Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის საკრებულოს ეთიკის კოდექსის პროექტი დეპუტატების ნაწილს არ მოსწონს


ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ ნორმატიული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის, „ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრთა ეთიკის კოდექსის“, მისაღებად ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. იურიდიული და სამანდატო კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სარიას განცხადებით, კოდექსის პროექტზე მუშაობისას გაითვალისწინეს ეუთოს ადამიანის უფლებების დაცვის ოფისის მიერ მომზადებული მასალებიც. საკრებულომ ეთიკის კოდექსზე მუშაობის გადაწყვეტილება უმრავლესობასა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის გახშირებული სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ მიიღო.

„ფრაქცია „ზუგდიდის მომავლისთვის“ მუშაობდა ამ პროექტზე. ეს ძალიან ფაქიზი საკითხია, ფაქიზი სფეროა. პროექტში წარმოდგენილია ის არსებული ბაზა, რაც მიმოფანტულია სხვადასხვა საკანონმდებლო აქტში. ვსაუბრობთ პროფესიულ, ეთიკურ სტანდარტებზე, რაც აუცილებელია თვითმმართველობაში“, - თქვა იურიდიული და სამანდატო კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სარიამ.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ანა წითლიძის თქმით, ისინი მიესალმებიან ეთიკის კოდექსის მიღებას, თუმცა ფიქრობენ, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი ზოგადია და ის მეტად უნდა დაკონკრეტდეს:

„ეს არის ზოგადი. სწორედ ამიტომ ჩვენი რეკომენდაციაა, და ამაზე NDI-საც ვესაუბრეთ, რომ უფრო მეტად დაკონკრეტებულიყო, რა შეიძლება ჩაითვალოს მიუღებელ ქცევის წესად და რა შემთხვევაში შეიძლება კონკრეტულ პიროვნებას ამაზე დაუწესდეს შეზღუდვა“.

მისმა თანაგუნდელმა ბათლომე შელიამ აღნიშნა, რომ აუცილებელია დოკუმენტში გაიწეროს ხელისუფლებისა და მმართველი გუნდის დამოკიდებულება ოპოზიციასთან და კოდექსში ჩაიდოს ოპოზიციის მიმართ პატივისცემის წესი. წინააღმდეგ შემთხვევაში:

„მხოლოდ იმის გამო, რომ პირველები ვართ საქართველოში, ამაში მონაწილეობას მე პირადად არ მივიღებ“.

უკლებლივ ყველა დეპუტატს, მიუხედავად პარტიული დამოკიდებულებისა, თანამშრომლობისა და ეთიკის კოდექსის ერთობლივი დახვეწისკენ მოუწოდა საკრებულოს თავმჯდომარემ. მერაბ ქვარაიას განცხადებით, დოკუმენტში თანაბრად იქნება გათვალისწინებული ყველას ინტერესები:

„გვიჭირს იმის დაჯერება, რომ ამ ეთიკის კოდექსმა ასეთი ადამიანი შეაკავოს და გვეღიმება, თუმცა იდეა გაჩნდა და ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც ამ მიმართულებით ნაბიჯს დგამს. ეს არის სიმბოლური დოკუმენტი და ის მიღებულია ნებისმიერ ცივილურ ქვეყანაში“.

საკრებულოში განმარტავენ, რომ ეთიკის კოდექსი იქნება დეპუტატის ქცევის ერთგვარი შეფასებითი დოკუმენტი, რომელიც დეპუტატს მისცემს სტიმულს არ დაარღვიოს ქცევის მიღებული ნორმები. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი განცხადებებით ყველა დეპუტატი კონსტრუქციულ მუშაობას მიემხრო, სხდომას სიტყვიერი დაპირისპირება მაინც მოჰყვა. უმრავლესობასა და ოპოზიციური პარტიის დეპუტატებს შორის მწვავე დისკუსიის საგანი გახდა სხდომაზე დაყენებული საკითხების დიდი ნაწილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG