Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევის დისკუსიების მნიშვნელოვანი 43-ე რაუნდი


გაეროს შტაბ-ბინა ჟენევაში
გაეროს შტაბ-ბინა ჟენევაში

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 43-ე რაუნდი 27-28 მარტს გაიმართება. საქართველოს დელეგაცია, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობს, უკვე ჟენევაში იმყოფება. შესაბამისად, საერთაშორისო დისკუსიებში ამ ეტაპზე არ ერთვება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელმაც ჟენევის დისკუსიების ფორმატის განახლებისა და მასში პირადი ჩართულობის მზაობაზე ბოლო დროს რამდენჯერმე განაცხადა -მათ შორის რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვაში, რომელსაც ოპოზიციის მკვეთრი კრიტიკა მოჰყვა. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ჟენევის მოლაპარაკებების 43-ე რაუნდი ძველი ფორმატით გაიმართება, მის მიმართ განსაკუთრებული ინტერესია, რაც ძალის არგამოყენების შესახებ დეკლარაციის გაფორმების მოლოდინითა განპირობებული.

გადმოწერა

ჟენევის დისკუსიების მნიშვნელოვანი 43-ე რაუნდი

  • მიუხედავად, რომ ჟენევის მოლაპარაკებების 43-ე რაუნდი ძველი ფორმატით გაიმართება, მის მიმართ განსაკუთრებული ინტერესია.
  • ოფიციალური ცნობებით, ჯერჯერობით მოლაპარაკებები ძალის არგამოყენების შესახებ დეკლარაციის საკითხზე არ დასრულებულა.
  • ჟენევის საერთაშორისო ფორმატის არსებობის 10 წლის განმავლობაში საქართველო რუსეთისგან უშედეგოდ ითხოვს ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებას.
  • საპარლამენტო ოპოზიცია „ჟენევის დისკუსიების“ 43-ე რაუნდის წინ დაგროვილ შეკითხვებზე პასუხების მოსასმენად საგარეო საქმეთა მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მისვლას ითხოვდა.

ოფიციალური ცნობებით, ჯერჯერობით მოლაპარაკებები ძალის არგამოყენების შესახებ დეკლარაციის საკითხზე არ დასრულებულა და არ არის ცნობილი, მოეწერება თუ არა ხელი დოკუმენტს, რომელიც იურიდიულად არასავალდებულო იქნება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ, 24 მარტს დეპუტატებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ გაფორმების შემთხვევაში, ეს ერთობლივი განცხადება რუსეთს 2008 წლის ომის შემდგომ აღებული ვალდებლებების შესრულებისგან ვერ დაიცავს:

“ამ განცხადების მიღება-არმიღება არანაირ გავლენას არ ახდენს იმაზე, რომ რუსეთმა საპასუხოდ საქართველოში უნდა აიღოს ცალმხრივად ვალდებულება, რომ არ გამოიყენებს ძალას საქართველოს წინააღმდეგ, როგორც ეს გააკეთა საქართველომ არაერთხელ“.

ჟენევის საერთაშორისო ფორმატის არსებობის 10 წლის განმავლობაში საქართველო რუსეთისგან უშედეგოდ ითხოვს ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებას. ძალის არგამოყენების შესახებ ერთობლივი დეკლარაციის მიღების შეთანხმებაზე ინფორმაცია კი, დაახლოებით, ერთი კვირის წინ, 20 მარტს, გავრცელდა. ამ ინფორმაციის წყარო გახდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლი კარასინი. მან გამოცემა „კომერსანტს“ დაუდასტურა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების 42-ე რაუნდზე, 11-12 დეკემბერს, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ ძალის არგამოყენების შესახებ დეკლარაციას, სავარაუდოდ, ხელს მოაწერენ რუსეთი, საქართველო და სეპარატისტული რეგიონები, ოსეთი და აფხაზეთი. გრიგორი კარასინის თანახმად, დეკლარაციას არ ექნება იურიდიულად სავალდებულო ხასიათი, არ შეეხება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სტატუსს, მაგრამ გახდება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი პოლიტიკურ და ემოციურ დონეზე. კარასინის შეფასებით, ერთობლივი განცხადებით „მხარეები გამოამჟღავნებენ განზრახვას, რომ რეგიონის ყველა საკითხი მშვიდობიანი გზებით მოგვარდეს, კონტაქტებისა და მოლაპარაკებების საშუალებით“.

გრიგორი კარასინი
გრიგორი კარასინი

გრიგორი კარასინის ეს განცხადება ოფიციალურ წრეებში შეფასდა როგორც ერთგვარი წინაპირობა იმისთვის, რომ დაიწყოს ქმედითი დისკუსიები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით. ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ერთობლივ დეკლარაციაში საქართველოს პოლიტიკური ინტერესებისათვის ზიანის მიყენების საფრთხე დაინახეს ოპოზიციურმა პარტიებმა. ოპოზიციურ სპექტრში გაკეთდა არაერთი განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს მიერ აღნიშნულ დეკლარაციაზე მიერთება თავდაყირა დააყენებს დეოკუპაციისა და არაღიარების პოლიტიკას, თავად რუსეთს კი საშუალებას მისცემს დეკლარაცია პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენოს. საპარლამენტო ოპოზიცია საქართველოს დელეგაციისგან ითხოვს, ჟენევის მოლაპარაკებების 43-ე რაუნდზე ხელი არ მოაწეროს დოკუმენტს, რომელშიც კონფლიქტის მხარედ წარმოდგენილია არა რუსეთი, არამედ საოკუპაციო რეჟიმები. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კანდელაკი, ამბობს, რომ არსებობს ოპტიმიზმის საფუძველი იმისთვის, რომ ჟენევის მოლაპარაკებების 43-ე რაუნდზე ქართული მხარე რუსეთის მიერ შეთავაზებულ წინადადებას არ დაეთანხმება. ამ ოპტიმიზმის საფუძველს მას აძლევს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება, შეიქმნას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია:

გიორგი კანდელაკი
გიორგი კანდელაკი

“ერთი მხრივ, ჩვენ მიერ მიწოდებული არგუმენტები, ის წნეხი, რაც ჩვენ როგორც საპარლამენტო უმცირესობას და „ევროპულ საქართველოს“ გვაქვს, საზოგადოებრივ აზრთან ერთად, საბოლოო ჯამში, შედეგს გამოიღებს და არ მისცემს შესაძლებლობას დღეს ქვეყნის სათავეში მყოფ ძალას, რომ გადადგას მორიგი მცდარი ნაბიჯი“.

საპარლამენტო ოპოზიცია „ჟენევის დისკუსიების“ 43-ე რაუნდის წინ დაგროვილ შეკითხვებზე პასუხების მოსასმენად საგარეო საქმეთა მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მისვლას ითხოვდა. ეს მოთხოვნა, შეიძლება ითქვას, დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. 24 მარტს კი მათ შეკითხვები დახურულ კარს მიღმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, დავით დონდუას, დაუსვეს. შეკითხვები მრავლად დაუგროვდათ ექსპერტებსაც. ხათუნა ლაგაზიძე, მაგალითად, შიშობს, რომ დათმობითა და დეკლარაციის ხელმოწერით საქართველოს ხელისუფლება ვერანაირ შედეგს ვერ მიიღებს. ხათუნა ლაგაზიძე ფიქრობს, რომ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის მიღებითა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ფორმირებით მთავრობას აქვს საშუალება რუსეთთან ურთიერთობებში დრო მოიგოს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ყველაზე მწვავე ფაზაში შედის:

ხათუნა ლაგაზიძე
ხათუნა ლაგაზიძე

“თუნდაც 2017 წლის დეკემბერში დასთანხმებოდა, საქართველოს მთავრობას ახლა აქვს ძალიან კარგი საფუძველი საიმისოდ, რომ სულ მცირე ხვალ უარი უთხრას რუსეთს ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე, თუ დეკლარაციაზე მიერთებაზე, ამის დასტურად საქართველოს საზოგადოების განწყობა მოიყვანოს და დრო მოიგოს. რუსეთთან ურთიერთობაში ყველაზე მომგებიანი არის დროის გაყვანის პოლიტიკა. რუსეთი პუტინის ბოლო ვადაში არაფერს არ დათმობს. პუტინს თავის ბოლო ვადაში აქვს ძალიან მკვეთრი ამოცანა, რომ საკუთარი გარემოცვა დატოვოს იმდენად ძლიერი და იმდენად გააფართოოს რუსეთის გავლენის მასშტაბები, რომ 2024 წლიდან ამას არაფერი დაემუქროს“.

ხათუნა ლაგაზიძე, შესაბამისად, ამბობს, რომ ვერანაირი დეკლარაცია ვერ აიძულებს რუსეთს უკან დაიხიოს თავისი მიზნებიდან და ამიტომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს გაცილებით უფრო ფრთხილი პოლიტიკის წარმოება იმისთვის, რომ რუსეთის მორიგი აგრესიის მსხვერპლად არ იქცეს.

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ რთულ ვითარებასა და ადამიანის უფლებათა სისტემატური დარღვევის ფაქტებზე ჟენევაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც, რომელმაც საპარლამენტთაშორისი კავშირის 138-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ იძულებით გადაადგილებული პირებიცა და მოსახლეობაც, რომელიც ჯერ კიდევ ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თავის გადარჩენის უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG