Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზამბახისფერი - „შემოდგომის ლეგენდის“ ფერია


„შემოდგომის ლეგენდა“ ლიტერატურული კონკურსია, რომელიც უკვე მერვე წელია, სწორედ შემოდგომობით ტარდება დამწყები მწერლებისათვის. ყოველ წელს ფინალისტი ავტორები და ჟიურის წევრები - ის, ვინც გამარჯვებულ ათეულს ირჩევს ხოლმე - ერთად მიემგზავრებიან წინასწარ შერჩეულ ადგილას, სადაც საფინალო თემა ცხადდება და შემოქმედებითი პროცესიც იწყება. ამბავი 12 საათში უნდა დაიწეროს, რომელსაც შემდეგ ისევ ჟიური შეაფასებს და გამარჯვებულს გამოავლენს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „ჯეოსელის“ მიერ რვა წლის წინ წამოწყებული „შემოდგომის ლეგენდის“ თავგადასავალი, ტრადიციულად, წელსაც გაგრძელდა და მომავალ მწერლებს თავი ყვარელში მოუყარა. ხუთ დეკემბერს წლევანდელი კონკურსის გამარჯვებულებიც გვეცოდინება.

გადმოწერა

ვერცხლისფერი ავტობუსი თბილისიდან ყვარლისაკენ დილის თერთმეტ საათზე დაიძრა - ლიტერატურული კონკურსის, „შემოდგომის ლეგენდის“, ათივე ფინალისტი, ორგანიზატორები, ჟიურის წევრები ერთად გაუდგნენ გზას კახეთისკენ, ნამდვილ შემოდგომაში. თავიდან ავტობუსში მხოლოდ წინა წლის გამარჯვებულის, ანი გიგაშვილის, ხმამაღალი სიცილი ისმოდა. ის და წლევანდელი ფინალისტი, ტუხა კვინიკაძე, როგორც ჩანს, ერთმანეთს აქამდეც იცნობდნენ და აქტიურად და ხმამაღლა მსჯელობდნენ რაღაც თემებზე. მერე ნელ-ნელა სხვებიც ჩაერთნენ ლაპარაკში და ხან ხელოვნურ ინტელექტზე ილაპარაკეს, ხან ელექტრონულ მოწყობილობებზე, ხან მარიხუანის ლეგალიზაციასა და ხან ტრამპის გამარჯვებაზე.

„შემოდგომის ლეგენდის“ ფინალისტებს შორის არიან მარიამ ზუბაშვილი, ცოტნე ავსაჯანიშვილი, ლუკა გორდაძე, ბადრი ცხომარია, მინდია არაბული, ბექა ბერაძე, მარიამ სულამანიძე, თეკლა ერემეიშვილი და ნატა გელაშვილი. ტუხა კვინიკაძე უკვე ვახსენეთ. „შემოდგომის ლეგენდას“ ასეთი წესი აქვს - ჯერ შესარჩევი მოთხრობები იწერება, მერე მათგან ათი საუკეთესოს ავტორი ბედს ფინალში ცდის. ამისთვის ისინი განსაკუთრებულ ადგილას მიჰყავთ, სადაც კომფორტულად წერას შეძლებენ და ყველა მუზაც ადგილზე ეყოლებათ. წელს ყვარელია ასეთი ადგილი - ხრაშუნაფოთლებიანი დიდი ეზო და ბაჯაღლოსფერი ხეები, ამინდიც ნამდვილი შემოდგომურია, კონკურსის სახელს რომ ზუსტად შეეფერება. პირველი დღე ერთმანეთის გაცნობის დღეა, მოთელვის. ფინალისტებმა ჯერ არ იციან, თუ რა თემას შესთავაზებს მათ ჟიური. მანამდე „შემოდგომის ლეგენდაში“ მონაწილეობის მიზეზებზე ვლაპარაკობთ - ვის რა უნდა და ვინ რას მოელის. მხოლოდ პრიზის მოგებაა მიზანი თუ უფრო მეტი - ამ გზით ლიტერატურაში შემოსვლა, როგორც დაიწყო, სხვათა შორის, არაერთმა თანამედროვე ავტორმა - მარი ბექაურმა, ივა ფეზუაშვილმა, ბექა ადამაშვილმა, დათო გორგილაძემ, ანიკა მექანიკურმა და სხვებმაც.

ლუკა გორდაძე უკვე მესამედ მონაწილეობს კონკურსში:

„სულ ცოტა ისაა საინტერესო, რა დავალება იქნება, იმიტომ რომ ყოველ წელს სხვადასხვა დავალებას გვაძლევენ. პრიზიც მნიშვნელოვანი ფაქტორია, ცხადია, მაგრამ შეუდარებელი გამოცდილებაა უცხო გარემოში, უცხო ხალხთან, უცხო რაღაცაზე წერა, როდესაც, შესაძლოა, საერთოდ მზად არ იყო ამისთვის. ეს ძალიან საინტერესოა“.

მინდია არაბული წელს პირველად მოხვდა „შემოდგომის ლეგენდაზე“:

„მე ჯერჯერობით უფრო მეტს ვკითხულობ, ვიდრე ვწერ, თუმცა რამდენიმე მოთხრობა მაქვს დაწერილი და პროცესი მომწონს. გამოხმაურებებიც...მინდა, რომ რაღაცამ დამაძალოს და მეტი ვწერო“.

მარიამ ზუბაშვილსაც ერთხელ უკვე გამოცდილი აქვს ფინალისტობა. წელს ისევ წამოვიდა - აი, ამ კითხვაზე პასუხის გასაცემადაც:

„მართლა შემიძლია რაღაცის გაკეთება, - დაწერა ამ შემთხვევაში, - თუ ეს რაღაც შემთხვევითი გამონათებაა, „ინსაიტური“ მოვლენა, რაც წერაში მეხმარება. მე მგონია, რომ ყველაზე მეტად სწორედ ასეთი გარემო ეხმარება ადამიანს იმის გამოვლენაში, მართლა შეუძლია თუ არა ადამიანს საკუთარ თავზე მუშაობით გააუმჯობესოს თავისი წერის უნარები, თუ მხოლოდ მუზის იმედზე უნდა იყოს. მე მაინც ვფიქრობ, რომ მიღწევადია ეს შრომასთან ერთად. ჩემთვის ესაა „შემოდგომის ლეგენდა“, რომ სწორედ ასეთ გარემოში ჩემ თავს გამოვუმუშავო წერის პირობითი რეფლექსი, რომ მერე სულ ვწერო და ვწერო“.

ანი გიგაშვილი - აი, ის, ხმამაღლა რომ იცინის-მეთქი და რომელმაც „შემოდგომის ლეგენდა“ მოიგო - დღეს ჟიურის წევრია. ეს ამ კონკურსის წესია: ყველა გამარჯვებული მომდევნო წელს ჟიურის წევრი ხდება. ისიც იხსენებს, როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება „შემოდგომის ლეგენდის“ შემდეგ:

„შარშან, „შემოდომის ლეგენდიდან“ რომ ჩამოვედი, მახსოვს, ზებრა გადასასვლელზე ვიდექი, მწვანის ანთებას ველოდი, როდესაც უკნიდან ვიღაც ხელზე შემეხო და შენო ის არ ხარო, რაღაც რომ მოიგეო? ისიც კი არ იცოდა ზუსტად, რა მოვიგე, მაგრამ თავისთავად ეს განცდა, რომ ვიღაცები იზიარებენ მათთვის უცნობი ადამიანების წარმატებას, უცნაური და კარგი განცდა ნამდვილად იყო. მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, რაც წინა წლის „შემოდგომის ლეგენდამ“ მომცა, იყო თავდაჯერებულობა და იმის სურვილი, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთო“.

ბადრი ცხომარიას უნდა, რომ მისი ნაწერები მისი კომპიუტერის „დ“ დისკს გასცდეს, სხვებმაც წაიკითხონ და ეს ტექსტები ისეთივე პოპულარული გახდეს, როგორც მის კომპიუტერშია.

„და კიდევ, მთავარია, რომ თითოეულ გვერდში სიცოცხლე იგრძნობოდეს. მნიშვნელობა არა აქვს, რაზეა ამბავი, ადამიანები ამას მაშინვე გრძნობენ. ასეთი ლიტერატურა მიყვარს“.

სანამ ჟიურის წევრები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და საფინალო მოთხრობის თემაზე საბოლოოდ შეთანხმდებიან, ამ პროექტის მენეჯერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, მაკა სეხნიაშვილი, კიდევ ერთხელ იხსენებს „ლეგენდის“ დაბადების ამბავს - იდეა უნივერსიტეტს ეკუთვნოდა, მხარდაჭერა „ჯეოსელს“ სთხოვეს და „ლეგენდაც“ რეალობა გახდა:

„პირველივე წლიდან სტუდენტებისგან ძალიან დიდი ინტერესი წამოვიდა, თუმცა ეს კონკურსი, როგორც „ბრენდი“, ჩამოყალიბდა, დაახლოებით, სამ წელიწადში. დღეს უკვე ყველამ იცის „შემოდგომის ლეგენდა“, კონკურსი ნელ-ნელა ფართოვდება და მის შესახებ სულ უფრო მეტი ადამიანი იგებს. ისიც ფაქტია და ეს ამ წლებმა დაადასტურა, რომ ჩვენი გამარჯვებულები უკვე წარმატებულ მწერლებად იქცევიან და წინსვლას აგრძელებენ. სტუდენტებისთვის, ვისაც წერა სურდა, ეს კონკურსი, მართლაც, ერთგვარი ტრამპლინი გამოდგა“.

თსუ-ს რექტორმა გიორგი შერვაშიძემ კი ისიც გვითხრა, რომ, შესაძლოა, ‘“შემოდგომის ლეგენდამ“ საერთაშორისო ხასიათიც შეიძინოს - ეს ჯერჯერობით იდეაა, თუმცა, როგორც რექტორი ამბობს, შემოქმედებითი კონკურსებისთვის ახალი ფორმატების მოფიქრება ურიგო არ იქნებოდა.

თაკო როდონაიასთვის, რომელიც კომპანია „ჯეოსელის“ კორპორაციული კომუნიკაციების ექსპერტია, „შემოდგომის ლეგენდა“ განსაკუთრებულად სიმბოლური პროექტია. ეს იყო ახალი ტიპის კონკურსი, გვითხრა თაკომ, რომელიც მათ უნივერსიტეტთან ერთად დაიწყეს და რომელმაც ამ რვა წლის განმავლობაში ბევრ დამწყებ ავტორს გაუხსნა გზა და მისცა ბიძგი ლიტერატურაში მოსასვლელად:

„თავიდანვე ასე გადავწყვიტეთ, რომ ჟიური არ ყოფილიყო განყენებულად. როგორც წესი, ასეა ხოლმე: ჟიურის წევრებს და კონკურსის მონაწილეებს ერთმანეთთან შეხება არა აქვთ. ჩვენი კონცეფცია ასეთი იყო, რომ ამ სამი დღის განმავლობაში ყველანი ერთად უნდა ყოფილიყვნენ. ამ სიახლემ, ვფიქრობ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი შესძინა ამ პროექტს. ისიც, რომ კონკურსის გამარჯვებული ავტომატურად ხდება ჟიურის წევრი მომდევნო წელს, ესეც გამჭვირვალობას სძენს ამ კონკურსს, რადგან ეს ადამიანი მაინც კონკურსის წიაღიდან არის გამოსული, იცის, რა ხდება შიგნით, მერე ამ პროცესს გარედან უყურებს და მარტივად შეუძლია გაავრცელოს ინფორმაცია, თუ რამდენად ობიექტურად და მართლა გულიანად კეთდება ეს კონკურსი“.

პროზაიკოსი მაკა ლდოკონენი უკვე მერვე წელია ჟიურის უცვლელი წევრია. მისი თქმით, რომ არა ლიტერატურული კონკურსი „პენ მარათონი“, შესაძლოა, წერა არც გაეგრძელებინა. „შემოდგომის ლეგენდა“ რაღაცით „პენ მარათონს“ ჰგავს - იქაც მწერლები განსაკუთრებულ ადგილას მიჰყავდათ და კონკრეტულ თემას აძლევდნენ საწერად. „ლეგენდა“ მაკას განსაკუთრებულად უყვარს. კონკურსი მთავრდება ხოლმე, თუმცა მისი და დამწყები ავტორების ურთიერთობა არც მერე წყდება:

„ამ კონკურსს სხვა ლიტერატურული კონკურსებისგან სწორედ ის გამოარჩევს, რომ ჟიურის წევრებსა და კონკურსანტებს შორის ძალიან მჭიდრო კავშირია როგორც მთელი კონკურსის განმავლობაში, ისე მერეც. ისინი მიგზავნიან ხოლმე თავიანთ მოთხრობებს და მე ვეხმარები ამ მოთხრობების ლიტერატურულ პერიოდიკაში დაბეჭდვაში“.

მწერალმა თეონა დოლენჯაშვილმა კი გვითხრა, რომ ყოველ წელს იცვლება ტექსტების ხასიათი და ხარისხი. იხსენებს ერთ-ერთ შემოდგომას, როდესაც ფინალისტებს შორის თეატრალურის სტუდენტები ჭარბობდნენ და ტექსტებიც უფრო ვიზუალური ხასიათისა იყო, თითქოს ყველა დეტალი ჩანდა... წელს გააჩნია, ხან არის ხოლმე, რომ ქალაქზე წერენ, ხან ეროტიკული მომენტების მოჭარბებაა, სიყვარული ხომ მუდმივად...

დათო გორგილაძე, რომელიც დღეს „შემოდგომის ლეგენდის“ შიდა შესარჩევი ჟიურის წევრია, რამდენიმე წლის წინ კი კონკურსის ფინალისტი იყო და საუკეთესო სამეულშიც მოხვდა, იხსენებს, როგორ დაწერა მოთხრობა თემაზე „პაემანი“ - ეს იყო ამბავი ტიპზე, რომელსაც ყოველდღე აქვს პაემანი, მოგვითხრობს, როგორ ხვდება ყოველდღე ვიღაც გოგოს, თუმცა, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდება, რომ ისინი სხვადასხვა მაგიდებთან სხედან:

„ამ მოთხრობამ მაშინ მეორე ადგილი აიღო სალომე მხეიძის წყალობით, რომელმაც პირველი ადგილი აიღო. დამწყები მწერლისთვის, ვისაც სჭირდება იმის გაცნობიერება თუ თავდაჯერება, საერთოდ ღირს თუ არა ამ საქმის გაგრძელება, ეს კონკურსი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩემთვისაც ასეთი ტრამპლინი იყო - მაგრძნობინა, რომ შეიძლება რაღაც გამოვიდეს ამ საქმიდან“.

კონკურსის ყველაზე დაძაბული მომენტის გამოცხადებამდე დიანა ანფიმიადის კულინარიული მასტერკლასია - მან სპეციალურად „შემოდგომის ლეგენდისთვის“ იქვე მოამზადა ფორთოხლის და თაფლის ბლინები და მერე სხვებმაც, სხვადასხვა წიგნების თუ ავტორების ასოციაციებით, თავ-თავისი რეცეპტები შემოგვთავაზეს. დიანას ბლინი მწერალ სალომე ბენიძეს ერგო, დანარჩენებმაც ერთმანეთს გაუნაწილეს და ამ კულონარიული მოთელვის შემდეგ ჟიურიმ წლევანდელი „შემოდგომის ლეგენდის“ თემაც გამოაცხადა - „ახალი სახლი“, თან მეტი დამაჯერებლობისათვის კონკურსანტების წინ ახლად აშენებული კორპუსის მაკეტიც დადგა. თუმცა კონკურსის მოცემულობა მხოლოდ ეს არ ყოფილა - ამ სახლში ყველას სხვადასხვა კონკრეტული ადგილი შეხვდა. და დროის ათვლაც დაიწყო:

„მე შემხვდა სამი ბინა, ერთი მფლობელით.. მე - ლიფტი.. მე - ბინა ფანჯრების გარეშე.. მე - ბინა სხვენში. მე - სტუდიო“...

‘შემოდგომის ლეგენდელები“ თავიანთი ზამბახისფერი პუფებით ყვარლის „ედემის“ ეზოში მიმოიფანტნენ. წერა დაიწყო. ზოგმა რომელი კუთხე აირჩია და ზოგმა რომელი. ზოგმა ველოსიპედით გასეირნება გადაწყვიტა და ასე ფიქრი, ზოგი ერთ ადგილას გამაგრდა და ფეხი აღარ მოუცვლია ბოლო წერტილის დასმამდე. შუადღისთვის მონახაზი თითქმის ყველას მზად ჰქონდა.

„ვითომ ამ პენტჰაუსს მიტოვებს პაპა, მაგრამ სინამდვილეში არ მიტოვებს. მიტოვებს წერილს, რომ ასეა, მაგრამ იქ დამხვდებიან სხვები, რომლებიც ამისი მეპატრონეები არიან. რაღაც ეგეთი იდეა მაქვს, ვნახოთ“.

„უცნაური თემა შემხვდა - სახლი დიდი ვერანდით. ასეთი სახლი კი კარგია, მაგრამ არ ვიცი, რა გამომივა, თუმცა იდეა მაქვს“.

„რამდენიმე ვერსია მაქვს. მთავარი მაინც ისაა, რომ ფანჯარა ბინის აუცილებელი ნაწილია. ორ შემთხვევაში არ შეიძლება ჰქონდეს ბინას ფანჯარა, როცა არ გინდა, რომ გარედან რაღაც შემოვიდეს ან, პირიქით, შიგნიდან რაღაც გავიდეს“.

„რაპუნცელის ლეგენდის გადათამაშებას ვფიქრობ - როგორ მოხდებოდა ეს ამბავი ყოველდღიურობაში“...

12 საათი წერეს. საწერად დათქმული ვადაც ამოიწურა და მოთხრობებიც ჟიურის წევრებს ჩაბარდა. „შემოდგომის ლეგენდა“ დასრულდა. ზუსტად ორ კვირაში გამარჯვებული გაირკვევა. მანამდე ფინალისტებს ღელვა და მოლოდინი ელით, თუმცა მე მაინც მგონია, რომ ეს უკვე მაგარი რამეა, თავში მხოლოდ შენი პერსონაჟების და მათი ამბების ადგილი რომ გრჩება და თუნდაც ორი დღით გიქრება რუტინა. ამას მწერლები ზუსტად მიხვდებიან.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG