Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღა მოჯთაბა ხამენეი მამის გზაზე - ირანს ახალი უზენაესი ლიდერი ჰყავს

8 მარტს ირანის ექსპერტთა ასამბლეამ უმცროსი ხამენეი ქვეყნის ახალ ლიდერად აირჩია მას შემდეგ, რაც აიათოლა ალი ხამენეი აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ირანის ისლამურ რესპუბლიკაში უზენაესი ლიდერის პოსტზე მამას მისი შვილი ცვლის. რა ვიცით მასზე?

მოჯთაბა ხამენეი იშვიათად ჩნდებოდა საჯაროდ და თითქმის არასოდეს მიუმართავს სიტყვით ფართო აუდიტორიისთვის - გარდა სასულიერო სემინარიების კლასებისა. მიუხედავად ამისა, მას ხშირად აღწერდნენ, როგორც კულისებს მიღმა მოქმედ გავლენიან ფიგურას, რომელსაც ძლიერი გავლენა ჰქონდა უზენაესი ლიდერის ოფისთან და ირანის უსაფრთხოების ინსტიტუტებთან დაახლოებულ პირებზე.

მაგრამ ვინ არის მოჯთაბა ხამენეი და როგორ გახდა ის მამის მემკვიდრეობის ერთ-ერთი ყველაზე სადავო კანდიდატი?

„ბატონი“ მოჯთაბა

გარდაცვლილი უზენაესი ლიდერის 56 წლის მეორე ვაჟს დიდი ხანია „კარიბჭის მცველად“ მოიხსენიებენ.

მიუხედავად იმისა, რომ მას არასოდეს დაუკავებია ოფიციალური სახელმწიფო თანამდებობა, ახალგაზრდა ხამენეი ორი ათწლეული მამის ოფისის - ბეითის - წიაღში კოორდინაციას უწევდა სასულიერო ელიტასა და ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსს (IRGC) შორის ურთიერთობას.

ალი ხამენეიმ ერთხელ შინაური კრიტიკოსებიც კი გააფრთხილა, რომ მისი ვაჟისთვის მხოლოდ „აღა“, ანუ „ბატონი“ ეწოდებინათ.

2005 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებულმა კანდიდატმა, მეჰდი ქარუბიმ, ალი ხამენეი დაადანაშაულა იმაში, რომ საარჩევნო კამპანიის დროს თავის ვაჟს, მოჯთაბა, მხარს უჭერდა კანდიდატ მოჰამად ბაღერ ღალიბაფის სასარგებლოდ.

ქარუბიმ მოგვიანებით გაიხსენა, რომ როცა ერთ-ერთმა გავლენიანმა პირმა ალი ხამენეის უთხრა:

„თქვენო აღმატებულებავ, თქვენი შვილი არჩევნებში ამა და ამ კანდიდატს უჭერსო მხარს“, ხამენეიმ უპასუხა: „ის ბატონია და არა უბრალოდ ბატონის შვილი.“

ეს ფრაზა იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მოჯთაბა ხამენეის სახელი ირანის პოლიტიკაში გამოჩნდა არა მხოლოდ, როგორც უზენაესი ლიდერის ერთ-ერთი ვაჟი, არამედ, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა.

ახლა კი, მას შემდეგ, რაც ექსპერტთა ასამბლეამ ისლამური რესპუბლიკის უზენაეს ლიდერად აირჩია, იგი ოფიციალურად იქცა ქვეყნის მყიფე ძალაუფლების სისტემის ცენტრალურ ფიგურად.

ითვლება, რომ მოჯთაბა ხამენეის მხარს უჭერს IRGC, ხოლო მისი არჩევა ხელისუფლების უწყვეტობის ნიშნად აღიქმება. მისი მხარდამჭერები ამბობენ, რომ უსაფრთხოების სტრუქტურებთან მისი მჭიდრო კავშირი მას ყველაზე შესაფერის კანდიდატად აქცევს ქვეყანაში წესრიგის შესანარჩუნებლად აქტიური კონფლიქტის პირობებში.

კრიტიკოსები „მემკვიდრეობით მმართველობაზე“ საუბრობენ

თუმცა მისმა დაწინაურებამ შესაძლოა ძლიერი შიდა უკმაყოფილება გამოიწვიოს, მათ შორის ისლამური რესპუბლიკის ძირითადი მხარდამჭერების ნაწილშიც. კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ „მემკვიდრეობითი" მმართველობისკენ გადადგმული ნაბიჯი ეწინააღმდეგება 1979 წლის ისლამური რევოლუციის ანტიმონარქიულ იდეებს.

„ის ფაქტი, რომ მამას შვილი ცვლის, გარეგნულად მონარქიას ჰგავს“, - უთხრა 2024 წელს ჟენევის უმაღლესი სასწავლებლის მკვლევარმა ფარზან საბეტმა რადიო თავისუფლებას.

ექსპერტთა ასამბლეის ერთ-ერთი წევრი 2024 წელს ამტკიცებდა, რომ თავად ალი ხამენეი კერძო საუბრებში ეწინააღმდეგებოდა იდეას, რომ მის ადგილას მისი ვაჟი მოსულიყო.

დამატებითი დავის საგანია ასევე მოჯთაბა ხამენეის შედარებით დაბალი სასულიერო წოდება - ჰოჯათოლესლამი. მიუხედავად ამისა, ირანის სასულიერო სემინარიებთან დაკავშირებული ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტო მას 2022 წლიდან უკვე აიათოლად მოიხსენიებს - ტიტულად, რომელიც ჩვეულებრივ მაღალი რანგის სასულიერო პირებს ენიჭებათ.

2022 წელს ირანის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მირ ჰოსეინ მუსავიმ, რომელიც 2011 წლიდან შინაპატიმრობაში იმყოფება, განაცხადა, რომ ალი ხამენეი საკუთარ ვაჟს ძალაუფლების გადასაცემად ამზადებდა - რაც ფაქტობრივად აღადგენდა იმ მემკვიდრეობით მმართველობას, რომლის დასრულებაც 1979 წლის რევოლუციას სურდა.

„ნუთუ 2500 წლის დინასტიები დაბრუნდა, რომ მამას ხელისუფლებაში შვილი ცვლიდეს?“ - დაწერა მან.

ამ კრიტიკის საპასუხოდ ექსპერტთა ასამბლეამ განაცხადა, რომ უზენაესი ლიდერის დანიშვნა ეფუძნება „დამსახურებაზე დაფუძნებულ არჩევანს“.

ბოლო წლებში გამოქვეყნებულმა გამოძიებებმა, მათ შორის Bloomberg-ის მიერ იანვრის ბოლოს გამოქვეყნებულმა ანგარიშმა, აღწერა მოჯთაბა ხამენეისთან დაკავშირებული ფართო და საიდუმლო უძრავი ქონების პორტფელი. ის 2019 წლიდან აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება.

ამ ანგარიშების მიხედვით, მან შუამავლებისა და ფიქციური კომპანიების გამოყენებით წარმატებით შეინარჩუნა და გააფართოვა ძვირადღირებული აქტივების გლობალური ქსელი.

მოჯთაბა ხამენეის მეუღლე, ზაჰრა ჰადად ადელი, ასევე დაიღუპა იმავე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმის დროს, რომელმაც მისი მამამთილი, უზენაესი ლიდერი იმსხვერპლა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG