Accessibility links

ზუგდიდის საკრებულოში ფრაქცია „რესპუბლიკელები“ დაიშალა


ზუგდიდის საკრებულო

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „რესპუბლიკელები“ დაიშალა. ფრაქციის ყოფილმა წევრმა და საკრებულოს დეპუტატმა თენგიზ ქოჩუამ განმარტა, რომ პარლამენტის არჩევნების შემდეგ პარტიასა და ქვეყანაში განვითარებული მოვლენების პარალელურად ფრაქციის წევრებმა ნიკოლოზ ზარქუამ, გიორგი თოდუამ და თვითონ მიიღეს გადაწყვეტილება რესპუბლიკური პარტიის დატოვების შესახებ, მოგვიანებით კი ფრაქციაც დაიშალა.

„მართალი გითხრათ, მტკივნეული იყო, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც ასე გადავწყვიტეთ. მიუხედავად ამისა, ჩვენ ქალაქის საკეთილდღეოდ აქტიურად ვაგრძელებთ პოლიტიკურ საქმიანობას. შევქმენით ახალი ფრაქცია, „ზუგდიდი“, და ვიმუშავებთ ნებისმიერი ზუგდიდელისთვის და ქალაქის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა თენგიზ ქოჩუამ.

მისივე თქმით, ისინი პოლიტიკურ საქმიანობას განაგრძობენ, ამჯერად - უპარტიოდ. კითხვაზე, შეუერთდებიან თუ არა სხვა რომელიმე პარტიას, ქოჩუამ თქვა, რომ ამ ეტაპზე - არა.

„რესპუბლიკელების“ დაშლის შესახებ განცხადება საკრებულოს იურიდიულ და სამანდატო კომისიაში უკვე შევიდა. მისმა თავმჯდომარემ, ნუგზარ სარიამ, სხდომაზე აღნიშნა, რომ გაუქმების პარალელურად შეიქმნა ახალი ფრაქცია, სახელწოდებით „ზუგდიდი“.

„საკრებულოს სამ წევრს აქვს უფლება შექმნას ცალკე ფრაქცია და ერთი ამოცანის, ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანდეს. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, თვითმმართველობის კოდექსი, საკრებულოს მოთხოვნები დაცულია და, აქედან გამომდინარე, კომისიამ მიიღო დადებითი დასკვნა ახალი ფრაქცია „ზუგდიდელების“ რეგისტრაციის“ თაობაზე“, - განაცხადა ნუგზარ სარიამ.

პარლამენტის არჩევნების შემდეგ „რესპუბლიკელების“ ლიდერებმა - მათ შორის დავით უსუფაშვილმა და თინა ხიდაშელმა - პარტია დატოვეს. ამის შემდეგ ზუგდიდის ორგანიზაციის რამდენიმე წევრმაც პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG