველმა მიაწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა. როგორც მან თქვა, ჟენევის პროცესის მონაწილე მხარეებს განსხვავებული მიდგომები აქვთ ამ განცხადების ტექსტისადმი და პროცესს აფერხებს როგორც სტატუსთან, ასევე 2008 წელს გაფორმებულ შეთანხმებასთან დაკავშირებული საკითხები. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, როგორც კარასინმა რუსულენოვან მედიას განუცხადა, რუსეთის მხარე ხედავს ჟენევის ფორმატის რეფორმირების საჭიროებას.

ძალის არგამოყენების გარშემო ერთობლივი ზეპირი დეკლარაციის მიღება რომ იგეგმებოდა, ამის შესახებ გამოცემა „კომერსანტს“ 20 მარტს განუცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა. მან თქვა, რომ ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიულად არასავალდებულო ზეპირი დეკლარაციის მიღებასთან დაკავშირებული შეთანხმება მიღწეულ იქნა 2017 წლის 11-12 დეკემბერს ჟენევაში, მოლაპარაკებათა 42-ე რაუნდზე, და ის, სავარაუდოდ, ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე (27-28 მარტი) დამტკიცდებოდა. კარასინის განმარტებით, ეს იქნება ჟენევის დისკუსიების ყველა მონაწილის ერთობლივი, „ნეიტრალური“ ხასიათის დეკლარაცია, რომელიც არ გაუსვამს ხაზს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსს:

გრიგორი კარასინი
გრიგორი კარასინი

„ეს, უბრალოდ, იქნება ჟენევის მოლაპარაკებათა მონაწილეების მიერ გაცხადებული უარი ერთმანეთის წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე. ამ დეკლარაციას არ ექნება იურიდიულად სავალდებულო ხასიათი, მაგრამ ის გახდება მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ პოლიტიკურ და ემოციურ დონეზე. მხარეები გამოამჟღავნებენ განზრახვას, რომ რეგიონის ყველა საკითხი მშვიდობიანი გზებით მოგვარდეს, კონტაქტებისა და მოლაპარაკებების საშუალებით“.

იმ დღის შემდეგ ჟენევის მოლაპარაკებათა მონაწილეების ერთობლივი ზეპირი განცხადების დამტკიცების გარშემო საკმაოდ მწვავე დისკუსიები დაიწყო. ოპოზიცია ხაზს უსვამდა იმ გარემოებას, რომ გაუმჭვირვალე პროცესი ძალიან ბევრ შეკითხვას წარმოშობდა და, შესაძლოა, ამ ნაბიჯით ქართულ მხარეს, საქართველოს ინტერესების უგულებელყოფით, რუსეთისთვის მოსაწონი საქმე გაეკეთებინა.

ჩვენ ამ განცხადებას ვუყურებთ არა როგორც ერთ დოკუმენტს, არამედ ისეთ დოკუმენტს, რომელიც დასაბამს მისცემს გარკვეულ პროცესებს და ეს პროცესი არის 2008 წლის აგვისტოს ქართულ-რუსული შეთანხმების შესრულება...
დავით დონდუა

საქმე ის არის, რომ ჟენევის ფორმატის ფარგლებში ქართული მხარე მოითხოვდა რუსეთს აეღო ძალის არგამოყენების ვალდებულება, ისევე როგორც ეს ცალმხრივად გააკეთა საქართველომ, რუსეთს კი მიაჩნდა, რომ ძალის არგამოყენების შეთანხმება საქართველოს უნდა გაეფორმებინა მოსკოვის მიერ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან. ეს პოზიცია წლების განმავლობაში მიუღებელი იყო თბილისისთვის.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ დაწესდა. საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლების მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკებებს ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლები თანათავმჯდომარეობენ.

გრიგორი კარასინის მიერ გაკეთებული კომენტარების კვალდაკვალ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ განმარტა, რომ ძალის არგამოყენების ვალდებულებებთან დაკავშირებით თბილისის მიზანი უცვლელად დარჩება და ერთობლივი ზეპირი განცხადება მხოლოდ სამომავლო სვლებისთვის გზის გახსნას ემსახურება. ამ საკითხზე მინისტრის მოადგილე დავით დონდუამ ჟურნალისტებთან ჟენევაში ყოფნის დროსაც ილაპარაკა. მისი თქმით, ქართული მხარე არანაირ დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

დავით დონდუა
დავით დონდუა

„ჩვენ ამ განცხადებას ვუყურებთ არა როგორც ერთ დოკუმენტს, არამედ ისეთ დოკუმენტს, რომელიც დასაბამს მისცემს გარკვეულ პროცესებს და ეს პროცესი არის 2008 წლის აგვისტოს ქართულ-რუსული შეთანხმების შესრულება, რომელიც ჯერ კიდევ შესრულებული არ არის, რადგან რუსეთს ჯერ კიდევ არ გაუყვანია თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, ის კვლავ იყენებს ძალას საქართველოს წინააღმდეგ და ამიტომ კიდევ ბევრი არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ეს შეთანხმება შესრულდეს. სწორედ ამ შეთანხმების შესრულებისკენ გადადგმულ ნაბიჯად განვიხილავთ ჟენევის მომლაპარაკებლების ამ ერთობლივ განცხადებას“, - თქვა დავით დონდუამ, რომელმაც, ამავე დროს, შენიშნა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულება მოითხოვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას, რაც გათვალისწინებულია ასევე 2008 წლის 6-პუნქტიანი გეგმის მეხუთე პუნქტში.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა 44-ე რაუნდი ივნისში გაიმართება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG