Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბიტურიენტების ნაწილი ვერ არკვევს, რამდენ ხანს მოუწევს სწავლა

განათლების სამინისტროში გვპასუხობენ, რომ მომავალმა სტუდენტებმა უნივერსიტეტებში უნდა გაარკვიონ, რამდენ ხანს ისწავლიან არჩეულ ფაკულტეტზე. ილუსტრაცია
განათლების სამინისტროში გვპასუხობენ, რომ მომავალმა სტუდენტებმა უნივერსიტეტებში უნდა გაარკვიონ, რამდენ ხანს ისწავლიან არჩეულ ფაკულტეტზე. ილუსტრაცია

უმაღლესი სასწავლებლების საგამოცდო ქულები კი გამოქვეყნდა, თუმცა აბიტურიენტების ნაწილს ჯერ ისევ ვერ გაურკვევია, რამდენკრედიტიანია პროგრამა, რომელზეც სწავლა მოუწევს და საბაკალავრო საფეხურზე სტუდენტობა სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება თუ ოთხი.

განათლების სამინისტროში გვპასუხობენ, რომ მომავალმა სტუდენტებმა ეს უნივერსიტეტებში უნდა გაარკვიონ. ჯერ ისიც არ არის ცნობილი, ვინ სად ჩაირიცხა.

  • „იქნებ არ გვინდა, რომ სამი წელი ისწავლონ ის პროფესია, რომლის სწავლაც ოთხ წელშიც კითხვის ქვეშ დგას?“
  • „ჯარის თემაც შემოდის... ჩვენ გვირჩევნია ოთხი წელი ისწავლოს“.
  • „გადასახადიც ხომ უნდა გავთვალოთ - სამი წელი ვიხდით, ოთხი თუ რამდენი?“
  • „უბრალოდ რომ ვიცოდეთ, წინ სწავლის რამდენი წელია“.

ეს მხოლოდ ნაწილია იმ მშობლების გამოხმაურებებისა, რომელთა შვილებიც უმაღლეს სასწავლებლებში წელს აბარებდნენ.

„აბიტურიენტთა რეგისტრაცია დღეს სრულდება და კიდევ არ ვიცით პროგრამის ხანგრძლივობა, პროგრამა 240 კრედიტიანია თუ 180-იანი? გვეუბნებიან უნივერსიტეტებს დაუკავშირდით და ისე გაარკვიეთო“, - წერდა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი აბიტურიენტის დედა, ირინა ბაზღაძე.

გასული წლისგან განსხვავებით, წლევანდელ, 2026 წლის აბიტურიენტის ცნობარში, ცალკეული პროგრამების გასწვრივ კრედიტების რაოდენობა მითითებული საერთოდ არ არის - ეს გრაფა გამქრალია.

კრედიტების გრაფაში მითითებულია მათი რაოდენობა.
კრედიტების გრაფაში მითითებულია მათი რაოდენობა.

2025 წლის აბიტურიენტების ცნობარში კრედიტების რაოდენობა გარკვევით ეწერა, რაც მათ შესაძლებლობას აძლევდა, სცოდნოდათ, საბაკალავრო პროგრამაზე რამდენ წელს ისწავლიდნენ.

აქ კი კრედიტების გრაფა აღარ არის.
აქ კი კრედიტების გრაფა აღარ არის.

ირინა ბაზღაძე გვიყვება, რომ მისი ვაჟის რამდენიმე არჩევანიდან ერთ-ერთი იყო ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა. დედა-შვილი რამდენიმე დღე არკვევდნენ, რამდენკრედიტიანი იყო ეს ფაკულტეტი.

„უნივერსიტეტის საიტზე ამ ინფორმაციას ვერ მივაგენით. ცნობარში არაფერი წერია, უნივერსიტეტის გვერდზე მივიწერეთ, არ გვიპასუხეს, "ცხელ ხაზზეც" არავინ გვპასუხობდა. ამასობაში, არჩევანის შეცვლის შესაძლებლობის ვადა გავიდა...

ბოლოს და ბოლოს გვიპასუხეს და დავადგინეთ, რომ ამ პროგრამაზე 180 კრედიტია, რაც არ მგონია, ეკონომიკის - ასე ფართო დარგის - სრულფასოვნად სასწავლად იყოს საკმარისი. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი ჩვენთვის ამის ცოდნა. პირველ ფაკულტეტად რაც გვაქვს მითითებული, საერთაშორისო პროგრამაა და ვიცით, რომ იქ 4 წელია სწავლა. იმედი გვაქვს, რომ იქ მოხვდება.“

როდესაც 2026 წლის აბიტურიენტის ცნობარი გამოქვეყნდა და მასში კრედიტების რაოდენობა მითითებული არ იყო, გამოცდებისა და შეფასების ცენტრს ირინამ მაშინვე მისწერა და მიზეზი იკითხა. უპასუხეს, რომ კრედიტების შესახებ ინფორმაცია აგვისტოს შუა რიცხვებში გამოქვეყნდებოდა.

თუმცა, როცა ეს ვადაც გავიდა და კვლავ დაინტერესდა განახლებული ინფორმაციით, უპასუხეს, რომ ეს ცნობა უნივერსიტეტებისგან უნდა მიეღო.

აბიტურიენტების დიდ ნაწილს, როგორც წესი, გამოცდების ჩაბარების წინ, რამდენიმე უნივერსიტეტი აქვს ხოლმე მონიშნული.

„რა გამოდის, რომ ყველა უნივერსიტეტში ცალ-ცალკე უნდა ვრეკოთ? სადმე არ უნდა იდოს მკაფიო ინსტრუქცია, ამ დროს რას ვაკეთებთ?“ - გვეუბნება თამუნა კანკავა. მისმა შვილმა მედეა მცხვეთაძემ ტურიზმის ადმინისტრირება უნდა ისწავლოს და არ იცის, რამდენწლიანი იქნება მისი ფაკულტეტი.

ზოგიერთმა აბიტურიენტმა გამოცდების დაწყების წინ სცადა გარკვევა, მისთვის სასურველ პროგრამაზე სწავლა საბაკალავრო საფეხურზე კვლავ 4 წელი იქნებოდა თუ 3 წლამდე შემცირდებოდა.

„მე არქიტექტურა მინდოდა, ვიცოდი, რომ სწავლა 4 წელი გრძელდებოდა და მაშინვე გადავამოწმე - ჯერ რომელ უნივერსიტეტში ჩავირიცხე არ ვიცი, თუმცა ვიცი, რომ ამ ფაკულტეტზე 240 კრედიტია“, - გვეუბნება მარიამ დონჯაშვილი.

როგორც ილიაუნის იურიდიული სამსახურის უფროსი, დალი ცქიტიშვილი, ეუბნება რადიო თავისუფლებას, პროგრამების სახეცვლილება (მოდიფიცირება) - თუ რომელი შეიძლებოდა ყოფილიყო 180-კრედიტიანი, რომელი 200 და რომელი 240-კრედიტიანი, უნივერსიტეტებს მაისში დაევალათ.

„ჩვენც ფორსმაჟორულ რეჟიმში მოგვიწია მუშაობა. შესაძლოა განათლების ხარისხის ცენტრში ეს პროცესი ისევ გრძელდება და ესაა მიზეზი, რატომაც ვერ მოესწრო ზოგ პროგრამაზე კრედიტების მითითება“, - გვეუბნება დალი ცქიტიშვილი.

ვისაც სამწლიან ან ოთხწლიან საბაკალავრო პროგრამაზე სწავლა არ სურს და ამის შეცვლას მოინდომებს (მას შემდეგ, რაც გაარკვევს, სად მოხვდა), შეეძლება მხოლოდ ერთი წლის შემდეგ შეიცვალოს ფაკულტეტი და მობილობის პროგრამით გადავიდეს სხვაგან.

კითხვაზე, საიდან უნდა შეიტყონ მომავალმა სტუდენტებმა წინ რამდენწლიანი სწავლა ელით, განათლების სამინისტროში ჩვენც გვიპასუხეს, რომ აბიტურიენტებმა მათ მიერ არჩეულ უნივერსიტეტებს უნდა მიმართონ.

თავად უნივერსიტეტებში კი აცხადებენ, რომ მათ ვებსაიტებზე პროგრამების და შესაბამისი კრედიტების შესახებ ინფორმაცია უკვე ატვირთულია. ჩვენ გადავამოწმეთ კავკასიის, ტექნიკური უნივერსიტეტის, შავი ზღვის უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კიდევ რამდენიმე სხვა უნივერსიტეტის ვებსაიტები და იქ აბიტურიენტებს უკვე შეუძლიათ ამ ინფორმაციის მიღება ფაკულტეტების მიხედვით.

ჩვენს კითხვაზე, რატომ არ იყო ცნობილი წინასწარ მომავალი სტუდენტებისთვის კრედიტების რაოდენობა ცალკეულ ფაკულტეტებზე და რატომ არ ეწერა ეს აბიტურიენტების ცნობარში, განათლების სამინისტროში გვითხრეს, რომ უნივერსიტეტები პროგრამების განახლების პროცესში იყვნენ, ეტაპობრივად გადაჰყავდათ ისინი 240 კრედიტიდან 180 კრედიტზე, რასაც „გარკვეული დრო დასჭირდა“.

2025 წლის შემოდგომაზე, "ქართული ოცნების" მთავრობამ უმაღლესი განათლების რეფორმის მონახაზების პრეზენტაციისას განაცხადა, რომ მომავალი წლიდან უმაღლეს სასწავლებლებში ბაკალავრიატი (“გამონაკლისი სპეციალობების გარდა“) 3-წლიანი, მაგისტრატურა კი 1-წლიანი გახდებოდა, ხოლო სკოლებში სწავლა 12-ის ნაცვლად 11 წელი გაგრძელდებოდა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG