ასეთ სცენას, მაისის ბოლოს, თბილისის ქუჩებში შეიძლება რამდენჯერმეც კი შეესწარით. სოციალურ ქსელებში მოზეიმე “ბოლო ზარის” არაერთი კოლონის ვიდეოკადრები რეგიონებიდანაც გავრცელდა. სკოლის დასრულების რამდენიმე ასეთი აღნიშვნა ავარიით დასრულდა. საბედნიეროდ, უმსხვერპლოდ.
თავად მე-12 კლასელები ამბობენ, რომ გართობის გარდა, ეს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და “ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის” გამოხატულებაცაა.
"უფრო ბიჭებს უნდათ და მოსწონთ ასეთი გართობა - მანქანებით სადმე წავიდნენ, “იგონკაონ” და “ბოლო ზარის” პერანგები აფრიალონ. თან ბევრს თავისი მანქანა ჰყავს, ძირითადად, სპორტული მანქანები, „მერსედესი“, “BMW”... სკოლის პერიოდში, ჩვენც დავყავართ ხოლმე სახლში, მაგრამ დღეს გოგოები არ ჩავუსხედით, მაინც "ბოლო ზარია", ემოციური დღეა, ერთმანეთს აჰყვებიან ხოლმე და შეგვეშინდა“, - უყვება რადიო თავისუფლებას ირინა თოფურია, რომელმაც სკოლა წელს დაამთავრა.
- ავარიების გამო შეგეშინდათ?
- დიახ, მაინც სიფრთხილე გამოვიჩინეთ.
“ჩემს ბოლო ზარზე ძალიან მაგარი მანქანით უნდა მივიდე!”, - ჯერ მხოლოდ 15 წლისაა, მაგრამ “ბოლო ზარის” ასე აღნიშვნა უნდა ლიკა ჩადუნელის დას, სოცქსელში ნანახი ერთ-ერთი ვიდეოს ნახვის შემდეგ.
“მოსწონს რასაც ხედავს, როგორ აღნიშნავენ ამ დღეს ბავშვები, მასაც იგივე უნდა და აქედანვე ემზადება, რომ “მაგარი” მანქანით მივიდეს”.
ლიკა იხსენებს, რომ 2013 წელს, როცა საქართველოს ერთ-ერთ პატარა ქალაქში სკოლა დაამთავრა, მასწავლებლებმა დამამთავრებელი კლასის ბავშვები გააფრთხილეს, რომ “ბოლო ზარზე” ავტომობილების კოლონებით არ ევლოთ და რადგან მათ გზაში პოლიცია გააჩერებდა.
“გვითხრეს, წესები გამკაცრებულიაო და ისიც მახსოვს, რომ იმ წელს, მართლა მორიგეობდნენ პატრულის მანქანები. არც ჩვენ გვივლია მანქანებით. "ბოლო ზარის" სცენარი შევცვალეთ და სხვანაირად აღვნიშნეთ”, - იხსენებს ის.
“ბოლო ზარის” აღნიშვნის საზეიმო ვიდეოებში, რომლებიც სოციალურ ქსელებში წელსაც გავრცელდა, ძვირადღირებული, სპორტული ავტომობილებით მოსიარულე მოსწავლეებსაც ნახავთ და ისეთებსაც, რომლებმაც ამ ამბავს იუმორით შეხედეს და “ბოლო ზარზე” “ტრაქტორით” ან სატვირთო მანქანის ძარაზე შემომსხდარები მივიდნენ.
ერთ-ერთ ვიდეოში ისიც ჩანს, რომ ავტომობილების კოლონას საპატრულო პოლიციის მანქანა მოჰყვება.
ბოლო ერთ კვირაში “ბოლო ზარის” მანქანების ერთი კოლონა ტყვიავი-ძევერის გზაზე მოყვა ავარიაში. მკვეთრი დამუხრუჭების გამო ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა - აქ არავინ დაშავებულა. მეორე ავარია თელავში, სოფელ წინანდალთან მოხდა - რამდენიმე ბავშვი და ერთი მშობელი დაშავდა. კიდევ ერთი ავარიის ამბავი 21 მაისს გავრცელდა - ამჯერად გურჯაანში, სოფელ ვაჩნაძიანთან ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა. ხუთი ადამიანი დაშავდა. ავარიაში მოყოლილ ავტომობილში მე-12 კლასელები არ მსხდარან. შსს-ში გვითხრეს, რომ ეს მანქანა "ბოლო ზართან" კავშირში არ ყოფილა, თუმცა ადგილობრივი მედიის ცნობით, ავარია მაშინ მოხდა, როცა ცენტრალურ მაგისტრალზე სოფელ ახაშენის სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეები, მათი მშობლები და გულშემატკივრები გადაადგილდებოდნენ.
რადიო თავისუფლებას რამდენიმე მეთორმეტეკლასელი უყვება, რომ ბიჭები ხშირად ცდილობენ “მაგარი მანქანები” თავიანთ სამეგობრო-საახლობლოში ითხოვონ ან სულაც იქირაონ.
“ვინ როგორი მანქანით მოვა, მაგას ყველა უყურებს ხოლმე”.
“ძაან ქულ ხარ, თუ ეგეთი მანქანით მიხვალ”.
“რა მოხდა, ვერთობით და ფოტოებს ვიღებთ, დასამახსოვრებელი დღე რომ გახდეს”.
თუმცა ბოლო ერთი კვირაში მომხდარმა რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევამ, რომელშიც სწორედ “ბოლო ზარის” ავტოკოლონები მოხვდნენ, ისევ გააჩინა კითხვები
- რამდენად უსაფრთხოა ეს გართობა?
- თუ მაინცდამაინც ასე უნდათ აღნიშვნა, პოლიცია ხომ არ უნდა მიჰყვებოდეს ასეთ კოლონებს?
- ეგებ, რამე წესებია შემოსაღები, რომ ტრაგედია არ მოხდეს?
- და საერთოდ, რამ უნდა შეამციროს ფატალური შედეგით დასრულებული ავარიების მზარდი სტატისტიკა?
“ცვლილებები საჭიროა. ზოგ შემთხვევაში, მკაცრი ცვლილებებიც”, - ამბობენ ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების ექსპერტები.
"ბოლო ზარი“, რომელიც შეიძლება ბოლო აღმოჩნდეს
“სწორედ ამ დღეებში ვფიქრობდი, “ბოლო ზარიც” როგორ სიმბოლური სიტყვაა, მართლა შეიძლება ბოლო იყოს თუ რამე არ შეიცვალა”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გელა კვაშილავა, ტრანსპორტის და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში გაეროს პროექტების ექსპერტი.
მისი თქმით, საფრთხის შესახებ იციან მშობლებმა, იცის პოლიციამ, იცის სკოლამ და განათლების სამინისტრომ, მაგრამ სულ იგივე მეორდება. ამიტომ, პირველი, რაც ექსპერტის აზრით, უნდა მოგვარდეს, ახალბედა მძღოლების კონტროლია.
რა იგულისხმება კონტროლში? მისი თქმით, ეს ის შემთხვევაა, როცა სიტყვა “კონტროლმა” არ უნდა შეგვაშინოს, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება საბედისწერო შეცდომების თავიდან აცილება:
“როგორც ეს ხდება ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში. იზეიმონ, მაგრამ, წესები უნდა დაიცვან. იქ, ყველა ახალბედა მძღოლი, მართვის მოწმობის აღებიდან პირველ ორ წელში განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ არის და მათ მიმართ შეზღუდვებიც არსებობს”.
ეს შეიძლება იყოს ღამით მართვის შეზღუდვა თუ მგზავრების რაოდენობის ლიმიტი, რაც არაერთი საერთაშორისო კვლევის თანახმად, მნიშვნელოვნად ამცირებს ახალბედა მძღოლების ავარიებს.
ეს კვლევა კი პირდაპირ ამბობს, რომ ახალბედა მძღოლები, პირველ წლებში, ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან და ამიტომ, მათთვის მოქმედებს „გამოსაცდელი პერიოდი“, შეზღუდვებით და ზედამხედველობით.
“შესაძლოა, ერთ-ერთი გამოსავალი იყოს მართვის მოწმობის ასაკის აწევა 17-დან 18 წლამდე. მართალია, ჩვენთან არც “ახალბედა მძღოლის” ცნება არსებობს და არც მათი მონიტორინგი, მაგრამ იქნებ, თუნდაც ნასვამ მდგომარეობაში მართვის შემთხვევაში იყოს მათ მიმართ უფრო მკაცრი სასჯელი - უფრო ხანგრძლივად მართვის უფლების შეჩერება”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ირაკლი იზორიამ, ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტმა.
მანვე გვითხრა, რომ საქართველოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების მაჩვენებლები 2.7-ჯერ მეტია ევროკავშირის ქვეყნებში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებზე.
გელა კვაშილავაც და ირაკლი იზორიაც ფიქრობენ, რომ საგზაო უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში, რომელიც ახლა იწერება, სახელმწიფომ ექსპერტების რამდენიმე რჩევა უნდა გაითვალისწინოს.
მათ შორის, სულ ცოტა სამი ცვლილება, რამაც, შესაძლოა, ავარიების სტატისტიკა შეამციროს.
სიჩქარის გადაჭარბებაზე მიბმული ქულათა სისტემა
გელა კვაშილავა გვეუბნება, რომ დღეს, საქართველოში მხოლოდ 60-მდე ადამიანს აქვს ჩამორთმეული მართვის მოწმობა ქულების ჩამოკლების მიზეზით, მაშინ როდესაც საქართველოში ასიათასობით მძღოლია.
ქულები მძღოლს მაშინ აკლდება, თუ მას საპატრულო ეკიპაჟი აჩერებს და აჯარიმებს. სხვა შემთხვევაში, როცა მძღოლი სიჩქარეს აჭარბებს, მას სათვალთვალო კამერები “აჯარიმებს” - მძღოლი ჯარიმას იხდის, თუმცა ქულები არ აკლდება. არც მართვის მოწმობის გარეშე დარჩენის საფრთხე ემუქრება.
“არადა, იცით, რომ ყველაზე მეტად მძღოლებს სწორედ მართვის მოწმობის ჩამორთმევის ეშინიათ? აქ კი, საშიში არაფერია. წავა და გადაიხდის ჯარიმას. ამიტომ მგონია აუცილებელი, რომ სიჩქარის გადაჭარბება ქულების სისტემაზე უნდა იყოს მიბმული. ფაქტია, რომ მხოლოდ დაჯარიმება არ მუშაობს”, - უთხრა გელა კვაშილავამ რადიო თავისუფლებას.
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, მძღოლის მართვის მოწმობას ყოველ კალენდარულ წელს ენიჭება 100 ქულა. წესების დარღვევისას (როცა მას პატრული აჯარიმებს) მოწმობას კონკრეტული ქულები აკლდება. თუ ქულები ნულამდე შემცირდა, მძღოლს მართვის უფლება უწყდება და მოუწევს გამოცდის ხელახლა ჩაბარება.
ტოლერანტული ზღვარი - +15 კილომეტრის შემცირება
ამ შეზღუდვის მნიშვნელობა განსაკუთრებით იზრდება ურბანულ სივრცეებში, სადაც ყველაზე მეტი ავარია ხდება. იქ ყველა კილომეტრი შეიძლება გადამწყვეტი იყოს”, - გვეუბნება გელა კვაშილავა.
“პატარა კვლევა ჩავატარეთ და გამოჩნდა, რომ როგორც წესი, მძღოლების 70% იყენებს ტოლერანტობის სიჩქარეს, +15 კილომეტრს იყენებს. თუ, მაგალითად, დაშვებულია 40კმ/სთ-თ გადაადგილება, ის აუცილებლად 53-54 კილომეტრ საათით დადის. ეს მაშინ, როცა კვლევების მიხედვით, ადამიანების 80% აქვს გადარჩენის შანსი, თუ მას 30 კილომეტრ საათით მოძრავი მანქანა ეჯახება. ხოლო 50 კმ/სთ-თ და უფრო სწრაფად მოძრავი ავტომობილის დაჯახების შემთხვევაში, გადარჩენის შანსი ნაკლებია”.
“მსგავსი ჩანაწერი დედამიწის ზურგზე არ არსებობს. სულ რამდენიმე ქვეყანას აქვს ეს ტოლერანტული სიჩქარე, იქაც +10 კილომეტრი ან ნაკლები და ისიც ავტობანებზე”, - გვეუბნება ირაკლი იზორიაც.
მისი თქმით, საქართველოში, ქალაქებში, დაშვებულია 60 კილომეტრ საათით მოძრაობა მაშინ, როცა ევროპაში, ასეთ ურბანულ ზონებში მაქსიმალური გადაადგილების სიჩქარე 50 კმ/სთ-ა.
გზებზე სიჩქარის ტოლერანტული ზღვარი არის დაშვებულ სიჩქარესა და ვიდეოკამერების ჯარიმის გააქტიურების რეალურ ზღვარს შორის სხვაობა
სასკოლო ზონების დაწესება: არაუმეტეს 30 კმ/სთ სიჩქარით - სკოლების ახლოს
რამდენიმე გამონაკლისის გარდა, საქართველოში არც ე.წ. სასკოლო ზონები არსებობს, სადაც, როგორც ირაკლი იზორია გვეუბნება, მაქსიმალური გადაადგილების სიჩქარე 30 კმ/სთ უნდა იყოს.
“ავტომობილების გადადგილებას სასკოლო ზონებშიც დავაკვირდით და ვნახეთ, რომ აქაც, ყველა მძღოლი მიდის ტოლერანტულ ზღვრამდე. თუ დაშვებული სიჩქარეა 40 კმ/სთ, თითქმის უკლებლივ ყველა გადის 53-54 კილომეტრ საათი სიჩქარით… საქართველოში ქვეითების გარდაცვალების ფაქტები სიჩქარის გადაჭარბებასთანაა კავშირში”.
საბედისწერო სტატისტიკა
წლიდან წლამდე საქართველოში, ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი არ იკლებს. მაგრამ საგანგაშო ის არის, რომ ავარიების უმეტესობა სრულდება მსხვერპლით ან ადამიანების დაშავებით.
2026 წლის პირველ სამ თვეში საქართველოში უკვე 664 ავარიაა მომხდარი - იანვრიდან მარტის ჩათვლით პერიოდში ამ მიზეზით დაღუპულია 92 და დაშავებული 989 ადამიანი.
რაც შეეხება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით (როცა ძირითადად საქმე ეხება წესების დარღვევას, ჯარიმას, ქულების დაკლებას), 2026 წლის იანვარი-მარტში სულ ასეთი 14 174 შემთხვევაა რეგისტრირებული.
- ყველაზე მეტი, 23 ადამიანი დაღუპულია სიჩქარის გადაჭარბების მიზეზით.
- ყველაზე მეტი, 306 ადამიანი კი დაშავდა შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლის ან გასწრების წესების დარღვევის გამო.
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის 10 ყველაზე ხშირად გამომწვევი სავარაუდო მიზეზი კი არის მოხვევის მანევრი; შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა; ქვეითის მიერ გადასასვლელით არასათანადო სარგებლობა; მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება; დისტანციის დაუცველობა; სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში და სხვა.
ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტები ფიქრობენ, რომ კანონში ცვლილებები 2027 წლის ბოლომდე მაინც უნდა შევიდეს.
"არ გვაქვს ამდენი ადამიანის დაკარგვის ფუფუნება", - ამბობს ირაკლი იზორია, რომლის აზრით, ავარიების ასეთ მაღალ სტატისტიკას დღეს ვეღარ უშველის ფრაგმენტული საინფორმაციო კამპანიები, - "საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტს, რომელიც ახლა მუშაობს სტრატეგიაზე, ყველა რეკომენდაცია გავუგზავნეთ და მათგან გამოხმაურებას ველით".
გელა კვაშილავა კი ამბობს, რომ ავარიები ყველგან ხდება და მოხდება, მთავარი ის არის, რომ ისინი საბედისწერო შედეგით არ სრულდებოდეს, როგორც ეს საქართველოში ხდება:
"და ამაზე სრულად პასუხისმგებელია სისტემა, სახელმწიფო”.