18 აგვისტოს, "ქართული ოცნების" მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საწვავის გატანა კომპანია "სოლიდუსმა" მმართველ გუნდთან შეათანხმა და აშკარა იყო სარგებელი "მათ შორის - ნდობის აღდგენის კუთხით“.
კობახიძემ ასევე დააზუსტა, რომ ამ მომენტისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში უკვე შეტანილია 680 ტონა საწვავი და "მომდევნო დღეების განმავლობაში დაგეგმილია დამატებითი საწვავის ტრანსპორტირება აფხაზეთის მიმართულებით", რაც დეფიციტს ამოავსებს.
680 ლიტრის გატანა რადიო თავისუფლებასთან "სოლიდუსის" ხელმძღვანელმა, გიორგი არველაძემაც დაადასტურა. კომპანია პროცესის გასაგრძელებლად მუშაობს.
მთავრობამ განაცხადა, რომ კომპანია „სოლიდუსს“ საწვავის შეტანის უფლება ჰქონდა, რადგან ის „სპეციალური საწარმოს“ სტატუსით არის აღჭურვილი.
საწვავის შეტანამდე, „სოლიდუსი“ აფხაზეთში სხვა საქონლითაც ვაჭრობდა. როგორც არველაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას - წლიური ბრუნვა საშუალოდ 1.5 მილიონ ლარს შეადგენდა და ზოგჯერ 2 მილიონ ლარსაც აღწევდა.
- რატომ ატყდა ხმაური მაინცდამაინც საწვავზე?
- რა ვიცით - აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიასთან ვაჭრობაზე?
ოპოზიციური პარტია “ახლის” პოლიტსაბჭოს წევრი, საკრებულოს ყოფილი წევრი - მაია კალანდია ერთ-ერთია მათ შორის, ვინც 14 აგვისტოს, ღამით - ენგურის ხიდისკენ მიმავალ ბენზინმზიდებს დაედევნა და ფეისბუკლაივშიც გავიდა. სავარაუდოდ, ეს იყო მეორე პარტია საწვავისა, რომელიც კომპანია “სოლიდუსმა” ბოლო დღეებში აფხაზეთში გაიტანა.
“რომ დავინახე, ტელეფონის ჩართვაც გამიჭირდა, ლაივში გასვლაც გამიჭირდა და ეს ხმაზეც მეტყობოდა… მე და მარიამ სიჭინავამ ეს იმიტომ კი არ გადავიღეთ, რომ ვინმეს რაიმე ინტერესი ჰქონდა აფხაზების - იმ [ოკუპირებულ] ტერიტორიაზე, სადაც მე ჩემი დეიდაშვილი უკანასკნელ გზაზე ვერ გამიცილებია და დას ძმა ვერ გაუცილებია - ეს ე.წ. ხელისუფლება ვითომ ეხმარება მათ”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მაია კალანდია. მისი დეიდაშვილი რამდენიმე დღის წინ, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში დაასაფლავეს და მიცვალებული საკუთარმა დამაც კი ვერ დაიტირა - არ შეუშვეს. ოტობაია მაია კალანდიას დედულეთია.
ზოგადად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, სხვა ბევრის მსგავსად, აფხაზებთან ნდობის აღდგენას საშურ საქმედ მიიჩნევს და თვლის, რომ ახლა, რუსეთის დასუსტების პირობებში, ამისათვის ძალიან კარგი დროა - უბრალოდ, ეეჭვება, რომ, “ქართული ოცნების” მთავრობის ნებართვით, საწვავი ოკუპირებულ ტერიტორიაზე აფხაზებზე ზრუნვის მიზნით შევიდა.
კალანდიას აქვს ორი ვერსია, რომ შესაძლოა, ეს საწვავი გამიზნულია რუსეთის უკანონო სამხედრო ბაზისთვის; ანდა - საწვავი ფსოუს გავლით - რუსეთში გავიდა. ამ ვერსიებს, ოპოზიციონერებისა და აქტივისტების გარდა, სოციალურ ქსელებშიც სხვებიც განიხილავენ.
“პირადად მწერდნენ, მათ შორის - აფხაზები - რატომ გადაიღეთ ეს ყველაფერი [ენგურისკენ მოძრავი ბენზინმზიდების ვიდეო] - ეს შესაძლებელია გახდეს აფხაზეთში უკრაინული დრონების შემოსვლის [დაბომბვის] მიზეზიო. ბევრ აფხაზთან მაქვს ურთიერთობა - გარკვეული პერიოდი აფხაზეთის ენჯეო [არასამთავრობო] სექტორში ვიმუშავე. მათ ეშინიათ და ლეგიტიმური შიშია ეს”, - მაია კალანდიას თქმით, შიში ეფუძნება სცენარს, რომ თუკი ტვირთი ფსოუს საზღვარს გადალახავს და უკრაინელები შეამჩნევენ - აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორია “რუსეთის საცეცების გამო” ლეგიტიმური სამიზნე შეიძლება გახდეს.
ამის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია უკრაინულ მხარეს. “ქართული ოცნების” ხელისუფლება კი - აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნებს უკავშირებს.
„ჩვენ ყოველთვის ისეთ ნაბიჯებს გადავდგამთ, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის“, “ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აღდგეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და მოვახერხოთ აფხაზებთან თანაცხოვრება”, - განაცხადა “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 17 აგვისტოს. მისივე თქმით, ხელისუფლების გადაწყვეტილებები „ოკუპაციის შესახებ“ კანონს არ არღვევს, ხოლო ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია - იმოქმედოს კანონის ფარგლებში.
„ქართული ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 12 აგვისტოს ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბენზინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე არა სახელმწიფომ, არამედ ბიზნესმა კანონიერად შეიტანა.
„ჩვენ თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ გავაკეთებთ „ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში“ - ესეც კობახიძის სიტყვებია.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ჯემალ გამახარიას უკვირს - რატომ მოჰყვა ამხელა ამბავი ბენზინის აფხაზეთში შეტანას, მაშინ, როცა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიასთან სავაჭრო კავშირები აქამდე არასოდეს გამხდარა საკამათო თემა.
“ვფიქრობ, ძალიან კარგი საქმე გაკეთდა - როცა ჩვენი მოსახლეობა იქ იტანჯება [საწვავის დეფიციტით] და აქედან გავუწოდეთ ხელი - ეს ასე უნდა იყოს… ელექტროენერგიას ხომ ვაძლევთ ენგურჰესიდან?! [თუკი საწვავი სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტია] ელექტროენერგია არ არის სტრატეგიული მნიშვნელობის?!” - გამახარია გვეუბნება, რომ რუსეთის სამხედრო ბაზას “საწვავი არ აკლია და ჩვენი დახმარება მათ არ სჭირდებათ”; ხოლო თუკი შეტანილ საწვავს, ვთქვათ, რუსი სამხედროების ოჯახებიც მოიხმარენ, გამახარია სვამს შეკითხვას - “და ისინი ელექტროენერგიას არ იყენებენ?! ოკუპანტები არ იყენებენ?!” და თავადვე პასუხობს - “რა თქმა უნდა, იყენებენ”.
"ენგურჰესის" გამომუშავება 3,5 მლრდ კვტ.სთ.-ია (დადგმული სიმძლავრე 1300 მგვტ). გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% აფხაზეთში მიდის, ხოლო 60%-ს დანარჩენი საქართველო იღებს. ზოგიერთი ექსპერტი მონაცემების ანალიზით ვარაუდობს, რომ ბოლო წლებში აფხაზეთი რეალურად 40%-ზე ბევრად მეტს მოიხმარს.
ვაჭრობა აფხაზეთთან
კომპანია "სოლიდუსის" ხელმძღვანელმა გიორგი არველაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საწვავის შეტანამდე, ოკუპირებულ ტერიტორიასთან სხვა საქონლითაც ვაჭრობდნენ და წლიური ბრუნვა საშუალოდ 1.5-1.7 მილიონ ლარს შეადგენდა და ზოგჯერ 2 მილიონ ლარსაც აღწევდა.
საკვები და აგრარული პროდუქტები, ხორცპროდუქტები, თევზი, შოკოლადი , ავტომანქანის ზეთები - საქართველოში წარმოებულის გარდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმპორტირებული პროდუქტიც შეჰქონდათ:
"ჩვენ მხოლოდ ისეთ პროდუქტს ვყიდულობთ, რაც უკვე მოქცეულია საქართველოს საგადასახადო ზონაში - ანუ განბაჟებულია, ყველა გადასახადი გადახდილია და მხოლოდ [ამის] შემდეგ შეგვიძლია გატანა - როგორც ერთი რეგიონიდან მეორე რეგიონში".
აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიასა და საქართველოს დარჩენილ ნაწილს შორის ვაჭრობის სტატისტიკა საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის და მას არც ჯემალ გამახარია არ იცნობს.
შეკითხვით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსაც მივმართეთ. პასუხები ჯერჯერობით არ მიგვიღია.
საჯარო წყაროებით ზოგადი სურათი იქმნება:
- აფხაზეთიდან ძირითადად თხილი, ციტრუსი და სხვა აგროპროდუქცია გადმოდის;
- ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიაზე ძირითადად საკვები, მედიკამენტები, ჰიგიენურ საშუალებები და ტანსაცმელი შედის.
ხშირად ლაპარაკობენ ოკუპირებული ტერიტორიიდან შემოსულ უაქციზო სიგარეტზე - რომელიც ზუგდიდში, სიიაფის გამო, დიდი პოპულარობით სარგებლობს.
2025 წელს, აფხაზეთში მოქმედმა ომის ვეტერანთა კავშირმა - “აარუამ” გაახმაურა ფაქტი, რომ - იქაურმა “სოფლის მეურნეობის სამინისტრომ” საქართველოსგან ორი წლის განმავლობაში 42 მილიონი რუბლის (430 ათასი დოლარი) ნერგები შეიძინა. “ოპოზიციურმა” ორგანიზაციამ მაშინ ისიც თქვა, რომ 2023 წლის მაისში აფხაზეთის მაშინდელმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ „ცალმხრივად გახსნა აფხაზეთის საბაჟო საზღვრები ქართული საქონლის ფართო ასორტიმენტისთვის“.
სამთავრობო პროგრამის შესრულების ბოლო ანგარიშის თანახმად, რომელიც ირაკლი კობახიძემ სადავო პარლამენტში 2026 წლის ივნისში წარადგინა, სამშვიდობო ინიციატივის - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ - ფარგლებში მოქმედმა ფონდმა [„მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“], 2025 წელს, მეექვსე საგრანტო კონკურსში „ოკუპირებული რეგიონებიდან მიიღო 62 კვალიფიციური ბიზნეს-განაცხადი, საიდანაც დაფინანსდა 18 ერთობლივი ქართულ-აფხაზური/ქართულ-ოსური ბიზნესინიციატივა“.
ჯემალ გამახარია გვეუბნება, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან დიდი გამოხმაურება იყო და “ასობით პროექტი“ დაფინანსდა - ძირითადად ვაჭრობაზე ორიენტირებული - „უპირატესობა ერთობლივ საწარმოებს ენიჭებოდა“; „ზოგმა ააწყო ბიზნესი, ზოგმა ვერ ააწყო“.
როგორ ხდება ანგარიშსწორება ბიზნესში - მაშინ, როცა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორია თავს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ თვლის?
გამახარია დეტალებზე არ ლაპარაკობს, თუმცა გვეუბნება, რომ ვაჭრობის პროცესში დიდ როლს ასრულებს სტატუსნეიტრალური დოკუმენტები და ადასტურებს ინფორმაციას, რომ, მაგალითად, ქართულ პასპორტებს ბევრი იღებს და მათ შორის - ოკუპირებული რეგიონის “მაღალჩინოსნების” არაერთ ნათესავსაც აქვს.
“შერიგებისა და ჩართულობის” პოლიტიკის წყალობით - ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებლებს უკვე წლებია, თბილისი უფასო ჯანდაცვისა და განათლების პროგრამებსაც სთავაზობს. სხვადასხვა წყაროს თანახმად, თბილისში სამკურნალოდ დე ფაქტო პოლიტიკური ლიდერები და მათი ოჯახის წევრებიც ჩამოდიან.
2025 წლის მიწურულს, ოკუპირებულ აფხაზეთში ლაპარაკი დაიწყეს მანამდე გასაიდუმლოებული პროექტის - ენგურის სატრანზიტო ჰაბის შექმნის შესახებ, რაც მიზნად ისახავს სატრანსპორტო დერეფნის შექმნას, რუსეთთან მესამე ქვეყნების ვაჭრობის მხარდასაჭერად.
გასული წლის დეკემბერში ითქვა, რომ ახლად აშენებული "საბაჟო ტერმინალი" თითქმის მზად არის ტვირთების გასატარებლად და დარჩა ტექნიკური აღჭურვა. "მსოფლიო ხალხთა ასამბლეის" ხელმძღვანელმა ოკუპირებულ აფხაზეთში - ასტამურ ახსალბამ განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, პროექტი „სასიცოცხლოდ აუცილებელი“ გახდა სტრატეგიული პარტნიორი - რუსეთისთვის" და ახალი პროექტის იდეაც მაშინ დაიბადა.
"ჩვენ არავითარ ე.წ. სახელმწიფო საზღვარს არ ვაღიარებთ, ეს არის სრული სიყალბე, აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან ამაზე ვერ იქნება საუბარი”, - ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე - პროექტში თბილისის ჩართვასთან დაკავშირებულ ვარაუდებს.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ 17 აგვისტოს გვითხრა - რომ ეს პროექტი სრულიად უკანონოა და მას განხორციელება არ უწერია.
2010 წელს, მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმდა შეთანხმება საბაჟო სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ. ეს დოკუმენტი გულისხმობს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების გაადვილებას, საბაჟო დოკუმენტების ბეჭდებისა და ლუქების ურთიერთაღიარებასა და ასევე - სპეციალიზებული საბაჟო ორგანოს შექმნის შესაძლებლობას მეორე მხარის ტერიტორიაზე.
რუსეთის ხელისუფლება ყოველთვის აღნიშნავს, რომ მზად არის ხელი შეუწყოს მოსკოვის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიაირებული რეგიონების - აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" - და საქართველოს დაახლოებიის, შერიგების პროცესს; თუმცა მუდმივად ხაზს უსვამს, რომ ეს დაახლოება მხოლოდ სამ დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის წარმოუდგენია.
გალში კვლავ დეფიციტია
აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეტანილი ბენზინის გამო, ეჭვები მის რაოდენობასთან დაკავშირებულმა განსხვავებულმა ცნობებმა გააჩინა.
- „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “აფხაზეთში ბიზნესის მიერ გაგზავნილი ტვირთი 3 ათასი ტონაა”;
- იმავე პერიოდში, კომპანია „სოლიდუსი“ ოკუპირებულ აფხაზეთში, ჯამში - მხოლოდ 300 ტონა საწვავის შეტანას ადასტურებდა; მოგვიანებით - 400 ტონაც დადასტურდა;
- 18 აგვისტოს კი გაირკვა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკვე 680 ლიტრი საწვავია შეტანილი.
გიორგი არველაძემ რადიო თავისუფლებას 18 აგვისტოს უთხრა, რომ - 3 ათას ტონასთან დაკავშირებულმა ცრუ ინფორმაციამ მათ "დათვური სამსახური" გაუწია, რადგან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცრუ მოლოდინები გააჩინა, რაც შემდეგ იმედგაცრუებას იწვევს.
თავდაპირველად "სოლიდუსი" ავრცელებდა ინფორმაციას, რომ - საწვავი გალის რაიონის მკვიდრთათვის იყო განკუთვნილი. მოგვიანებით - განცხადებებში გეოგრაფიული არეალი გაფართოვდა და გალის რაიონს ოჩამჩირე და ტყვარჩელიც დაემატა.
რა ხდება ოკუპირებულ გალში?
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, გალში კვლავ რჩება გაძვირებული ბენზინის დეფიციტი და მოსახლეობას გრძელ რიგებში უწევს დგომა.
ადგილობრივებიდან ზოგი ამბობს, რომ - თბილისის ნებართვით შეტანილმა საწვავმა მათ გარკვეული შეღავათი მისცა, რადგან - ბენზინი ლიმიტირებულად მაინც შეხვდათ, მაგრამ ამან რთული ვითარება ვერ შეცვალა.
სხვა დაკვირვებით - ოკუპირებულ ტერიტორიაზე თბილისის ნებართვით შეტანილ ბენზინს "მეგრელებს არავინ აძლევს" და ბენზინი "სოხუმისკენ აფხაზებთან" მიდის. როგორც გალის ერთ-ერთი მკვიდრი ამბობს რადიო თავისუფლებასთან - ბენზინგასამართ სადგურზე ერთი ლიტრი გაორმაგებულ ფასად - 160 რუბლად [თითქმის 5 ლარი] იყიდება.
15 აგვისტოს ვიდეომიმართვაში, როდესაც ადგილობრივებს საწვავის გაძვირების შესახებ ამცნო, აფხაზეთის „ენერგეტიკის მინისტრს“ - ბატალ მუშბა ამბობდა, რომ „ალტერნატიული არხების“ სიძვირის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის ფასი ლიტრზე 110 რუბლი [3.41 ლარი] გახდებოდა.
მას ამ მიმართვაში არ უხსენებია არც გალის რაიონი და არც ქართული მხარე - როგორც საწვავის მიმწოდებელი "ალტერნატიული გზა".
ოპოზიციონერმა მაია კალანდიამ აღმოაჩინა, რომ საწვავთან დაკავშირებით მის ლაივჩართვას, ფეისბუკზე - აფხაზი „მინისტრიც“ უყურებდა.
11 აგვისტოს ბატალ მუშბამ „პრეზიდენტთან“ გამართულ თათბირზე თქვა, რომ აფხაზეთში 1 500 ტონა ბენზინი იყო დარჩენილი. ასევე მისი ინფორმაციით, რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში, 11 აგვისტოს, 1 000 ტონა საწვავი შევიდა და მართალია, მომარაგება არ წყდება, მაგრამ, რთული საგარეო ფაქტორების გამო, ძველებურად დიდი პარტიების მიღება შეუძლებელია.
„საწვავი პირველ რიგში შემოდის რესპუბლიკის საჭიროებებისთვის, მაგრამ მომხმარებლები ასევე არიან რუსი ტურისტები, რომლებიც ისვენებენ აქ და არჩევენ ჩვენს მიმართულებას თავიანთი საზაფხულო დროის გასატარებლად“, - განაცხადა ბატალ მუშბამ 14 აგვისტოს, ადგილობრივი მედიის სატელევიზიო ეთერში - როდესაც რუსეთიდან საწვავის იმპორტის სიძნელეებზე ლაპარაკობდა.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან შესული ტურისტები, როგორც წესი, არღვევენ კანონს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. მათი დიდი ნაწილი წელს აფხაზეთისკენ ყირიმიდან, უკრაინული დრონების თავდასხმის საფრთხეებსა და იმავე ბენზინის დეფიციტს გაექცა
კიდევ გავა საწვავი?
„საქართველომ შეწყვიტა ბენზინის მიწოდება აფხაზეთში“ - რუსულ გამოცემებში ამ და მსგავსი სათაურებით ათეულობით სტატია იძებნება მას შემდეგ, რაც 15 აგვისტოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორმა „რეპსოლმა“ გაახმაურა გადაწყვეტილება - „სოლიდუსთან“ სამომავლო თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ.
“აღნიშნული მიწოდება იყო სახელშეკრულებო ვალდებულების ფარგლებში და დამატებით მიწოდებას შპს სოლოდუსზე აღარ ვგეგმავთ,” - დაწერა „რეპსოლმა“ ფეისბუკზე მანამდე გამოქვეყნებული თავისივე განცხადების კომენტარების ველში. მანამდე გამოქვეყნებულ ტექსტში კი ეწერა, რომ - შეძენილი ნავთობპროდუქტების შემდგომ რეალიზებასთან დაკავშირებულ საკითხს კომპანიები მასთან არ ათანხმებენ, თუმცა მაინც აღნიშნავდა, რომ - „სოლიდუსს“, სპეციალური თანხმობით, პროდუქციის ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანის უფლება აქვს.
შპს “რეპსოლის” ძირითადი საქმიანობა ნავთობპროდუქტების იმპორტი და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციაა. ქართულ ბაზარზე "რეპსოლს" “ქონექთის” ბრენდის 140-ზე მეტი ბენზინგასამართი სადგური აქვს. სოციალურ ქსელებში კომპანიას ბევრი ემუქრებოდა, რომ ავტომობილში მათ საწვავს აღარ ჩაასხამდა.
რუსეთის მედია ვარაუდობს, რომ ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანია “რეპსოლის” უარი „საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისა და ოპოზიციის ნეგატიურმა რეაქციებმა“ განაპირობა. ხაზს უსვამენ ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებებს - საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შესახებ და მათსავე მოთხოვნებს - დაიწყოს გამოძიება პროცესში მონაწილე მხარეების წინააღმდეგ.
არაერთ რუსულენოვან სტატიაშია ნახსენები ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე, რომელმაც 16 აგვისტოს განაცხადა, რომ ““ოცნების” ხელისუფლება ოკუპანტ ქვეყანას მძიმე ვითარების განმუხტვაში ეხმარება, ორ ფრონტზე ბრძოლის სირთულეს უიოლებს და აფხაზეთში ჩარჩენილი რუსი ტურისტების გაყვანაში ეხმარება. აქედან ჩატანილ საწვავს აფხაზეთის ხელისუფლება ძალოვნებისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი სხვა სტრუქტურების მომარაგებისთვისაც იყენებს”.
კომპანია „სოლიდუსის“ ხელმძღვანელს - გიორგი არველაძეს არ უთქვამს, რომ, „რეპსოლის“ გადაწყვეტილების შემდეგ საწვავს აღარ შეიტანს ოკუპირებულ ტერიტორიაზე . 18 აგვისტოს მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ "მოლაპარაკებები მიმდინარეობს" სხვა კომპანიებთან და შემდგომი გეგმები მუშაობის ყოველდღიურ რეჟიმს მოითხოვს.
საწვავის შეტანის პროცესი რომ გაგრძელდება, 18 აგვისტოს ირაკლი კობახიძემაც დაადასტურა.
რამდენს მოიხმარს ოკუპირებული აფხაზეთი - ხალხი და რუსული ბაზა?
ვიდრე სოხუმი „ალტერნატიულ არხებს“ გახსნიდა და საწვავს თბილისის მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან მიიღებდა, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორია, მონოპოლიურ რეჟიმში, მხოლოდ რუსული "როსნეფტის" საწვავით მარაგდებოდა.
ივლისსა და აგვისტოშიც - პიკურ საკურორტო სეზონზე, ბენზინის მოხმარება 2–2.5-ჯერ იზრდება.
რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის სამინისტროს, რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის სამინისტროსა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ამავე პროფილის “სამინისტროებს” შორის გაფორმებული შეთანხმებით, 2026 წელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კვლავ შეღავათიან ფასად, უნდა შეეტანათ:
- საავტომობილო ბენზინი - 93 ათასი ტონა, ჯამში [სხვადასხვა ოქტანობის]
- დიზელის საწვავი - 30 ათასი ტონა
აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის “სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის” ოფიციალური წლიური ანგარიშების მიხედვით, რუსეთიდან 2024 წელს რეგიონში შეიტანეს:
- საავტომობილო ბენზინი - 82 ათასი ტონა
- დიზელის საწვავი - 21 ათასი ტონა
რა რაოდენობის ბენზინს მოიხმარს რუსეთის უკანონო სამხედრო ბაზა აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში? ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებულია.
გავრცელებული ინფორმაციით, ბაზას საწვავსა და სხვა საჭიროებებს პირდაპირ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აწვდის - თუმცა არავინ იცის რამდენად სტაბილურია ეს არხი ახლა, როდესაც უკრაინული დრონების ოპერაციების შედეგად - ბენზინის დეფიციტი რუსეთის არაერთ ოლქშია.
"ბაზები ჰგონიათ რომ ბორბლებზე დგას და აქეთ-იქით მოძრაობს. სრული აბსურდია ამაზე საუბარი. ნებისმიერ ბაზას თავისი მარაგი აქვს და ეს საწვავი მოიხმარება ძალიან იშვიათად, რადგან ბაზა არ არის მოძრავი ობიექტი, ის არის სტატიკური ობიექტი“, - თქვა 18 აგვისტოს ირაკლი კობახიძემ და დაამატა, რომ - ოპოზიციაში, მათ, ვინც ამ საკითხზე კრიტიკა გამოხატავს - „აქვთ ისტერიკა“.
18 აგვისტოს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ბრიფინგზე პარტიის წარმომადგენელმა ბესო შენგელიამ განაცხადა, რომ მათი ინფორმაციით, გადატანილი საწვავის „85% პირდაპირ საოკუპაციო ძალებთან მიდის“ და "მარაგდება უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართული სამხედრო სტრატეგიული ობიექტები“.
#7 სამხედრო ბაზის კონტინგენტი, სხვადასხვა ინფორმაციით, 3 000-დან 4 000-მდე სამხედრო მოსამსახურეს ითვლის. უკრაინაში შეჭრის შემდეგ, გარკვეული ცვლილებების ნიშნები ჩანდა, თუმცა ბაზის მასშტაბის შემცირების შესახებ ოფიციალური ცნობები არ გავრცელებულა.
რუსეთის არმიის პირად შემადგენლობასთან გათანაბრებული ფართო უფლებებით სარგებლობენ მათი ოჯახების წევრებიც. სამხედრო სამსახურის შემდეგ, მათ აფხაზეთში ცხოვრების გაგრძელებაც შეუძლიათ. ბუნებრივია, მათ ჰყავთ პირადი მოხმარების ავტომობილებიც, რითიც სავარაუდოდ - რუსეთშიც გადადიან და შესაბამისად, ბენზინის ხარჯიც მცირე არ იქნება.
ფორუმი