Accessibility links

ზუგდიდში დასრულდა ცესკოს პროექტი „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“


ზუგდიდი

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ დაასრულა და შეაჯამა პროექტი „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“. საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანიც მოქალაქეების აზრის გათვალისწინებით სერვისების გაუმჯობესებაა, ზუგდიდში ოთხი შეხვედრა გაიმართა.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხის განმარტებით, შეხვედრები გამართეს როგორც ქალაქში, ასევე მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სოფელ ანაკლიაში, რუხსა და ჭითაწყარში.

„მოქალაქეთა საარჩევნო უფლებების შესახებ შეივსო ამომრჩეველთა საინფორმაციო ბარათები, სადაც მოხდა ინფორმაციის გაცვლა. ჩვენ კონკრეტულად გვაინტერესებდა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული სერვისების საჭიროებები, თუ როგორი წარმოდგენა ჰქონდა მოსახლეობას, რის გაუმჯობესებას ისურვებდნენ, რომ ეს ინფორმაციები დაგვემუშავებინა და მომავალი გეგმები ამ მოსაზრებების საფუძველზე დაგვესახა“, - განაცხადა მირანდა მესხმა.

პროექტის შეჯამებისას მან ილაპარაკა ასევე 2016 წელს ჩატარებული არჩევნების ხარვეზებსა და რეკომენდაციებზე, რომელთა გათვალისწინებასაც უკვე წლევანდელ არჩევნებზე გეგმავენ.

საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, ყოველი მომდევნო კენჭისყრის პროცესი გვიჩვენებს, რომ ვითარება ამ კუთხით უმჯობესდება. მისი თქმით, ერთ-ერთ გამოწვევად ისევ რჩება უსაფრთხოება, ამიტომ ამ მოდელის გაძლიერება პრიორიტეტი იქნება.

შეხვედრას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ორგანიზაცია „საუნჯის“ ხელმძღვანელი იაგო ფასანძე დაინტერესდა, გაითვალისწინებს თუ არა საარჩევნო ადმინისტრაცია მათ რეკომენდაციებს საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებით.

„ხაზი გავუსვით დამკვირვებლების უფლებებს. როცა საუბნო საარჩევნო კომისიებს ნაკლები ინფორმაცია გააჩნიათ დამკვირვებლების უფლებების შესახებ, ხელი ეშლებათ დამკვირვებლებს თავიანთი უფლებების განხორციელებაში. ჩვენი სურვილია და მოთხოვნა, იმ ტრენინგმოდულში, რომელსაც ახორციელებს ცესკო თავისი საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის, მეტი დრო დაეთმოს ამ საკითხს“, - განმარტა მან.

კამპანია „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა. როგორც ცესკოში აცხადებენ, ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი ინიციატივა, რომელიც საქართველოს მასშტაბით საოლქო საარჩევნო კომისიების მოსახლეობასთან შეხვედრებს ითვალისწინებს. თითოეულ მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად იმართებოდა გასვლითი შეხვედრები. საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები ამომრჩევლებს სოფლებსა და მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ინფორმაციას აწვდიდნენ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის ირგვლივ, ურიგებდნენ მათ საინფორმაციო ბარათებს თვითმმართველობის არჩევნების შესახებ, ესაუბრებოდნენ საკუთარი საარჩევნო უფლებების თაობაზე და ინიშნავდნენ მათ მოსაზრებებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG