Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

24 წლის ზუგდიდელმა ფერმერმა საოჯახო მეურნეობა ბიზნესად აქცია


მარიამ კოდუა
მარიამ კოდუა

ზუგდიდის სოფელ დარჩელში უკვე არავის აოცებს სატვირთო ავტომობილის თუ ტრაქტორის საჭესთან 24 წლის მარიამ კოდუას დანახვა. თუ ოთხი წლის წინ, სოფლის მეურნეობის საქმეებში აქტიურად ჩართული, მძიმე ტექნიკით მუშაობისას მეზობლებს აოცებდა, ახლა ორი ქარხნისა და რამდენიმე პლანტაციის მფლობელი, მათგან მხოლოდ საქებარ სიტყვებს იღებს, როგორც წარმატებული ფერმერი და კარგი მძღოლი.

გადმოწერა

24 წლის მარიამმა შეძლო სოფელში არავისგან გამორჩეული საოჯახო მეურნეობა განევითარებინა და ბიზნესად ექცია:

მარიამ კოდუა
მარიამ კოდუა

„ბავშვობიდან აქტიურად ვიყავი ჩართული სოფლის მეურნეობაში, იმიტომ რომ ჩემი მშობლები აქტიურად მისდევდნენ მეფუტკრეობას, მეთხილეობას და მეც იმას ვაკეთებდი, რასაც ჩემი მშობლები. ვეხმარებოდი თხილნარში, ვეხმარებოდი ყოველდღიურ საქმიანობაში და შემაყვარეს შრომა, ის საქმე, რასაც თვითონ აკეთებდნენ. ამის შემდეგ მე თვითონაც, როცა გავიზარდე, გადავწყვიტე მშობლების გაკეთებული საქმე გამეგრძელებინა“.

მარიამი პროფესიით ბიზნესის ადმინისტრირების მენეჯერია. უნივერსიტეტის დასრულებისთანავე დარჩელში დაბრუნდა და ოჯახთან ერთად აქტიური მუშაობა დაიწყო მეურნეობის გასაფართოებლად. მათ საკუთრებაში არსებულ 12 ჰეqტარ მიწის ნაკვეთს იჯარით აღებული ფართები დაამატეს. სხვა პროდუქტთან ერთად, აქ მოყვანილი სიმინდისგან საქონლის საკვები - სილოსი - მზადდება.

„იჯარით ავიღეთ 270 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, სადაც ნაწილზე თხილნარი, ნაწილზე კი სახნავ-სათესი მიწებია. ამ სახნავ-სათეს მიწებზე დავიწყეთ სიმინდის წარმოება, სიმინდისგან კი სილოსის გაკეთება. სილოსს ვაფასოებთ ვაკუუმ შეფუთვებში, 25- კილოგრამიან შეფუთვებში. გვაქვს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ქარხანა, რომლის ანალოგიც ამ ეტაპზე საქართველოში არ არის“.

არასდროს არაფერი არ არის სათაკილო, როცა შენ გიყვარს ის საქმე, რასაც აკეთებ. შრომის მოყვარეობით, მონდომებით და უკან არდახევით ყოველთვის შესაძლებელია წარმატების მიღწევა...
მარიამ კოდუა

მარიამი ამბობს, რომ ჯერჯერობით საქონლისთვის განკუთვნილი საკვების გატანას ექსპორტზე ვერ ახერხებს, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტი კარგად იყიდება, ისევე როგორც მის მიერ წარმოებული თაფლი. ახალგაზრდა ფერმერი მეფუტკრეობის კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს და სამომავლოდ ექსპორტზეც ფიქრობს, ამჯერად კი ევროპის რამდენიმე ქვეყანას მარიამი სხვა პროდუქტით ამარაგებს:

„რაც შეეხება მეთხილეობას, ეს არის ჩვენი ძირითადი მიმართულება, ექსპორტზე გაგვაქვს მზა პროდუქტი, ანუ თხილის გული. ძირითადი ქვეყნები ამ ეტაპისთვის არის იტალია, გერმანია. პარტნიორები გვყავს პოლონეთში, ჩეხეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში“, - ამბობს მარიამი, რომელიც, ბიზნესის გაფართოების პარალელურად, საკუთარი ცოდნის გაღრმავებაზეც ზრუნავს. ცდილობს, მეტი ინფორმაცია მიიღოს სოფლის მეურნეობასა და მის განვითარებაზე, ახალგაზრდებს კი სასოფლო საქმიანობაში მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებს. მისი სიტყვებით, წარმატება აუცილებლად მიიღწევა, თუ მუშაობას არ დაიზარებ.

„არასდროს არაფერი არ არის სათაკილო, როცა შენ გიყვარს ის საქმე, რასაც აკეთებ. შრომის მოყვარეობით, მონდომებით და უკან არდახევით ყოველთვის შესაძლებელია წარმატების მიღწევა“, - ამბობს 24 წლის ფერმერი, რომელიც მეფუტკრეობის, მემცენარეობისა და მეცხოველეობის პარალელურად ახალ გეგმაზე - თევზსაშენის მოწყობაზე - მუშაობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG