Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო რესპუბლიკაში ზეიმობენ, ახალგორისკენ კი მიმოსვლა ორი დღით შეწყდა


სამხედრო აღლუმი ცხინვალში, 2011 წლის 20 სექტემბერი
სამხედრო აღლუმი ცხინვალში, 2011 წლის 20 სექტემბერი
ცხინვალში ეგრეთ წოდებული სახელმწიფოებრიობის დღის აღნიშვნა სამი დღით ადრე დაიწყეს. დე ფაქტო ხელისუფლება ამ დღისთვის განსაკუთრებით მოემზადა, ძალოვანი უწყებები საგანგებო რეჟიმზეა გადაყვანილი, 20 სექტემბერს კი ცხინვალის თეატრალურ მოედანზე სამხედრო აღლუმი გაიმართება. დე ფაქტო რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. მართალია, გუშინ, 18 სექტემბერს, თიბილოვის მთავრობამ მოსაბრუნის ეგრეთ წოდებულ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ტრანსპორტის გადაადგილების აკრძალვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გაურკვეველი დროით გადადო, მაგრამ დღეს დაბაში მისასვლელი გზა მაინც დილიდანვე ჩაიკეტა. ახალგორელების თქმით, ეს რეჟიმი შაბათამდე გაგრძელდება. თიბილოვის მთავრობა ეგრეთ წოდებული სასაზღვრო გამშვები პუნქტების ჩაკეტვას უსაფრთხოების ზომების გამკაცრებით ხსნის.

გუშინ ვითარება განიმუხტა სოფელ დიცში, იქ მოულოდნელად რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ, თავიანთ მიერვე წინა დღეს ჩაყრილი ბოძები ამოიღეს და უკანვე წაიღეს. დიცელების თქმით, ეს ყველასთვის მოულოდნელი იყო, რადგან სამშაბათს გამართული მოლაპარაკებები ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლეოდა და ოსური მხარე დაჟინებით აცხადებდა, რომ ეგრეთ წოდებული სასაზღვრო ღობეების მონტაჟი აუცილებლად გაგრძელდებოდა და მხოლოდ სასაფლაოსთან მისასვლელ გზას დატოვებდნენ ღიად.

რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო ძალების მოულოდნელი გადაწყვეტილების შესახებ ცხინვალში კომენტარი არ გაკეთებულა, დიცში კი ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებები ორად გაიყო. ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი საერთაშორისო ხმაურისა და რუსეთზე განხორციელებული ზეწოლის შედეგია, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მესაზღვრეებს ეგრეთ წოდებული საზღვრების მონიშვნისას რაღაცა შეეშალათ, ბოძების ამოყრის მიზეზიც ეს გახდა და მალე სამუშაოები ისევ გაგრძელდება.

არც საქართველოს ხელისუფლებაში არიან ოპტიმისტურად განწყობილნი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სოფელ დიცთან შედარებითი სიმშვიდე განსაკუთრებული ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა, რადგან საოკუპაციო ხაზთან 2011 წლიდან გარკვეული პერიოდულობით ხდება მავთულხლართების გავლება და მიწაყრილის მოწყობა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა სათანადოდ შეაფასოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება და მიიღოს შესაბამისი ზომები რუსეთის უკანონო ქმედებების აღსაკვეთად. 18 სექტემბერს, ბრიუსელში საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრისას, ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულემ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა და შეშფოთება, რომლითაც ევროკავშირი ადევნებს თვალს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მავთულხლართების გავლების პროცესს. ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი უკვე განიხილება და მომავალშიც იქნება ჟენევის დისკუსიის დღის წესრიგში, ევროკავშირი კი თავის შეშფოთებას რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრების დროსაც გამოხატავს.
XS
SM
MD
LG