Accessibility links

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 18 დღით ადრე საარჩევნო სუბიექტები იუწყებიან, რომ ზუგდიდში საარჩევნო პლაკატებს ხევენ და ამომრჩევლებს აშინებენ, რაშიც ისინი მმართველი გუნდის პარტიას ადანაშაულებენ. ასეთი განცხადებები გაკეთდა დღეს „ევროპული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისებში.

პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციაში წუხელ დაუდგენელმა პირებმა ბანერი ჩამოხიეს. პარტიის სარეკლამო ბანერი, რომელიც ცენტრალური ქუჩის კერძო სახლის აივანზე იყო გაკრული, დღეს დილით ოფისში მისულ თანამშრომლებს ჩამოგლეჯილი დახვდათ. ამ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რომელიც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ბანერის ჩამოგლეჯის პარალელურად პარტიის ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლელა ქებურია ახალგაზრდების ჯგუფის მიერ პლაკატების მიზანმიმართულ განადგურებაზე ლაპარაკობს:

„გვაქვს ინფორმაცია, რომ მოქმედებდა რვაკაციანი ჯგუფი, რომელიც გამოვიდა „ქართული ოცნების“ ოფისიდან და შეუდგა ოპოზიციური პარტიის პლაკატების ჩამოხევას. შესაბამისად, არსებობს ვარაუდი, რომ იგივე პირების მიერ განხორციელდა ის ქმედება, რაც ბანერთან მიმართებაში მოხდა. ჩვენ მოვუწოდებთ სამართალდამცავებს, რომ მყისიერად იქნას გამოძიებული ეს ფაქტი და ერთხელ მაინც დააყენონ თავიანთი პროფესიული ვალდებულება დირექტივებზე მაღლა და ერთხელ მაინც დადგეს პრეცედენტი იმისა, რომ მსგავსი ძალადობა არ დარჩება დაუსჯელი“.

წინასაარჩევნო პლაკატები ზუგდიდში
წინასაარჩევნო პლაკატები ზუგდიდში

სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი დარღვევები გამოიძიონ. პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე, პლაკატების ჩამოხევის პარალელურად, ზუგდიდის სოფელ ერგეტაში მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლების მხრიდან მოსახლეობის დაშინების მცდელობაზე ლაპარაკობს.

„ბატონმა გიორგი ტიბუამ, რომელიც წარმოადგენს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ფრთას, გადაიღო რამდენიმე ფოტო, რომლითაც იდენტიფიცირება მოახდინა ჩვენთან შეხვედრაზე მყოფი ადამიანების. წუხელ კი, როდესაც პლაკატების ჩამოხევას ორგანიზატორობდნენ, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენთან შეხვედრაზე იყვნენ, სწორედ ეს ადამიანები დაადგნენ და გააფრთხილეს, თუ კიდევ ერთხელ გამოვიდოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ შეხვედრაზე ან ჩაერთვებოდნენ საარჩევნო კამპანიაში, ამის გამო მოეკითხებოდათ“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

საკუთარი კანდიდატების საარჩევნო პლაკატების განადგურების ფაქტზე ლაპარაკობენ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციაშიც. პარტიის საარჩევნო შტაბის თავმჯდომარის მოადგილე მაიზერ ნანავას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ქალაქში, ისე მუნიციპალიტეტის სოფლებში განადგურებულია მათი საარჩევნო მასალის ნაწილი, ეჭვის მიუხედავად, იმის გამო, რომ კონკრეტული სამხილები არ ჰქონდათ, არც ერთი ოპოზიციური პარტიისთვის მსგავსი ბრალდება არ წაუყენებიათ:

„წარსულს ჩაბარდა ეს ყველაფერი. წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ გვებრძოდა ამ მეთოდებით. ჩვენ ვართ მმართველი ძალა, ვგმობთ ამას. რა თქმა უნდა, ვანდალიზმია ეს ყველაფერი. მერწმუნეთ, რომ ეს არ ვიყავით ჩვენ და შტაბს არ გაუცია ასეთი ბრძანება“.

რაც შეეხება სოფელ ერგეტაში მოსახლეობის დაშინების შესახებ ბრალდებას, მაიზერ ნანავამ განაცხადა, რომ გიორგი ტიბუა მართლაც მათი პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელია, თუმცა ის მსგავს ქმედებას არ ჩაიდენდა, რადგან ასეთი დავალება შტაბს არ გაუცია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG